ვასო ურუშაძე: ბოლნისში დაფიქსირებულმა დარღვევებმა შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს ბოლნისის ოლქში არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 14, 2020 13:55

ვასო ურუშაძე: ბოლნისში დაფიქსირებულმა დარღვევებმა შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს  ბოლნისის ოლქში არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი

კახა ოქრიაშვილს არ ეძლევა თავისუფალ გარემოში საარჩევნო კამპანიის წარმოების შესაძლებლობა, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ბოლნისის ოლქში არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხს – ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის თავმჯდომარემ ვასო ურუშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატის და მისი საარჩევნო კამპანიის მიმართ სისტემატურად ხორციელდება ძალადობრივი ქმედებები, სცემენ მის აქტივისტებს, აშინებენ კანდიდატის მხარდამჭერებს, არბევენ მის შტაბებს, ანადგურებენ სააგიტაციო მასალას.
„ჩვენი სადამკვირვებლო მისიის მიერ მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს ბოლნისსა და დმანისში დაფიქსირდა არაერთი დარღვევის ფაქტი, რომელსაც ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ მოყოლია. აღნიშნული ინციდენტების შესახებ ჩვენ უკვე ვაცნობეთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებს.“- განაცხადა ურუშაძემ.
მისივე თქმით, “სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ გააგრძელებს მონიტორინგს დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში და ყველა გამოვლენილი დარღვევის შესახებ აცნობებს პარტნიორ ორგანიზაციებს, ასევე დაფიქსირებულ ფაქტებს შეიტანს ანგარიშში, რომელსაც წინასაარჩვენო პროცესთან დაკავშირებით ამზადებს.
“მოვუწოდებ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და პარტნიორი ქვეყნების საელჩოებს შექმნან სამუშაო ჯგუფი, ადგილზე ჩავიდნენ და გაეცნონ სიტუაციას. ხელი შეუწყონ უკვე დაძაბული სიტუაციის დეესკალაციას და საარჩევნო კამპანიისთვის მშვიდობიანი გარემოს შექმნას, რათა არ დადგეს ეჭვქვეშ არჩევნების შედეგის ლეგიტიმურობის საკითხი,“- განაცხადა ურუშაძემ.
“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებულია როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და მიმდინარე საარჩევნო პროცესს აკვირდება.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 14, 2020 13:55