ვითარება დავით გარეჯში – ”პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები” შს მინისტრს პარლამენტში იბარებს

დავით გარეჯში განვითარებულ მოვლენები – პარლამენტის ფრაქცია ”პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების” წევრი ემზარ კვიციანი შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში დაბარებას ითხოვს. ემზარ კვიციანის თქმით, შექმნილ ვითარებაზე პასუხები კითხვებს, გიორგი გახარიამ უნდა გასცეს.

„ფაქტი ერთია, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გადმოკვეთეს საზღვარი და პასუხი არავინ არ გასცა. მე მაინტერესებს, რა წესდებით ხელმძღვანელობენ დღევანდელი ჩვენი მესაზღვრეები, რატო ხდება ეს? ხომ არ არის რამე ფარული, ზურგს უკან გარიგება მათთან. თუ ეს ასე ხდება, ესე იგი ჩვენთვის ეს ტერიტორიაც დაკარგული იქნება მალე. ამიტომ ვფიქრობ, რომ დავუძახოთ ან შინაგან საქმეთა მინისტრს, ან სასაზღვრო დეპარტამენტი ჰქვია თუ რა ჰქვია, მაგის ხელმძღვანელს, რომ აგვიხსნას, რა ხდება იქ“ – აცხადებს ემზარ კვიციანი.

არსებული პრობლემის გათვალისწინებით, სპეციალური კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე.

„მთავრობა ირწმუნება რომ პრობლემა მოგვარებულია, მაგრამ გააჩნია, რა აზრს დებენ მოგვარებაში. ჩვენ რომ ვზარალდებით და ტერიტორიას და ისტორიულ ძეგლებს ვკარგავთ, ეს აშკარაა. ამიტომაც, სწორედ პარლამენტის მიერ, საგანგებოდ და სასწრაფო შექმნილმა კომისიამ, ცხადია სპეციალისტების ჩართვით, უნდა დაადგინოს ისტორიული საზღვარი და ამ პროექტის საფუძველზე მთავრობამ უნდა იზრუნოს სადემარკაციო ხაზის გასავლებად“ – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

დავით გარეჯში, აღდგომის ტაძართან მისასვლელი გზა მომლოცველებისა და ტურისტებისთვის დროებით გახსნილია. თუმცა არ არის გამორიცხული გზა აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა 5 მაისი შემდეგ ისევ ჩაკეტონ.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ პეკინში იმყოფებოდა
შემდეგი სტატიაეკა ბესელიას საკანონდებლო ინიციატივის განხილვას ხმაური მოჰყვა