ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორთან, შალვა თადუმაძესთან შეხვედრას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ სარალიძემ სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, თადუმაძე მას დაპირდა შეხვედრას, მას შემდეგ კი, რამდენიმე თვე გავიდა და მასთან კომუნიკაციაზე არავინ გადის.

„როცა თადუმაძეს შევხვდი, დამპირდა, 2-3 კვირაში დაგიძახებ, შევხვდეთ და გავიაროთ ყველაფერიო, ის 2-3 კვირა კი 4-5 თვე გაიწელა. მოვითხოვ, პირადად მასთან შეხვედრას, ამ საქმის პროკურორების თანდასწრებით, რომ ჩამაყენოს საქმის კურსში.

ქალბატონი ეკა ბესელია გამოდის და ბრალდებებს აყენებს ჩემს წინაშე, დაზარალებული მხარე არ ესწრება პროცესებსო. როდის მერე გავხდი მხარე? ცოტა ტვინი დააყოლონ რა ბრალდებებს ისვრიან ჩემს წინააღმდეგ.

თადუმაძეს მოვთხოვ პირდაპირ, გააკეთოს განმარტება, რასაც ივანიშვილი, ბესელია, ოხანაშვილი, მდინარაძე და ისინი აცხადებენ, დაველოდოთ სააპელაციო და უზენაეს სასამართლოსო”, – აცხადებს სარალიძე.

ის უკმაყოფილოა ბრალდების მხარესთან კომუნიკაციის ნაკლებობით.

„პროკურორმა შიგნითაც მითხრა პროცესზე, რომ მორჩება დავილაპარაკოთო. სად არის? ალბათ, სათქმელი არაფერი აქვთ ჩემთან.

ისე გაიპარნენ, არაფერი გამიგია. რისთვის მაცდევინეს? პროკურატურა უნდა იყოს და ალბათ ასე წერია საქართველოს კოდექსშიც, რომ პროკურორი არის ჩემი წარმომადგენელი პროცესზე. საერთოდ კომუნიკაცია არ გამაჩნია მათთან, არაფერზე მაყენებენ საქმის კურსში. პროცესის დაწყებამდე ქალბატონი მეუბნება, მე ამ საქმის პროკურორი ვარ და არა სხვა საქმისო. რას ქვია ეს საქმე და სხვა საქმე? ანუ გაყალბებული საქმის პროკურორია, რომ ბოლომდე მიიყვანოს, როგორც თვითონ უნდათ? მასე სადაა?

მოვითხოვ თადუმაძისგან, გააკეთოს განმარტება, რომ სასამართლო და მოსამართლე არ არის უფლებამოსილი საქმეში ახალი ფიგურანტი შემოიყვანოს”, – დასძენს სარალიძე.

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს უფასო იურიდიული კონსულტაცია გაეწიათ(+ფოტო)
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – გამარჯვებამდე რამდენიმე საათი გვაშორებს