ეკა ბესელიას საკანონდებლო ინიციატივის განხილვას ხმაური მოჰყვა

მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმები და წესი – დეპუტატ ეკა ბესელიას საკანონდებლო ინიციატივის განხილვას პარლამენტში ხმაური მოჰყვა.

საპარლამენტო უმრავლესობაში, ყოფილი თანაგუნდელის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს კვლავ არაკონსტიტუციურს უწოდებენ. ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები კი ამბობენ, რომ მმართველი გუნდი ამ წინადადების იგნორირებით მოსამართლეთა კლანის ინტერესებს იცავს.

„ტრადიციად იქცა, რომ ყველა სხდომა იწყება რეგლამენტის დარღვევით. მე მინდა, სხდომის თავმჯდომარეს შევახსენო, რომ რეგლამენტის 94-ე მუხლი, რომელიც პოლიტიკური განცხადებების ნაწილია, წერია, რომ პოლიტიკური განცხადებები იწყება მას შემდეგ, რაც დღის წესრიგი მტკიცდება სხდომაზე. დღის წესრიგი სხდომაზე არ დაგვიმტკიცებია. კენჭისყრა ჩატარდეს, რომ პარლამენტმა გამოხატოს პოზიცია, ის პროექტი არის პირველი მოსმენით და ვიდრე მესამე მოსმენა მოხდება, მესამე მოსმენამდე განიხილოთ ის კანონპროექტი, რომელიც არის ერთობლივად მომზადებული,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

დეპუტატ გედევან ფოფხაძის განცხადებით, მმართველ გუნდს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცება მიმდინარე კვირაში უნდა, რაც ფოფხაძის შეფასებით, სასამართლოს ხელისუფლების შპს-დ გადაქცევას ნიშნავს.

„დღეს გამოკვეთილი სახელისუფლებო პოზიცია არის კლანის ხელში სასამართლო სისტემის დატოვება და სასამართლოს გადაქცევა ჩვეულებრივ შპს-დ, რომლის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი იქნება სასამართლოში დაბუდებული კლანი. ამ პროცესს თუ ჩვენ ყველა ერთად არ აღვუდგებით, ეს მერე ნებისმიერ ჩვენგანს წინ დახვდება,“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით მმართველ პარტიას „ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარიაც აკრიტიკებს. დეპუტატის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ჯგუფი ცდილობს სასამართლო სისტემის ხელში ჩაგდებას.

„ჩვენ არავითარ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის პატარა დაჯგუფებას არ უნდა მივცეთ უფლება, რომ ამხელა მონაპოვარი დადგეს საფრთხის ქვეშ. დღეს, თქვენ, როდესაც შემოგყავთ პრეზიდენტი საშინელი არჩევნებით არჩეული, გამოგყავთ პრემიერი, რომელიც არაფერს არ წყვეტს პარლამენტში და გამოდის პარლამენტის თავმჯდომარე, რომელსაც ამ კვირაშივე უნდა, რომ მესამე მოსმენით ძალით გაათრიოს ის სასამართლო კანონი, რომელიც ასამარებს ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას, ეს არ არის ის ფასეულობები, რომელზეც დგას ევროპა,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშივითარება დავით გარეჯში – ”პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები” შს მინისტრს პარლამენტში იბარებს
შემდეგი სტატიაძალოვან სტრუქტურები აღარ არიან დაკავებული სახელმწიფო უსაფრთხოების საქმიანობთ – ჭიჭინაძე დავით გარეჯის შესახებ