ვოლსკი: პანსიონში რაიმე გადახრა თუ არსებობდა, ამის წინააღმდეგ პირველმა უნდა გაილაშქროს ეკლესიამ

ნინოწმინდის პანსიონში რაიმე გადახრა თუ არსებობდა, ამის წინააღმდეგ პირველმა უნდა გაილაშქროს და გაილაშქრებს კიდეც ეკლესია, რომლის ყველა პრინციპს ეწინააღმდეგება ძალადობა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

დეპუტატის შეფასებით, საჭიროა საკითხის მშვიდად და ადამიანური მიდგომით მოგვარება და არა ისტერიკით.

„თითოეულ პედაგოგს მადლობას ვუხდი, ვინც ოჯახურ სითბოსა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს პატრონობა გაუწია. რაიმე გადახრა თუ არსებობდა, ამის წინააღმდეგ პირველმა უნდა გაილაშქროს და გაილაშქრებს კიდეც ეკლესია, რომლის ყველა პრინციპს ეწინააღმდეგება ძალადობა, განსაკუთრებით, ბავშვებზე ძალადობა, თუ ასეთი იყო დაშვებული. ის სკანდალური და ისტერიკული პოზიცია, რაც ეკლესიის წინააღმდეგ ახლა მიმდინარეობს, მიუთითებს იმაზე, რომ ვინმეს სიმართლის დადგენა კი არ უნდა, პირიქით – ეკლესიისთვის ზიანის მიყენება. რაც შეეხება ბავშვებს, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ისინი მცირე ოჯახური ტიპის გარემოში მოვახვედროთ, თუ არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ბიოლოგიურ ოჯახს დავუბრუნოთ. მადლობა უნდა ვუთხრათ ყველას, მეუფე სპირიდონსაც, თავისი თავდადების გამო და ყველა სასულიერო პირს, ვინც ამ ხნის განმავლობაში ბავშვებს კეთილსინდისიერად და სიყვარულით ემსახურებოდა.

ცალკეული გადახრა, თუ ეს დაშვებულ იყო, არის ყველას საზრუნავი, მაგრამ აქ განსხვავებულობა არ უნდა იყოს, სახალხო დამცველს, სახელმწიფოსა და ეკლესიის წარმომადგენელს ერთი პოზიცია უნდა ჰქონდეთ – ბავშვის ინტერესები. ხომ არ შეიძლება, ყოველ დღე ამ ბავშვებს დავკიოდეთ, რომ თქვენ იყავით გესტაპოს გაუსაძლის პირობებში, როცა შეიძლება ასეთი რეალობა ერთი-ორი ეპიზოდი იყო?! ეს ბავშვებზე ხომ მოქმედებს?! ფსიქოლოგებს დაელაპარაკეთ, მათ შორის სახალხო დამცველი, საეკლესიო პირები. ამ საქმის გარშემო ისტერიკას ვტეხთ მაშინ, როცა შესაძლებელია ნორმალური, ადამიანური ურთიერთობით რაღაც საკითხის გადაწყვეტა, თუნდაც ბავშვის უფლების დაცვა. ამ გზით უნდა ვიაროთ და არა ისტერიკის, რომელიც შეიძლება პოლიტიკურ მიზანსაც ემსახურება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისაწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ყოველდღიური სამომხმარებლო პროდუქტების ფასების მატების შეჩერებისათვის – დამენია
შემდეგი სტატიამეუფე იაკობი: მე არასდროს მითქვამს, რომ არ შემოვუშვებ სახალხო დამცველს