,,ზაზა სარალიძის მიმართ საბრალდებო დასკვნა, არასწორ ფორმულირებას შეიცავს”

ზაზა სარალიძის მიმართ საბრალდებო დასკვნა, არასწორ ფორმულირებას შეიცავს,- ამის შესახებ ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ რუსთავის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც სარალიძის საქმეზე სხდომა გაიმართა.

ადვოკატი მიესალმება, რომ სასამართლო სხდომაზე, პროკურატურამ სარალიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ მოითხოვა. “მივესალმებით პროკურატურის იმ

პოზიციას, რომ მათ არ გამოიყენეს აღკვეთის არც ერთი ღონისძიება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ზაზა სარალიძე არ არის დამნაშავე, ის არის მსხვერპლი. მას შეეზღუდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. რუსთაველზე მიმდინარე აქციებზე ის წვიმასა და ქარში იმყოფებოდა იმ ნივთების გარეშე, რაც აუცილებელია ასეთ დროს და წესით, მას აქვს ამის მოთხოვნის უფლება. მას შეეზღუდა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და სწორედ ამ გარემოებამ მოგვიყვანა სასამართლოში. დაზარალებული მხარე გვყავს ბრალდებულის სტატუსით. ეს არ არის ის გარემოება, რომელსაც უნდა შევეგუოთ. ჩვენ ვამბობთ, რომ საბრალდებო დასკვნა შეიცავს არასწორ ფორმულირებას. დასკვნაში წერია, რომ დაზიანება მიყენებულია ბლაგვი საგნით. ჩვენ ვიხილეთ ის ვიდეო და იქ არ არის ბლაგვი საგნით ზიანის მიყენება”,- განაცხადა ლონდარიძემ.

შეგახსენებთ, რომ პოლიციელზე თავდასხმის გამო ზაზა სარალიძე 26 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე დააკავეს. ინციდენტის დროს ზაზა სარალიძემ პოლიციელს ჯოხი ჩაარტყა. დაპირისპირების მიზეზი გახდა ის, რომ სარალიძეს პარლამენტთან კარვის გაშლის უფლება არ მისცეს. სარალიძეს ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სარალიძეს 4-დან 7-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის ვიცე-მერი გეგა შენგელია გახდა
შემდეგი სტატიაარჩევნების მეორე ტურის თარიღი ცესკო-მ 17 ნოემბრამდე უნდა დაასახელოს