ვატო შაქარიშვილი კელი დეგნანაზე: “ბატონს არ შევეგუებით”

ქართული ოცნების მოქმედ და ფორმალურად წამოსულ დეპუტატებთან ერთად აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის საწინააღმდეგო კამპანიაში ვატო შაქარიშვილიც ერთვება. განცხადება მან Facebook-ზე გაავრცელა და კელი დეგნანს, ისევე როგორც “ოცნებას” გამოყოფილებმა, ქვეყნის ომში ჩართვის ბრალდება წაუყენა.

შაქარაშვილმაც ყაველაშვილის აზრი გაიმეორა, რომ რუსულ “რბილ ძალაზე” მეტად, სწორედ დეგნანი აღვივებს საქართველოში, ანტიდასავლურ განწყობებს.

“ქალბატონო კელი, ქართველებს გვაქვს ასეთი გამოთქმა – სიმართლე მწარეა! ამას მაშინ გამოვიყენებთ ხოლმე, როდესაც ნათქვამი სიმართლით ადრესატი უკმაყოფილო რჩება, ბრაზი ერევა და სახეს კარგავს…

საქართველოს პარლამენტის არჩეული დეპუტატის წერილზე, ასეთი არაადეკვატური რეაქციით თქვენ, არათუ პასუხი გაეცით საზოგადოებაში არსებულ საფუძვლიან კითხვებს, არამედ კიდევ უფრო გააღრმავეთ რწმენა, რომ თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვის პროექტის ნაწილი!

ჯერ კიდევ ორი თვის წინ, საჯაროდ, ასევე ბეჭდური სახით(ფოსტის მეშვეობით) წარმოგიდგინეთ მიმართვა, სადაც ვითხოვდით გამოგეხატათ მკაფიო პოზიცია ჩვენთვის უმიშვნელოვანეს საკითხებზე. სამწუხაროდ, თქვენ ყურად არ იღეთ და იმის ღირსიც არ გაგვხადეთ, რომ პასუხი გაგეცათ საზოგადოებიდან წამოსული კითხვებისთვის. იმავე წერილში ხაზი გავუსვით, რომ თქვენი მხრიდან ლეგიტიმური კითხვების უპასუხოდ დატოვება, განამტკიცებდა მოსაზრებას, რომ სწორედ თქვენ ხართ დაინტერესებული საქართველოს ომში ჩართვით და ამ მიზნისთვის, არჩეული ხელისუფლების შეცვლაზე მუშაობთ.

მაგრამ თქვენ, ხალხის ამ სამართლიან და საფუძვლიან მოსაზრებას, რუსული ნარატივი უწოდეთ! სინამდვილეში კი, თქვენი ასეთი ქმედებები და განცხადებებია რუსული პროპაგანდის მკვებავი და საქართველოში ანტიდასავლური განწყობების ხელშემწყობი. ვერანაირი რუსული “რბილი ძალა” ვერ მოახერხებდა უფრო მეტის დაშავებას, ვიდრე ეს თქვენ მოახერხეთ ბოლო პერიოდში! სამწუხაროდ, თქვენ, ქართველი ხალხის მოკავშირეობას, მასთან კონფრონტაცია არჩიეთ!

ჩვენ არ გვახსოვხართ არც ერთ მართლმადიდებლურ დღესასწაულზე, მაგრამ არ გამოგიტოვებიათ არც ერთი ლგბტ ღონისძიება!

არ გვახსოვს შეშფოთება გამოგეხატათ, როდესაც ჩვენს ეკლესიას თავს ესხმოდენ, მაგრამ ხშირად გვევლინებით დამნაშავეების და ოდიოზური ფიგურების დამცველად!

თქვენგან არ გვახსოვს არც ერთი ადამიანის მხარდაჭერა, როდესაც ნაცმედიები ცილსწამებენ, შეურაცხყოფას აყენებენ და ძალადობენ მათზე, მაგრამ გვახსოვხართ სანაიას და გვარამიას გვერდით(შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელს, უკანასკნელი სიტყვებით ყავხართ გალანძღული)!

თქვენ, საქართველოში უამრავ დამსახურებულ, ნიჭიერ, კეთილსინდისიერ და ღირსეულ ადამიანს არ უსმენთ, მაგრამ ეყრდნობით ლომჯარიასა და გიგაურებს!

ჩვენ არ გთხოვთ გიყვარდეთ საქართველო! გვესმის, რომ თქვენი მარწმუნებელი ქვეყნის ინტერესებს ემსახურებით, მაგრამ გთხოვთ მინიმალურს – პატივისცემა არ იყოს ცალმხრივი! პატივი ეცით ჩვენს წარსულს და აქ, აწმყოში პატივი ეცით ჩვენს ეროვნულ ინტერესს – მშვიდობის შენარჩუნების სურვილს!

ჩვენ თავისუფლების მოყვარე ხალხი ვართ! ბატონს არ შევეგუებით, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს ის!

მხოლოდ ქართველებს, ჩვენა გვაქვს ეს სიტყვა – უფალი

და მხოლოდ ჩვენ ვართ, ჩვენი თავის – უფალი!”, – წერს შაქარიშვილი.

წინა სტატიაშიგვქონდა შემთხვევა, როცა კონკრეტული პატიმრები კონფლიქტში შემოვიდნენ – ლომჯარია CPT-ს ანგარიშზე
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – საქართველო მშვიდობიანობის ათწლიანი პროგრესით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, ეს ბიძინა ივანიშვილისა და მის მიერ დატოვებული „ქართული ოცნების“ სწორი პოლიტიკის შედეგია