ზაალ უდუმაშვილი: დარწმუნებული ვარ ჩვენი ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ოღონდ მიიღებს ქვეყანა და არა ხელისუფლება

„დღეს ჩვენი ქვეყნის ხსნა არის ევროკავშირში, მაგრამ ქვეყნის და არა ხელისუფლების. ეს ორი რამ რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მე დარწმუნებული ვარ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ოღონდ მიიღებს ქვეყანა და არა ხელისუფლება. და ჩვენ ყველანი ერთად გავხდებით ევროპის დიდი ოჯახის წევრები“,- ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს, რომელსაც ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს უყენებს.

„რაც უფრო უახლოვდები ევროკავშირს, მით უფრო მაღალია ის სტანდარტები, რომელსაც ევროპული ოჯახი უყენებს კანდიდატი ქვეყნის ხელისუფლებას და ამ სტანდარტებს „ქართული ოცნება’ არა თუ არ აკმაყოფილებს, ახლოსაც ვერ მიდის. ეს სტანდარტები დღეს მოქმედებს მხოლოდ ერთ ქვეყანაში და ის ქვეყანა ევროკავშირის წევრი ნამდვილად არ არის.

იმის მაგივრად, რომ დღეს ხელისუფლება და ოპოზიცია პარლამენტში საგნობრივ დებატებს მართავდეს, ჩვენ იძულებული ვართ მთელი ენერგია და ძალა დავუთმოთ იმას, რომ როგორმე დავიხსნათ ტყვეობიდან პოლიტიკური პატიმრები. მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც პრაქტიკულად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა :ქართულმა ოცნებამ“ და ნიკა გვარამია, რომელიც სრულიად აბსურდული ბრალდებით გადაწყვიტეთ რომ დააკავოთ.

ისმის ერთადერთი შეკითხვა, ვინ იქნება შემდეგი. და ეს შემდეგი აუცილებლად იქნება, თუ ჩენ დროზე არ ვიმოქმედებთ. და ჩვენში ვგულისხმობ მთლიანად საზოგადოებას.

დღეს ჩვენს ქვეყანას გააჩნია უნიკალური შანსი, რომ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგათ ევროპისკენ და ეს ფანჯარა ყველამ უნდა გამოვიყენოთ. ყველას მოეთხოვება პასუხი იმისათვის, რომ ჩვენ რაღაც დავაკელით ამ გზაზე“,-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

პაატა მანჯგალაძე: „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი, რადგან ევროპაში ინტეგრაცია ნიშნავს უფრო მეტ დემოკრატიას, უფრო მეტ ანგარიშვალდებულებას და პასუხისმგებლობას ხალხის წინაშე

„რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე ძალიან კარგი იქნებოდა და კმაყოფილი ვიქნებოდი დღეს ამ ისტორიული შანსის პირობებში, როცა საქართველო ძალიან ახლოს არის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესზე, არ მიწევდეს საუბარი საქართველოს ხელისუფლების იმ ქმედებებზე, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს ევროპულ არჩევანს და პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღია ჰიბრიდულ ომშია ჩართული საკუთარ მოსახლეობასთან. დიახ, „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი, რადგან ევროპაში ინტეგრაცია ნიშნავს უფრო მეტ დემოკრატიას, უფრო მეტ ანგარიშვალდებულებას და პასუხისმგებლობას ხალხის წინაშე. თქვენ არ გჭირდებათ ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე იმიტომ, რომ ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა გაქვთ ერთი ადამიანის წინაშე“, – მიმართა „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ ჯგუფ „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების რეჟიმში გამოსვლისას.

მისი თქმით, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი ნიშნავს სოციალურ დახმარებაზე ნაკლებად დამოკიდებულ და უფრო მეტ ძლიერ ოჯახს, შესაბამისად, ნაკლები მანიპულაციის შესაძლებლობას არჩევნებზე, კრიმინალების ნაკლებ ჩართულობას საარჩევნო პროცესში.

„თქვენ არ გჭირდებათ ევროპაში ინტეგრაცია, იმიტომ რომ კრიმინალების გარეშე ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევთ საარჩევნო უბნებზე. თქვენ არ გჭირდებათ ევროპაში ინტეგრაცია, რადგან ძალიან კარგად გრძნობთ თავს ამ ვითარებაში – იღებთ ხელფასებს, პრემიებს, არის კორუფცია, იგებთ ტენდერებს დაკავშირებული „ქართულ ოცნებასთან“ ადამიანები. შესაბამისად ევროპა ამის შესაძლებლობას გამორიცხავს. ამიტომ თუ ვინმე იქცა მთავარ დაბრკოლებად ევროპული ინტეგრაციის გზაზე, არის „ქართული ოცნება“ და „ქართული ოცნების“ ლიდერები. და რაც უფრო იზრდება ეს პერსპექტივა, უფრო და უფრო მძიმე ხდება თქვენი განცხადებები. დერეფნებში კი არ აკეთებენ ანტიქართულ განცხადებებს. ანტიქართულ განცხადებებს აკეთებთ თქვენ, როცა ყველა იმ ადამის ევროპარლამენტიდან, რომელიც არის საქართველოს ლობისტი, საქართველოს გაწევრიანების ლობისტი, ლანძღავთ და იხსენიებთ როგორც საქართველოს მტრებს. აი ეს პროცესი ავნებს ევროინტეგრაციის პროცესს. გამიხარდებოდა, ამაზე კი არ ვსაუბრობდეთ პარლამენტი, იდეების კონკურენცია გვქონდეს – როგორ დავამარცხებდით სიღარიბეს, როგორ შევქმნიდით დამატებით სამუშაო ადგილებს, როგორ შემოვიტანდით უფრო მეტ ინვესტიციას, მაგრამ თქვენ ეს არ გჭირდებათ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ლევან ხაბეიშვილი: ცინიზმის მწვერვალია, როდესაც ნიკა გვარამიას ასამართლებთ იმის გამო, რომ მისი ოჯახის წევრი კერძო კომპანიის ავტომობილს მოიხმარდა, თქვენ კი მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული თანხებით სარგებლობთ და კაციშვილი არ დაგიკავებიათ

„თქვენ ასეთი პოლიტიკური მიდგომა გაქვთ – ზეთი გაძვირდა? არა უშავს, პრეზიდენტი სააკაშვილი მყავს ციხეში, საწვავი ღირს 4 ლარი? მერე რა, გვარამია ხომ დავიჭირე? ყველაფერს მიხედავთ, ოღონდ ხალხის პრობლემაზე და ხალხზე არ იფიქროთ“,-ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ცინიზმის მწვერვალია, როდესაც ნიკა გვარამიას ასამართლებთ იმის გამო, რომ მისი ოჯახის წევრი პირადი სარგებლობისთვის კერძო კომპანიის ავტომობილს მოიხმარდა და თუ ვინმეა დახელოვნებული, მათ შორის, საწვავის მოპარვაში და აუდიტის სამსახური წერს ხოლმე ამას, რომ 60 ლიტრიან ავზში 80 ლიტრ საწვავს ასხამენ ხოლმე მაღალი თანამდებობის პირები – ამისთვის დასჯილი ჯერ არ მინახავს. ასევე, ასი ათასობით ლარს რომ იხდით ახალ ავტოპარკში, ოღონდ მოსახლეობის თანხებით. თქვენ მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული თანხებით სარგებლობთ და კაციშვილი არ დაგიკავებიათ. პარლამენტარ ნინო წილოსანის მამასთან დაკავშირებით 65 მილიონიანი დავა რომ მიმდინარეობს, დამთავრდა? საზოგადოებას უთხარით, მართალია ეს კაცი თუ მტყუანია. ყოველ შემთხვევაში, პროკურატურა ამბობს, რომ 65 მილიონი ლარი მოიპარა და ამ დრომდე სასამართლო არ დასრულებულა, არ გამართლებულა ეს ადამიანი და არ უთქვამთ, რომ მართალია. ასევე, დეპუტატი ტურძელაზე, რომელიც ვაკის გამგებელი იყო. ტურძელაძეს, რომელიც ერთ-ერთ არჩევნებზე, ვაკის რაიონში „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელი იყო, „ქართული ოცნების“ ფული მოპარეს. გამოძიება დაიწყეს და ეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა. პარტიას ფული მოპარეს, ვაკის გამგებელი ადგა და მისი აქტივისტები რომ დაეკმაყოფილებინა, გამგეობიდან გამოყო სოციალური მუხლიდან თანხები და ჩაურიცხა. ეს კაცი დღეს პარლამენტში ზის. ამაზე კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს. ეს არ არის ორმაგი სტანდარტი? როდესაც მოსამართლეზე ვსაუბრობთ – ლაშა ჩხიკვაძე ხომ მიდიოდა ამერიკელების დაფინანსებით? გვარამიას საქმე, ასე ვთქვათ, რომ შეასრულა, ხომ აღარ მიდის? ეს ხომ შემდგარი ფაქტია? მინდა, ვუთხრა მოსამართლეებს, ნუ ჩაყვებიან პოლიტიკურ მოუსავლეთში „ქართულ ოცნებას“. კლანზე რატომ გწყინთ? ერთ მაგალითს მოგიყვანთ – მოსამართლე ირაკლი შენგელიას ცოლისძმაც სასამართლოში მუშაობს, დაც, დისშვილიც, დისშვილის მეუღლე – პარლამენტში და მისი ნათესავიც. მოსამართლე ილონა თოდუას მეუღლე სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში მუშაობს, დეიდაშვილი მოსამართლეა, მეორე დეიდაშვილიც სასამართლოში მუშაობს, ბიძაშვილი – აღსრულების ეროვნულ ბიუროში. კლანი მეტი რა არის, თუ არა ეს კონკრეტული ფაქტები. თქვენ ასეთი პოლიტიკური მიდგომა გაქვთ – ზეთი გაძვირდა? არა უშავს, პრეზიდენტი სააკაშვილი მყავს ციხეში. საწვავი ღირს 4 ლარი? მერე რა, გვარამია ხომ დავიჭირე? ხალხს კიდევ უფრო გაუჭირდა და ქვეყნიდან გარბის? ტყვეობის გარდა, ვკლავთ მესამე პრეზიდენტს. კმაყოფილები იყავით, პური არ გაქვთ, მაგრამ სანახაობა ხომ გაქვთ? ამიტომ, ნუ ინერვიულებთ – ეს მიდგომა ჩამოგიყალიბდათ წლების განმავლობაში. ყველაფერს მიხედავთ, ოღონდ ხალხის პრობლემაზე და ხალხზე არ იფიქროთ“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემები ციხეში განხორციელებული არადამიანური მოპყრობის შედეგია – საძაგლიშვილი
შემდეგი სტატიაკომუნიკაციების კომისიამ რადიომაუწყებლობის ლიცენზიის კონკურსები გამოაცხადა