ზაალ ანჯაფარიძე : „გახარიას პოლიტიკურ დისკრედიტაციაზე მუშაობს დღეს ნაცმოძრაობა რადგანაც, მასში მათთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს ხედავენ”

გაზეთ „ვერსიაში“ ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის ინტერვიუ დაიბეჭდა, რომელმაც შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების ფაქტორებზე საუბრობს. ანალიტიკოსმა განსაკუთრებით გამოჰყო ზუგდიდის არჩევნები, სადაც მისი განცხადებით გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შინაგან საქმეთა მინისტრ, გიორგი გახარიას მიუძღვის. ზაალ ანჯაფარიძის თქმით, ახლა ნაციონალური მოძრაობის მთელი პოლიტტექნოლოგიური რესურსი, გიორგი გახარიას დისკრედიტაციაზე მუშაობს, რადგან სწორედ მასში ხედავენ მთავარ საფრთხეს.

„ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდში სიტუაციის მაქსიმალური ესკალაციის მიმართულებით აქტიურად მუშაობდა, შესაბამისად, ამ გამარჯვებაში განსაკუთრებული როლი მიუძღვის შსს-ს და გიორგი გახარიას, რომელმაც დროულად გაანეიტრალა შესაძლო არეულობის შექმნის მცდელობები, რამაც „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება მოუტანა. რა თქმა უნდა, მას როგორც ყველა პოლიტიკოსს აქვს თავის მოწყვლადი წერტილებიც, მაგრამ რაოდენობრივად და თვისობრივადაც მისი ძლიერი მხარეები მოწყვლად მხარეებს აშკარად სჭარბობს.“ აცხადებს ანალიტიკოსი.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია არჩევნების დასრულებისთანავე ნაციონალურ მოძრაობის წევრებს შორის გაჩენილი აზრთა სხვადასხვაობა, ზაალ ანჯაფარიძის თქმით, ამაზე დიდი გავლენა სააკაშვილის ფაქტორმა მოახდინა, რომელსაც სანდრა რულოვსი განასახიერებდა.

„ეს აზრთა სხვადასხვაობა ძირითადად სანდრა რულოვსის ფაქტორს უკავშირდება, რომელიც ამ არჩევნებში ფაქტიურად მიხეილ სააკაშვილს განასახიერებდა. არჩევნებში წაგების შემდეგ საზოგადოებამ ტელეეკრანებიდან სულ სხვა სანდრა რულოვსი იხილა, რომელიც ძალიან განსხვავდებოდა იმ იმიჯისგან, რასაც იგი ასე რუდუნებით ძერწავდა წლების განმავლობაში. „ნაცმოძრაობის“ შიდა სამზარეულოზე საუბარი თუ რა ვერ გაიყვეს და რატომ ან რაზე ვერ შეთანხმდნენ, არჩევნების შემდეგ უკვე ნაკლებად საინტერესოა. თუ მაინც ფაქტორებზე ვისაუბრებთ, დიდი ალბათობით აქ ისევ სააკაშვილის ფაქტორის გავლენაზე უნდა ვისაუბროთ, რომელმაც ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზი რომ მოვახდინოთ, „ვერც ვერაფერი დაივიწყა და ვერც ვერაფერი ისწავლა” – განაცხადა ანალიტიკოსმა.

ზაალ ანჯაფარიძემ ნაციობნალური მოძრაობის ახალ სტრატეგიაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, მათთან აფილირებული მედიასაშუალებები ცდილობენ მოსახლეობაში შექმნან ისეთი განცდა თითქოს „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, სახელმწიფო ინსტიტუტები და მათ შორის პოლიცია დასუსტდა და ჩამოიშალა.

„ნაცმოძრაობის“ და მასთან ღიად თუ ფარულად აფილირებული მედიასაშუალებების სტრატეგია და ტაქტიკა პოლიტექნოლოგიური მეთოდებით მოსახლეობაში ისეთი განცდის შექმნაა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, სახელმწიფო ინსტიტუტები და მათ შორის პოლიცია დასუსტდა და ჩამოიშალა, რაც რა თქმა უნდა, შორს არის სინამდვილისგან. პრობლემები, შესაძლოა ყველა უწყებაში იყოს და ნებისმიერი ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებში შეიძლება ხარვეზების აღმოჩენა. მთავარია, რომ ხარვეზების აღმოსაფხვრელად მუშაობა მიდის და საჭიროა, მოსახლეობას ეს კარგად დაანახონ. აი ამ კუთხით ნამდვილად არის გარკვეული პრობლემები. შსს იმიტომაც არის გადაქცეული დარტყმის მთავარ სამიზნედ, რომ მას ხელმძღვანელობს გახარია, რომლის პოლიტიკურ დისკრედიტაციაზეც მუშაობს დღეს ნაცმოძრაობის მთელი პოლიტტექნოლოგიური რესურსი, რადგანაც, როგორც მოგახსენეთ, მასში მათთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს ხედავენ.” – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშიზაალ ანჯაფარიძე : „ზუგდიდში გიორგი გახარიამ გაანეიტრალა არეულობის შექმნის მცდელობები, რამაც „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება მოუტანა”
შემდეგი სტატიაკახა კალაძე : შშმ პირთა საკითხებზე მუშაობა თბილისის მერიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს