ზაალ ანჯაფარიძე : „ზუგდიდში გიორგი გახარიამ გაანეიტრალა არეულობის შექმნის მცდელობები, რამაც „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება მოუტანა”

დღეს, გაზეთ „ვერსიაში“ გამოქვეყნდა ინტერვიუ ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძესთან. ანალიტიკოსმა შუალედური არჩევნების გარშემო მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები შეაფასა. ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, ზოგადად „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში მთავარი როლი შეასრულეს სწორად შერჩეულმა კანდიდატებმა. ანალიტიკოსმა ზუგდიდის არჩევნებიც შეაფასა, სადაც მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში მთავარი წვლილი გიორგი გახარიას მიუძღვის.

„ქართული ოცნება“ არ აჰყვა იმ თამაშის წესებს, რის თავზე მოხვევასაც ცდილობდა ოპოზიცია, რომელიც ძირითადად ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს და მათთან აფილირებული ჯგუფების სახით იყო წარმოდგენილი და, რა თქმა უნდა, თავის როლი შეასრულეს სწორად შერჩეულმა კანდიდატებმა, რომლებიც მისაღები აღმოჩნდნენ ელექტორატის უმრავლესობისათვის. ჩვენი ამომრჩევლის კიდევ ერთი თავისებურება ის არის, რომ ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს პიროვნულ ფაქტორს და პიროვნების ღირსებებს. ასე რომ, ამ და სხვა ფაქტორებმა ერთობლიობაში განაპირობა „ქართული ოცნების“ გამარჯვება.“ – აცხადებს ანალიტიკოსი.

რაც შეეხება ზუგდიდს, ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ნაციონალური მოძრაობა სიტუაციის ესკალაციას ცდილობდა, თუმცა გიორგი გახარიამ ისინი დროულად გაანეიტრალა, რამაც ქართულ ოცნებას გამარჯვება მოუტანა.

„როდესაც გიორგი გახარიამ აქტიურად შემოაბიჯა პოლიტიკაში, მან მაშინვე დატოვა შთაბეჭდილება პოლიტიკური ფიგურის, რომელსაც აქვს საკუთარი სხვებისგან განსხვავებული, მე ვიტყოდი ქართული პოლიტიკური კლიშეებისგან განსხვავებული უნიკალური ხელწერა და ამის არაერთი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ მინისტრს, რომელსაც შეუძლია კრიზისული სიტუაციების მენეჯმენტი ისე როგორც გახარიას. მაგალითად, ისევ შეგვიძლია ზუგდიდის არჩევნები მოვიყვანოთ. ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდში სიტუაციის მაქსიმალური ესკალაციის მიმართულებით აქტიურად მუშაობდა, შესაბამისად, ამ გამარჯვებაში განსაკუთრებული როლი მიუძღვის შსს-ს და გიორგი გახარიას, რომელმაც დროულად გაანეიტრალა შესაძლო არეულობის შექმნის მცდელობები, რამაც „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება მოუტანა. რა თქმა უნდა, მას როგორც ყველა პოლიტიკოსს აქვს თავის მოწყვლადი წერტილებიც, მაგრამ რაოდენობრივად და თვისობრივადაც მისი ძლიერი მხარეები მოწყვლად მხარეებს აშკარად სჭარბობს.”- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.“

banner
წინა სტატიაშიშევეცდებით, 100 000 ხელმოწერა შევაგროვოთ, რომ პარლამენტი იძულებული გახდეს, მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას – რულოვსი
შემდეგი სტატიაზაალ ანჯაფარიძე : „გახარიას პოლიტიკურ დისკრედიტაციაზე მუშაობს დღეს ნაცმოძრაობა რადგანაც, მასში მათთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს ხედავენ”