„ვერ აგისხნით რა ბედნიერებაა, მარტომყოფთან შენიანი რომ მოვა და ქართულად გეტყვის – გამარჯობა“

ინტერვიუში, რომლის პირველი ნაწილი, სათაურით – „რა ბედი ელის სომხეთის მიტაცებულ ჰუჯაბის ეკლესიას?!“ „თაიმერმა“ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, მთავარანგელოზის სახელობის მონასტრის წინამძღვარი წითელ ხიდზე, მღვდელ-მონაზონი, მამა ანდრია (ორმოცაძე), გვესაუბრება იმ უმძიმეს ვითარებაზე რასაც ადგილი აქვს საქართველო-სომხეთის, საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლში: „რა უცნაური მოვლენაა. მინდორი ქართველებისაა, ტყეში შესულიც, ხოლო მინდორში შემოსული ტყე სომხების. ხვალ რომ ამ მინდორზე ხეები ამოვიდეს (და ამოვა) საზღვარი გადმოიწევს. მესაზღვრეებმა მითხრეს, რომ ზოგან მდინარეზე გადის საზღვარი, მდინარე რომ ადიდდება, ასეთ დროს რა უნდა ვქნათ, ვერ წარმომიდგენია“, – აცხადებს ჩვენთან საუბრისას მამა ანდრია. მისივე თქმით: „პატარა ტაძარი აშენდა მეუფე გიორგის ლოცვა-კურთხევით, ტაძართან ახლოს არის უძველესი, მეცამეტე საუკუნის პირველ ნახევარში აშენებული ჰუჯაბის ეკლესია. 1901 წელს აქ ჩამოსახლდნენ რუსი მონაზვნები და 1935 წლამდე ცხოვრობდნენ. ეს ის პერიოდია, როცა ქვეყანაში ანტიქრისტიანული პროოპაგანდა მიმდინარეობდა, ამ დროს დაარბიეს მონასტერი, ბერ-მონაზვნები გამოყარეს. მათ უახლოეს სოფელს შეაფარეს თავი, პირვანდელი ქრისტიანებივით ცხოვრობდნენ, სახლებში ცხოვრობდნენ, ლოცვას ატარებდნენ. როდესაც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია დაარსდა, მისმა უსამღვდელოესობამ, მეუფე გიორგიმ, ცოცხალი ჯაჭვი რომ არ გაწყვეტილიტო, დაარსდა ტაძარი. გარდა ამისა ეს ტაძარი, მგონია არის წინაპირობა ჩვენი ჰუჯაბში დაბრუნებისა“.
ყველაზე მთავარი, რაც ძალიან გულდასაწყვეტია, მამა ანდრიას განცხადებით:
_ მრევლის ამ კუთხეში ჩამოსვლა არის მნიშვნელოვანი. აქ ქართველობა უმცირესობაშია და ამიტომ თითოეული ქართველის მობრძანება ძალიან დიდი სიხარულია. შეიძლება დღეები გავიდეს ისე, რომ ქართული სიტყვა ვერ გაიგო, როცა ხედავ მოდის მრევლი, ეს გაძლევს ძალას, იმედს, რომ ქართველს ახსოვს აქაურობა, უფრო მეტი სურვილი გაქვს ბოლომდე დაიხარჯო. თითოეული ადამიანი სიხარული, ძალა და ენერგიაა.
_ როგორ ფიქრობთ, აქ რომ ქართველობას სახელმწიფომ დასახლების ნება მისცეს, მიწა მისცეს დასამუშავებლად, წამოვლენ? დიდი სიამოვნებით დავსახლდებოდი აქ და ვაწარმოებდი მეურნეობას, მაგრამ მე ამის ფინანსური საშუალება არა მაქვს. ვისაც ფული აქვს, ის მარნეულში მიწის დასამუშავებლად ჩამოვა? ფაქტია, არავინ ჩამოსულა, სოფლები ცარიელია.
_ სხვის მაგალითზე ვერ გეტყვით, საკუთარ მაგალითს მოგახსენებთ: მე ამ ეპარქიაში ცხოვრება არ დამიწყია, თავიდან ვცხოვრობდი ძამის ხეობაში, რუის-ურბნისის ეპარქიაში და როდესაც ეს ეპარქია ეპარქიდ იქნა გამორჩეული და მღვდელმთავრად იქნა მეუფე გიორგი დადგენილი, მეუფე გიორგის ლოცვა-კურთხევით გადმოვედი ეპარქიაში. როდესაც ვნახე არსებული მდგომარეობა, სინდისმა არ მომცა საშუალება, წავსულიყავი და მეცხოვრა უკეთესობაში.
_ რას გულისხმობთ უკეთესობაში?
_ ქართული სიტყვის მოსმენას!! მაგრამ აქ სამშობლო გვეკარგება, ყოველდღიურად ქართველების გადინება ხდება, ჩვენ თუ არ დავდექით აქ, სხვა ვინ დადგება? ჩვენ თუ არ შევინარჩუნეთ ეს მიწა, სხვა ვინ გააკეთებს ამას?!
_ მესაზღვრეებმა მითხრეს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ სვანებისთვის მიუციათ აქ საცხოვრებელი ადგილები, თუმცა ისიც მითხრეს, რომ მათ კლდეებში გამოუყვეს საცხოვრებელი ადგილი, სადაც დასამუშავებელი მიწა არ იყო და სვანები წავიდნენ, არ დარჩნენ.
_ სამწუხაროდ, ეს არ ვიცი, თუმცა მე პირადად არა ერთ ქართველს ვიცნობ, რომელსაც სახლი რომ ჰქონდეს აქ და სახელმწიფოსგან თანადგომა, აუცილებლად ჩამოვლენ.
_ აქ იმდენი ცარიელი სახლია.
_ ცარიელი პირობითადაა, ყველა სახლს ჰყავს პატრონი, ვიღაცის სახელზეა რეგისტრირებული, ამიტომ სახელმწიფოს ნება სჭირდება, სახლის პატრონი დააკმაყოფილოს. გავიმეორებ, ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც წამოვა აქ, დაამუშავებს მიწას და მთელი წელი თუ არა, გარკვეული პერიოდი იცხოვრებენ, სიცოცხლე დაეტყობა აქაურობას, დღეს კი ხედავთ გატყიურებულია აქაურობა, მიტოვებული, დანგრევის პირას მყოფი სახლებით.
_ როგორ დააშორა გარემოებამ ასე ხალხი…
_ როგორც საუსლიერო პირი, ჩემი მხრიდან არ ეგების ვინმეს პოლიტიკური მოღვაწეობის შეფასება. ხელისუფლებამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის წყარო ხალხია, საზოგადოება. როგორც ბერი და განსაკუთრებული წესით მცხოვრები ადამიანი, ბუნებრივია არ შევალ დეტალებში და პოლიტიკურად არ განვიხილავ, მაგრამ მე ვსაუბრობ იმაზე, რასაც ვხედავ და ვგრძნობ. წინა ხელისუფლების მმართველობის ჟამს ნამდვილად სამწუხარო ამბები მოხდა, სასომხეთის საზღვარზე ბაზა ააშენეს, მესაზღვრები არიან იქ განთავსებული. .. საქმე ისაა, რომ ფიზიკურად იქიდან გზა არ შემოდიოდა, სამშენებლო მასალები რომ შემოეტანათ სომხებს, მათ ხელისუფლებამ 2008 წელს მისცა უფლება სხვა გზით, ჩვენი მხრიდან, შემოეტანათ საშენი მასალები და აეშებნებინათ ეს ბაზა.
_ ომის დროს… ეს ტერიტორია, სადაც აშენდა ბაზა ქართული იყო ხომ?
_ მესმის რომ ეს მოხდა იმ დროს, როცა ქვეყანა საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მიმდინარეობდა აგვისტოს ომი და ხელისუფლებას შეიძლება არ ყოფნიდა ძალები, მაგრამ საზოგადოება მაინც ხომ უნდა ჩაეყენებიათ საქმის კურსში?!
_ 2008 წლის ომში, რომელიც მოვიგეთ. ნუ მიყურებთ ასე გაოცებული თვალებით, რუსთაველზე კონცერტიც კი ჩაატარეს, ომის მოგების აღსანიშნავად. მოკლედ, თუკი ხელისუფლებას აგვისტოს ომის დროს იმის საშუალება ჰქონდა, რომ სომხეთისათვის ჩვენს ტერიტორიაზე მიეცა მესაზღვრეებისათვის ბაზის აშენების უფლება, მეტიც, არასომხური ტერიტორიიდან ამ ადგილებში საშენი მასალების შეტანის საშუალება მიეცათ, აკრძალვას და საკუთარი ტერიტორიის დაცვას წინ რა ედგა?
_ დიახ, მაგრამ, შეიძლება ნებართვა არ გასცეს, მაგრამ თვალი დახუჭეს.
_ კარგით, რა. სახლებიც ასე არ შენდება აქ, უნებართვოდ?
_ არაერთი ფაქტი ვიცი, სამწუხაროდ, როცა შესაბამისი ნებართვა არაა გაცემული და სახლებს აშენებენ. წითელ ხიდზე, აზერბაიჯანის საზღვარზე, არაერთი სახლი შენდება შესაბამისი ნებართვის გარეშე. სახლს ააშენებენ და ამის შემდეგ აძლევენ მათ ნებართვას. ეს ძალიან დიდი დარღვევაა და სამწუხაროა, რომ არავინ აქცევს ყურადღებას. ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს გადადგამს. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ წინა ხელისუფლების დროს, ამას უფრო მასშტაბური ხასიათი ქონდა, იმ დროს, ხელისუფლებამ ძალიან დიდი დაღი დაასვა ქართველობას. სამწუხაროა, რომ ეს ხდებოდა… არც გზა მინდა, არც შუქი, თუკი სამშობლოს დავკარგავ! ერთი გოჯი მიწის ფასად არ ღირს გზა და შუქი. ქართული მიწის გასხვისების უფლება არავის აქვს, მიწა საქართველოსია!! ყველასია თანაბრად! ადამიანთა ერთი ჯგუფი, საზოგადოებისაგან მიღებული მანდატით ცუდად არ უნდა სარგებლობდეს, ეს რომ ხდება სამწუხაროა. იმედი მაქვს დღეს ხელისუფლებას ეყოფა გონიერება და რაც არის გამოსასწორებელი, გამოასწორებს.
_ არ მინდა უხერხულად გაგრძნობიოთ თავი, ამიტომ არ ჩაგეძიებით, თუმცა ხელისუფლება 2012 წლიდან შეიცვალა და…
_ არ შეიძლება არ აღვნიშნო, ცოტა რაღაცეები შეიცვალა, რაც საკმარისი არაა, მაგრამ შეიცვალა.
_ აქ იმდენი მეჩეთია, თითო მეჩეთში თითი კაცს შეუძლია ლოცვა.
_ დიახ, უამრავი მეჩეთი აშენდა შესაბამისი ნებართვის გარეშე. დღევანდელობაში რაც კარგია, ისაა, რომ როცა აპირებდნენ კიდევ ერთი მეჩეთის აშენებას უნებართვოდ, ხელისუფლებამ ეს შენისნა და არ მისცა უფლება. კიდევ ვიმეორებ, ეთნიკური შუღლი არც აზერბაიჯანელების და არც სომხების მიმართ არ გვაქვს, მაგრამ, ვფიქრობ, წესს და კანონს უნდა ექვემდებარებოდეს ყველა, მათ შორის აზერბაიჯანელებიც და სომხებიც და იმ ერის წესს და კულტურას პატივს უნდა სცემდნენ , სადაც ისინი იკვებებიან და ცხოვრობენ.
_ ძალიან მიყვარს გრიგოლ ხანძთელი. ხომ არ ფიქრობთ რომ სწორედ ისეთი მიდგომაა საჭირო, როგორიც გრიგოლ ხანძთელს ჰქონდა. ხანძთელს რომ თავი დავანებოთ, ერეკლე მეფეს მღვდელმთავარმა კბილი „შთაუმუსრა“. დღეს ამ მიდგომას ხისტი ქმედება ქვია.
_ ზოგჯერ საჭიროა ადამიანმა გამოიჩინოს გონიერება და ორი ნაბიჯი გადაგას წინ და ერთი უკან, საბოლოო ჯანმში ეს წინსვლაა. უბრალოდ არის ჟამი თესვისა და ჟამი მომკისა, ჟამი კარგად უნდა იქნეს შერჩეული. მახსენდება დავით აღმასენებლის ცხოვრებიდან ის მომენტი, როცა აღმზრდელი გიორგი ჭყონდიდელი მეფეს ეუბნება – დაიმახსოვრე საღვთო და საერო რჯული გქონდეს, საღვთო რჯული სიყრმიდან მისწავლიაო, – დავითმა და საერო რა არისო. საერო რჯული ეს არის მოყვასის მსახურება და სამშობლოს ერთგულება, ქვეყანა არ უნდა გაყიდო, ესაა მთავარი, რაც ხელისუფლებამ უნდა შეინარჩუნოს და პატივი , თანამდებობა გამოიყენოს საკუთარი ხალხისთვის, საკუთარი სამშობლოსთვის.
რა პასუხი უნდა გავცეთ ჩვენ უფალს? არავის არ უნდა დაავიწყდეს ერთი რამ, გინდ ხელისუფალს გინდ სხვას – შეიძლება თავად კი ცხოვრობენ კარგად, მაგრამ თავის შვილებს, შვილიშვილებს რა მომავალს უტოვებენ? ახლოს ნუ გაიხედავენ, შორს გაიხედონ! ახლომხედველობა მათ პიროვნულად აპატარავებს, რაც სამწუხაროა. ღმერთს შევავედრებ თითოეულ ქართველს, თითოეულ ადმიანს, რათა მას მიეცეს ძალა, რაც ჩვენს ქვეყანას წაადგება.
წმინდა ილარიონ ქართველის ცხოვრებიდან მინდა გავიხსენო: როდესაც ის იმყოფებოდა ათონის მთაზე, საბერძნეთს თურქები შემოესივნენ. მათ დაიბარეს ყველა წინამძღვარი, ერთ-ერთ წინამძღვარს შიში გაუჩნდა და მის ნაცვლად წმინდა ილარიონი წარსდგა. მთავრმა მას მოსთოვა რჯულის შეცვლა, არ დაეთანხმა ილარიონი ამაზე. მთავარი აფხაზეთიდან გატაცებული ქართველი იყო, შინაგანად ჰქონდა ქართველების სიყვარული და არ უნდოდა ილარიონის მოკვდინება, წამება. ვერანაირად ვერ დაითანხმა მთავარმა ილარიონი და ბოლოს უთხრა, თქვენ თუ ღმერთს ემსახურებით რატომ მოგვცა ღმერთმა იმის უფლება, აქ შემოვსულიყავით და დაგერბიეთ? წმინდა მამამ უპასუხა: თქვენ ღვთის ხელში წკეპლა ხართ ჩვენი ცოდვებისათვის და როცა ჩვენ გამოვსწორდებით, უფალი ამ წკეპლას გადატეხავს და ცეცხლში ჩააგდებს. ეს მრავალი განსაცდელი შედეგია, ჩვენი ცოდვებისა და როცა ჩვენ უფალთან გამოვსწორდებით და უფალი იქნება ჩვენს გულში, ყველაფერი მოწესრიგდება. „კაცი ბჭობდა და ღმერთი განაგებდა“, – ღმერთი განაგებს! ღმერთი განაგებს ყველაფერს და ის არის დიდებული და კურთხეული.
საქმე ისაა, რომ მიზეზებს ჩვენ ვეძებთ ხელისუფლებაში, სხვებში, ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენშია. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ „საგზალ ცოდვისა სიკვდილ არს“. უნდა ვიცოდეთ რაა ცოდვა და ამიტომ ვიღებთ იმას, რაც არის. ჩვენ უნდა დავინახოთ, გონს უნდა მოვეგოთ. როგორც სულს გაყრილი სხეული კვდება, ასე კვდება ადამიანი ეკლესიის გარეშე.
_ ხომ არ ფიქრობთ, რომ დადგა დრო, როცა ეკლესია უნდა ჩაერიოს და ქართველებისაგან მიტოვებულ ადგილებში ქართველობა ჩაასახლოს?
_ ეკლესია არის აქ სადაც თქვენ მოდიხართ, მაგრამ ამას აკეთებს საკუთარი ძალებით. გაერთიანებული ძალებით ხელისუფლებისა და საზოგადოებუის დახმარებით ეს უფრო მეტად მოსახერხებელი იქნებოდა. წითელ ხიდზე, სადახლოზე არის მონასტრები, ეს იცით რისთვისაა? ეს არის ხმა, რომელიც ქართველებს მოუხმობს. ქართული ტერიტორიები რომ წაიღეს, რითი ვამტკიცებთ რომ ქართულია? იმით რომ იქ ქართული ტაძრებია!
_ ათონის მთაზეც არის ქართული ტაძრები.
_ ამით ვამტკიცებთ იმას, რომ იქ ქართველები ცხოვრობდნენ. უბრალოდ, ხალხი უნდა აჰყვეს ეკლესიის ხმას, ხალხი უნდა მოვიდეს, დადგეს იქ სადაც ამის საჭიროებაა. „ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების“ , სამშობლო თუ გვინდა იყოს ძლიერი ეკლესიიდან უნდა დავიწყოთ.
_ დავით გარეჯა ფაქტიურად სვანებმა გადაარჩინეს, აქ კი ქართველი სანთლით საძებარია.
_ ბევრმა მარნეული სადაა ისიც კი არ იცის, სამწუხაროდ. თქვენც აქ ახლა შემთხვევით მოხვდით.
_ დიახ, სამწუხაროდ ასეა.
_ აქ გზა არაა, მაგრამ წითელ ხიდთან არის გზა, თუმცა ცოტა ქართველია. სიკეთეს ფული არ ჭირდება, გონი, ნება ჭირდება. არავისი არაფერი მჭირდება, მე ადამიანს გულში ვუყურებ და არა ხელებში. ვერ აგიხსნით რა ბედნიერებაა, მარტო მყოფთან შენიანი რომ მოვა, ქართულად გეტყვის – გამარჯობა. თქვენ ამას ვერ წარმოიდგენთ.
მადლობა მინდა გითხრათ ინტერვიუს რომ იწერთ, ესაა თქვენი შესაძლებლობა ღვთისა და ერის წინაშე წარმოადგინოთ სამშობლო. თითოეული თქვენთაგანი მინდა დავლოცო აქ მობრძანებისთვის, ღმერთი გეწეოდეთ. წმინდა მამა კვიპრიანე კართაგენელის სიტყვებით მინდა გავასრულო ჩვენი საუბარი, ის ბრძანებს: როგორც წარღვნის დროს იყო შეუძლებელი ადამიანების გადარჩენა, რომლებიც არ იმყოფებოდნენ კიდობანში, ასევე შეუძლებელია იმ ადამიანის ცხონება, რომელიც დედა ეკლესიაში არ იმყოფება. ხე თუ ფესვებს მოსწყდა, ის ხე ნაყოფიერი ვერ შეიქმნება და მას არ ხელეწიფების ნაყოფის გამოღება. ეკლესია არის ადგილი, საიდანაც ქვეყნისთვის ზრუნვა უნდა დავიწყოთ და ღმერთი მოქმედებაში თანამოქმედია.

 

მოამზადა დარეჯან მეფარიშვილმა

banner
წინა სტატიაშიგამოძიებამ მიხეილ კალანდიას ტანსაცმელი ვერ ამოიღო – გახარია
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია გიგა ბოკერიას – მესმის დისკუსიის თქვენი ხელოვნება, ჩემი პასუხი მარტივია – ველოდებით კომისიის დასკვნას