ზარქუამ ბადრი ჯაფარიძეს მიმართა – 19 აპრილის შეთანხმების პირობებს შორის იყო, რომ მთელი ოპოზიცია შემოსულიყავით პარლამენტში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით „ლელოს“ ლიდერის ბადრი ჯაფარიძის დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ირაკლი ზარქუა ამბობს, შეთანხმებით გათვალისწინებული პირობებიდან ერთ-ერთი იყო, რომ ოპოზიცია სრული შემადგენლობით შესულიყო პარლამენტში.

„ბადრის მინდა ვუთხრა, ამ 19 აპრილის შეთანხმების პირობა მათ შორის იყო, რომ მთელი ოპოზიცია შემოსულიყავით და აქ განგეხორციელებინათ თქვენი მანდატი. ჩემი კოლეგებისგან ოპოზიციიდან იმდენი ამბავი მოვისმინე, ზოგი სწორი, ზოგი არასწორი, ზოგი ნახევრად სიცრუე, რომ მინდა, ყველას გავცე პასუხი, მათ შორის დავიწყო ბატონი ბადრისგან. ბადრის მინდა ვუთხრა, თქვენ ახსენეთ 19 აპრილის შარლ მიშელის დოკუმენტი. ბატონო ბადრი, ამ 19 აპრილის შეთანხმების პირობა მათ შორის იყო, რომ მთელი ოპოზიცია შემოსულიყავით და აქ განგეხორციელებინათ თქვენი მანდატი. ამას არ ასრულებთ, უფრო მეტიც, თქვენმა კოლეგა ლიდერმა ხაზარაძემ საერთოდ უარი თქვა პარლამენტზე და გავიდა. შემდეგ მეორე – ჩაწერეთ იმ დოკუმენტში 43 პროცენტი, დაარქვით რეფერენდუმი და დამარცხდით საქართველოს მოსახლეობასთან. ბოლოს და ბოლოს ბატონო ბადრი, აგერ თქვენი მეზობლები რომ არიან, ცოტა ზემოთ რომ სხედან, გადაარქვეს ფრაქციას სახელი, რადგან აღარ არის აქტუალური. სხვა სახელი ჰქვია ახლა ფრაქციას და მგონი თქვენ ამ ყველაფერს გიმალავენ თუ რაშია საქმე, ვერ ვხვდები“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ირაკლი ზარქუამ შეაფასა ბადრი ჯაფარიძის კიდევ ერთი განცხადება, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოების მიერ ბიუჯეტის დამტკიცებას ეხებოდა.

„მე ვიყავი საკრებულოში 2017 წელს, დამხვდა იქ გარდამავალი წელი. ძველი მთავრობის მიერ შედგენილი ბიუჯეტი. შემდეგ, როცა შედგა ახალი საკრებულო, ჩვენ რა ცვლილებებიც გვქონდა, შევიტანეთ ეს ცვლილებები და ვინ გიშლით ხელს, ახლაც თუ უმრავლესობა გაქვთ. ასე რომ, შევეშვათ ამ სპეკულაციებს, არ არის ეს სწორი. აქცენტირებული იყავით მოსახლეობის იმ საჭიროებებზე, რაც განსაზღვრულია ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში. სხვათა შორის, მინდა გითხრათ, ამ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, რაც გვქონდა მთავრობის და პრემიერის ხელმძღვანელობით, მათ შორის გადაიხედება სოციალური მიმართულება და უფრო სამართლიანი გახდება. აქაც ველოდებით თქვენ გვერდში დგომას. სწორი, ადეკვატური შენიშვნების მიღებას. თუ გაქვთ, კრიტიკას, ეს მისაღებია. მათ შორის ძალიან მისასალმებელია საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაცია, რომელიც იწყება ახლა და ის უნდა გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოკომოტივი ეკონომიკის განვითარების. ასე რომ, სწორ რელსებზე მივდივართ ეკონომიკის კუთხით და ნუ ეცდებით, ისევ უკან გზების გადაკეტვა, რაღაც ქაოსი, დესტაბილიზაცია შექმნათ. ეს ხომ ნახეთ, ვისი ხელწერაც არის და სწორი ქენით, რომ გუშინ გაემიჯნეთ, არც ერთი თქვენგანი რომ არ იყავით სასამართლოზე. სწორია, ესე იგი, გონება გაგეხსნათ. ძალიან მიხარია და გისურვებთ წარმატებას“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

banner
წინა სტატიაში“სააკაშვილის გათავისუფლებას გადაწყვეტს არა ივანიშვილის სასამართლო, არამედ ქართველი ხალხი”
შემდეგი სტატიამდინარაძე: არაფერს არ შევასრულებთ და მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ შეასრულოს, თან 100%, ასე არ გამოვა