ვლადიმერ პაპავას მხარდამჭერი პროფესორები შიმშილობას დროებით წყვეტენ

თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პოფესორის, იზოლდა ჭილაძის განცხადებით, ვლადიმერ პაპავას მხარდამჭერი პროფესორები, შიმშილობას დროებით წყვეტენ.

ჭილაძის განმარტებით, 5 პროფესორი, რომელიც ვლადიმერ პაპავას მხარს უჭერდა, შიმშილობას წყვეტენ, რადგანაც თსუ-ს სტუდენტების ორივე მხარემ პირველი კორპუსი დატოვა და სასწავლო პროცესი აღდგა.

“დროებით ვწყვეტთ შიმშილობას, რადგანაც სტუდენტების ორივე მხარემ დატოვა პირველი კორპუსი და დაიწყეს თანამშრომლობა. შიმშილობა იმიტომ დავიწყეთ, რადგან არ შეიძლება რექტორი გადადგეს. გადადგომა არაფერს არ შველის, ეს პირიქით ამძიმებს პროცესებს, დიდი ალბათობაა, რომ შემდგომ ქაოსური პროცესები განვითარდეს. მაშინ, როდესაც ჯერ არ არის კანცლერი არჩეული, რექტორიც თუ გადადგება, აღარც რექტორი გვეყოლება, თვითმართველობასაც ვადა გასდის თვენახევარში, ასევე, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები მოდის და მას რა მოჰყვება არავინ არ იცის, შემოდგომაზე ყველა უნივერსიტეტი, მათ შორის, თსუ-ც აკრედიტაციას გადის, მაშასადამე, ჯავახიშვილში მიღებაც შეწყდება, ეს პროცესები ჩაიშლება და დაიწყება უნივერსიტეტის ნგრევა”,- აღნიშნა ჭილაძემ “პირველ პრესკლუბში.

რაც შეეხება ე.წ. ოდეერს, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პოფესორის განცხადებით, გამოძიება უნდა დაიწყოს.

“გამოძიება უნდა დაიწყოს, თუ ვის გულისხმობენ ე.წ. ოდეერში. თუ ოდეერში ესენი რუსეთის აგენტურას გულისხმობენ – გამოსაძიებელია; თუ გულისხმობენ კანონიერად დაშვებულ უსაფრთხოების სამსახურის მუშაკს, ის უნდა არსებობდეს, მაგრამ როგორც ჩანს, არ არის ეს კანონიერად და თვითონ უნივერსიტეტმა უნდა მოითხოვოს გამოძიება”,- განმარტა იზოლდა ჭილაძემ.

banner
წინა სტატიაშირას გულისხმობს ახალი საპენსიო რეფორმა
შემდეგი სტატია“მეტრო პლიუსს” ფოთის მერის ძმა ლობირებს