ვასაძეს და კალაძეს ივანიშვილმა მესამე ძალის შექმნაზე უარი უთხრა

ქართულ ოცნებას დედაქალაქში და 22 ავტორიტარული მაჟორიტარის შერჩევა ძალიან უჭირსუცნაური ხალხი ვართ ქართველები. ქვეყანაში, სადაც ყველა პირველკაცობისთვის იბრძვის, მესამე ძალის ნიშის დაკავებაზე ნამდვილი ბრდღვნა მიდის.
პარტიებმა და პოლიტიკურმა გაერთიანებებმა კარგად იციან, რომ დღეს მესამე ძალის ნიშის დაკავება ხვალ პირველ ძალად ქცევას ნიშნავს. ხალხს “ოცნებაც” და ნაციონალებიც თავისი განშტოებებით ყელში ჰყავს ამოსული და რაღაც ახალს ეძებს. ეს ახალი კი ვერაფრით გამოჩნდა _ 2012 წლიდან მოყოლებული ივანიშვილი შუას გაკრეფით არის დაკავებული.
შუას გაკრეფვა “ოცნების” მარჩენალს ახლა გამოსდის, მაგრამ ყოველთვის ასე არ იქნება. ადრე თუ გვიან, რაღაც ძალა აუცილებლად გამოჩნდება, რომელმაც შეიძლება “ოცნება” პოლიტიკურ მოუსავლეთში გაუშვას.
ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინ კონტროლირებადი მესამე ძალის შექმნა გადაწყვიტა.
სწორედ ამ ნიშის დასაკავებლად უკურთხა მთავარმა მეოცნებემ ლევან ვასაძეს პოლიტიკაში შემოსასვლელი გზა.
ეს ამბავი რამდენიმე თვის წინ გადაწყდა. მაშინ გადაწყდა ისიც, რომ ვასაძეს მხარს საპატრიარქოც დაუჭერდა. ეს ადამიანი საპატრიარქოსთან არის დაახლოებული. მას ეროვნული ძალის ნიშა უნდა დაეკავებინა.
სცადა კიდევაც რაინდმა ამ ნიშის დაკავება. ხელისუფლება რამდენჯერმე მწარედ დაგმო. გააქტიურებაც დააანონსა, მაგრამ ცოტა ხანში გაჩერდა.
“ოცნების” კულუარებში ყვებიან, რომ მას ივანიშვილთან ურთიერთობა გაუფუჭდა. ვასაძეს რაღაც პრობლემები შეექმნა მოსკოვშიც. ამ ეტაპზე მას საპატრიარქოს ერთ-ერთი ფლანგი უჭერს მხოლოდ მხარს. ასეთი მხარდაჭერით კი მესამე ძალად გადაქცევა არარეალურია.
როგორც ამბობენ, ვასაძეს ‘ოცნების” მამასთან ვითარება პოლიტიკაში ღარიბაშვილის დაბრუნების შემდეგ დაეძაბა.
მათ შორის შუღლის ჩამოგდების მეორე მიზეზიც სახელდება. ივანიშვილი კონტროლირებადი მესამე ძალის შექმნაზე ბოლო ხანებში სერიოზულად ჭოჭმანობს. “ოცნების” კულუარებში ამბობენ, რომ მას ეშინია, მესამე ძალა კონტროლიდან გამოვა და საქმე შეიძლება მის ჩამოგდებამდეც კი მივიდეს.
მესამე ძალად თავის დროზე “დაიცავი საქართველოც’ მოიაზრებოდა. იქ მართალია ‘ოცნებიდან” წამოსული ხალხია, მაგრამ ისინი დღემდე ბიძინას მზეს ფიცულობენ.
მესამე ძალად მოიაზრებოდა თბილისის მერი კახა კალაძეც. ის, მართალია, “ოცნების”  ერთ-ერთი ლიდერია, მაგრამ ერთ-ერთობა არ აკმაყოფილებს. ის თავისი პარტიის შექმნას ჯერ კიდევ 2016 წლის დასაწყისში აპირებდა. ამ თემაზე მას ერთ-ერთი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერთანაც ჰქონდა მოლაპარაკებები.
მაშინ მესამე ძალის შექმნა საჭირო აღარ გახდა და კალაძის ბენეფისი გადაიდო. ახლაც შეიძლება იგივე მოხდეს.
“ოცნების” კულუარებში ყვებიან, რომ ივანიშვილს მესამე ძალის ეშინია, ამიტომაც სატელიტ პარტიებზე გააკეთებს აქცენტს. ამ პატარა პარტიებს მისგან გაქცეული ხალხი შექმნის. ივანიშვილი შეეცდება, რომ ისინი პარლამენტში შეიყვანოს და მერე მათთან ერთად შექმნას უმრავლესობა. მესამე ძალისგან განსხვავებით, ეს პატარა პარტიები უფრო კონტროლირებადები იქნებიან.
ოლიგარქი მართალია -ფინანსურად მასზე დამოკიდებული პარტიების გაკონტროლება უფრო იოლი იქნება, ვიდრე კალაძის და ვასაძის.
გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები უკიდეგანოდ ამბიციურები არიან, მათ თავიანთი ფინანსებიც აქვთ, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ივანიშვილს.
ახლა “ოცნებაში” ცდილობენ, ლიდერი გადაარწმუნონ. უმტკიცებენ, რომ დემოკრატიისთვის საჭიროა მესამე ძალა. მთავარი მეოცნებე ჯერ უარზეა და სატელიტი პარტიების შექმნას უჭერს მხარს. არადა თავიდან სწორედ მისი იდეა იყო კონტროლირებადი მესამე ძალის შექმნა.
იმისთვის, რომ მისმა სატელიტებმა გაიხარონ, რამდენიმე ოპოზიციური პარტია უნდა ჩაქვესკნელდეს. მთავარი მეოცნებე განსაკუთრებულად ლეიბორისტებს და ბურჯანაძის პარტიას ვერ იტანს.
თავის დროზე “ოცნებაში” ბურჯანაძის პარტიიდან ბევრი გადაპორტირდა. რამდენიმე მათგანი მაღალ თანამდებობებზეც კი დანიშნეს. “ოცნებასთან’ დაახლოებული წყარო გვიყვება, რომ ლიდერის დავალებით, რეგიონებში “ოცნებიდან” ბურჯანაძისგან პორტირებულებს პარტიიდან უშვებენ.
მესამე ძალაზე სერიოზული პრეტენზიები აქვს პატრიოტთა ალიანსსაც. ივანიშვილი მათგან უკვე ეცადა, ეს ნიშა შეევსო, მაგრამ პატრიოტებმა ვერ გაქაჩეს.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიდაკავებულია შპს „ბილდინგ-დეველოპერის“დირექტორი
შემდეგი სტატია“ხელისუფლებაში მყოფი კაგებეს აგენტების გვარები ცოტა ხანში დასახელდება”