(Video) როცა მდინარაძე ,,თბილისოზე” ბოლო ხმაზე გაჰკიოდა , რუსი ოკუპანტები ატოცს ღობავდნენ

რუსი ოკუპანტები ატოცს ღობავენ და სადაცაა ცენტრალურ მაგისტრალზე გამოვლენ. აზერბაიჯანმა დავით გარეჯი წაიღო, ჰუჯაბის მიმდებარე ტერიტორიას სომხეთი აკონტროლებს. ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლება, ასეთი პრობლემები რომ ჰქონოდა, საგანგებო მდგომარეობაზე გადავიდოდა.

საქართველოს ხელისუფლებაც საგანგებო მდგომარეობაზე გადავიდა, ოღონდ თავისებურზე.

საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრები, წესით გარეჯსა და ატოცში უნდა იყვნენ დღედაღამე, მაგრამ მათ გადაწყვიტეს დარდი სომხურ კონიაკში ჩაეხრჩოთ და ერევანში წავიდნენ ,,საძიგძიგოდ”.

ერევანში დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმისშვილის ქორწილი იყო. ენზელ მკოიანი მრავალპარტია გამონაცვალი და მრავალსკანდალში გახვეული კაცია. ბოლო სკანდალი სექსუალური ხასიათისაა. მას სექსუალურ შევიწროვებაში სდებენ ბრალს.

ჩვენს კანონმდებლებს რუსული ოკუპაცია არ აფერხებთ და სექსუალური სახის ძალადობა ამასთან რა მოსატანია, ამიტომ როგორც კი მკოიანმა ქორწილში დაპატიჟა, ეგრევე გაქანდნენ ერევანში.

სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენმა კანონმდებლებმა იქ კარგად მოილხინეს. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ერევნის რესტორანში „თბილისო“ დააგუგუნა.

ირაკლი კობახიძე, ბექა ოდიშარია და ენზელ მკოიანი ბედნიერი სახეებით შეჰყურებდნენ ამღერებულ კოლეგას.

მკოიანის ძმას აწი თავისუფლად შეუძლია თქვას, რომ ჩემი შვილის ქორწილში მუსიკოსებად საქართველოს პარლამენტის წევრები მყავდა მოწვეულიო.

მტრის ჯინაზე კარგად მოილხინეს ქართველმა კანონმდებლებმა ერევანში. და ალბათ არცერთ მათგანს არ გახსენებია არც ატოცი, არც გარეჯი და არც ხუჯაბი.

არც ის გახსენებიათ, რომ სომხეთის პარლამენტის წევრი შირაქ ტოროსიანი ოფიციალურად აცხადებს, რომ თუ საქართველო ნატოს წევრი გახდება, ჯავახეთი დამოუკიდებლობას გამოაცხადებს.

ახლა ვიღაც იტყვის, ქორწილია და რა დროს ეგ იყოო. არადა ისეთი ამბებია საქართველოში, მმართველი პარტიის წევრებს სხვა ქვეყანაში დროისატარებლად ნამდვილად არ უნდა მოეცალათ.

ამათ მოიცალეს, ეგღა აკლიათ რუსული ოკუპაციის გამო თავი ჯავრს შეაჭმევინონ. ჯავრი სომხური კონიაკით ჩაახშეს.

სხვა ქვეყანაში ამ ადამიანებს სამშობლოში დაბრუნებისას სირცხვილის დერეფანს მოუწყობდნენ. მაგრამ, „ოცნების“ დისკოს მოცეკვავეებს არც ამის შერცხვებოდათ. ამის გამო რამე უხერხულობა რომ ჰქონოდათ, არც წავიდოდნენ საქეიფოდ.

სამწუხაროდ საზოგადოებაც გაგებით მოეკიდება დეპუტატების ,,ძიგძიგს” ერევანში. ჩვენ ხომ ის ერი ვართ, დუბაიში რომ დავდიოდით სავაჭროდ აფხაზეთში ომი როცა მიდიოდა.

სოხუმი რომ სისხლისგან იცლებოდა, იმ დღეებში თბილისში რესტორნები სავსე იყო. მართალია სულ რამდენიმე რესტორანი იყო, მაგრამ ყველა გადაივსო. ეტყობა მაშინაც დარდს ახშობდნენ ღვინოში.

ანალოგიური სიტუაცია იყო აგვისტოს ომის დროს. მაშინ როცა უპატრონოდ დაყრილ ქართველი სამხედროების ცხედრებს ძაღლები და ღორები ჯიჯგნიდნენ,. თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე რესტორნებში ნემსი არ ჩავარდებოდა. მუსიკაც ბოლო ხმაზე ღრიალებდა. და სულ არ ადარდებდათ, რომ ვიღაც იმ მომენტში სამშობლოსთვის კვდებოდა.

აი, ასეთები ვართ და დეპუტატებიც ასეთები გვყავს. ომმა და ქართველების ჟლეტამ ვერ გაგვიქრო წინა წლებში საქეიფო განწყობა და ატოცის შემოღობვის გამო იტყოდნენ ქართველი კანონმდებლები ერევანში დროსტარებაზე უარს.

პ.ს..

კარგი სვეს და კარგი ჭამეს სომხეთის დედაქალაქში ქართველმა კანონმდებლებმა. და როცა ისინი მდინარაძის „თბილისოზე“ ბოლო ხმაზე გაჰკიოდნენ, ვინ იცის საქართველოში შიმშილისგან განაწამები რამდენი ადამიანი ვერ იძინებდა.

 

ავტორი : შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიხაზარაძის ადვოკატები „მუქარის წერილის“ დედანს პროკურატურას დღეს გადასცემენ
შემდეგი სტატიაბერძნული მედიის ცნობით, ქართველებმა 74 წლის მამაკაცი აწამეს