ვენეციის კომისია: სასურველია მეორე პალატის შემოღება და ოპოზიციის როლის გაძლიერება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 20, 2017 03:14

ვენეციის კომისია: სასურველია მეორე პალატის შემოღება და ოპოზიციის როლის გაძლიერება

საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმების შესახებ მიღებულ ვენეციის კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა.

საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა ასეთია:

“საქართველო კვლავაც რჩება ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ, რომლის პარლამენტი უახლოეს მომავალში ერთპალატიანად დარჩება. საქართველოს აკლია დამოუკიდებელი სასამართლოს ხანგრძლივი ტრადიცია. მსგავს ვითარებაში პარლამენტში უმრავლესობის დომინირების რისკი არსებობს და მომავალში ყურადღება უნდა მიექცეს ძალთა ბალანსის გაძლიერებას, მაგალითად, მეორე პალატის შემოღებით და პარლამენტში ოპოზიციის როლის გაძლიერებით. მოქმედი პროპორციულ/მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლა პროპორციული სისტემით – პოზიტიური ნაბიჯია, რომელიც პარლამენტში პლურალიზმის გაძლიერებას ემსახურება. თუმცა ეს დადებითი, წინგადადგმული ნაბიჯი იზღუდება სამი მექანიზმით: 5%-იანი საარჩევნო ბარიერის შენარჩუნებით; 5 %-იანი ბარიერის მიღმა გადაუნაწილებელი ხმების გამარჯვებული პარტიისთვის მიკუთვნებით; საარჩევნო კოალიციების (პარტიული ბლოკების) გაუქმებით. მიუხედავად იმისა, რომ 5 %-იანი ბარიერი ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება და არ ექვემდებარება კრიტიკას, ეს სამი მექანიზმი მოქმედებს მცირე პარტიებისა და პლურალიზმის საზიანოდ და უფრო მეტად სამართლიანი წარმომადგენლობისა და საარჩევნო თანასწორობის პრინციპებისგან გადახვევას წარმოადგენს, ვიდრე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად საჭირო აუცილებლობას”, – წერია დასკვნაში.

გადაუნაწილებელი მანდატების გადანაწილებასთან დაკავშირებით ვენეციის კომისია რამდენიმე რეკომენდაციას იძლევა:

– პროპორციული გადანაწილება ყველა პოლიტიკურ პარტიაზე, რომელიც 5%-იან ბარიერს გადალახავს;

– ზედა ზღვრის დაწესება გამარჯვებული პარტიისთვის მისაკუთვნებელ გადაუნაწილებელ მანდატებზე;

– ბარიერის 2-3%-მდე შემცირება, რაც ასევე ეხება პროპორციული სისტემით დარჩენილი მანდატების გადანაწილებას.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 20, 2017 03:14