“ხელისუფლებაში მყოფი კაგებეს აგენტების გვარები ცოტა ხანში დასახელდება”

ამერიკაში მოქმედმა გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალმა რუსეთმა” ქართული სახელმწიფოსთვის საგანგაშო ანგარიში გამოაქვეყნა.
ამერიკელი მკვლევრების გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ საბჭოთა სუკის ყოფილი ოფიცრები და რუსეთის სპეცსამსახურების ერთგული თანამშრომლები საქართველოში სამუშაოდ დაბრუნდნენ.
ამერიკული ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევა მოულოდნელი არ აღმოჩნდა კავკასიის ხალხთა კონფედერაციის პრეზიდენტ ზაალ კასრელიშვილისთვის. ის საქართველოს ხელისუფლებას დიდი ხანია სთხოვს ლუსტრაციის კანონის მიღებას.
აქვს თუ არა “ოცნებას” კავშირი კაგებეშნიკების გააქტიურებასთან, ვინ ბლოკავს ლუსტრაციის კანონის მიღებას, რატომ აქვთ ქართულ სპეცსამსახურებს ხელ-ფეხი შეკრული? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.

_ ორგანიზაცია “თავისუფალმა რუსეთმა” გამოაქვეყნა ანგარიშში, სადაც პირდაპირ წერია, რომ ხელისუფლება რუსეთის აგენტებით არის სავსე. წლებია, რაც ლუსტრაციის კანონის მიღებას ითხოვთ აგენტების გამოსავლენად, აქედან გამომდინარე, თქვენთვის ანგარიში დიდი მოულოდნელობა არ უნდა იყოს.
_ ახალი და მოულოდნელი არაფერი თქმულა. სასიამოვნო ფაქტია, როცა იმაზე წერენ გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები, რაზეც ჩვენ წლებია, ვლაპარაკობთ.
მაშინ, როცა ამერიკაშიც კი აღიარებენ, რომ საქართველო აგენტებით არის სავსე, არ შეიძლება, კმაყოფილება არ გამოვხატო იმის გამო, რომ ქართულ-აზერბაიჯანული დაპირისპირება მშვიდობიანად გადაწყდა.
_ საიდან ჩანს, რომ დაპირისპირება მშვიდობიანად გადაწყდა?
_ ეს ყველაფრიდან ჩანს.
_ ძალიან მინდა დაგეთანხმოთ, მაგრამ, არა მგონია, ასე კარგად იყოს საქმე.
_ საქმე ნამდვილად კარგად მიდის. კამათი ძმებს შორისაც ხდება. ცივილიზებულობა, კარგი მეზობლობა, სტრატეგიული პარტნიორობა იმას ნიშნავს, რომ ჩხუბის, დავიდარაბისა და ლანძღვა-გინების გარეშე წყდება პრობლემური საკითხი. გარეჯის თემაზე კომისიები მუშაობენ და ყველაფერი ნორმალურად მიდის.
პროვოკატორებს არ გამოუვიდათ თავიანთი ფანდის გამოყენება _ ვერ მოახერხეს ქართველებისა და აზერბაიჯანელების დაპირისპირება.
სადავო საკითხთან დაკავშირებით ახლა დოკუმენტაციის შესწავლა მიმდინარეობს. დოკუმენტების მიხედვით, ყველაფერი საჩვენოდ მიდის.
პროვოკატორები, მათ შორის რუსეთის აგენტურა, ბევრს ეცადნენ ამ თემის სათავისოდ გამოყენებას, მაგრამ არ გამოუვიდათ და არც მომავალში გამოუვათ.
_ ასეთი დარწმუნებული რატომ ხართ?
_ იმიტომ, რომ საქართველოში ჩანერგილ აგენტებზე უკვე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები ალაპარაკდნენ.
_ ეს რას ცვლის?
_ ბევრს რამეს. რადგან ამ თემაზე ასე ღიად დაიწყო საუბარი, ეს იმას ნიშნავს, რომ ცოტა ხანში დასახელდება ხელისუფლებაში და ოპოზიციაში მოკალათებული კაგებეს აგენტების გვარები.
_ “თავისუფალი რუსეთის”  ანგარიშში ოპოზიციაზე არ არის საუბარი. იქ ხაზგასმით საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოში კაგებეს აგენტები ხელისუფლებაში “ოცნების”  მოსვლის შემდეგ დაბრუნდნენ.
_ აგენტები საქართველოს არასდროს აკლდა. ისინი ხელისუფლებაშიც არიან, ოპოზიციაშიც, მედიაშიც და არასამთავრობოებშიც.
რუსეთის აგენტურა ძალიან არის გაშლილი. მათ ერთი მიზანი აქვთ – საქართველო არ უნდა დალაგდეს. მართვადმა ქაოსმა ისე უნდა შეჭამოს სახელმწიფოებრიობა, როგორც ჟანგი ჭამს რკინას.
“თავისუფალი რუსეთის” ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ რაღაც ზომები უნდა მიიღოს, ეს ძალიან სერიოზული ორგანიზაციაა და ამერიკაში მას პატივს სცემენ.
ამ ორგანიზაციაში ძალიან განათლებული და კვალიფიციური ხალხია. მათ აქვთ სერიოზული კავშირები და ფლობენ ბევრ ინფორმაციას. ისინი არასდროს აკეთებენ განცხადებებს ყურადღების მისაქცევად. ისინი სანამ განცხადებას გააკეთებენ, დეტალურად სწავლობენ საკითხს.
ისინი დიდი გავლენით სარგებლობენ და იციან, რომ მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს დიდი რეზონანსი მოჰყვება. მათ ასეთ განცხადებებს, როგორც წესი, ძიების დაწყება მოსდევს ხოლმე.
ლოგიკას თუ გავყვებით, ძალიან მალე უნდა მივიდეთ სახელებისა და გვარების დასახელებამდე.
_ ვინ დაასახელებს რუსეთის აგენტების გვარებს, “თავისუფალი რუსეთის” წარმომადგენლები თუ ჩვენი ხელისუფლება?
_ სახელებისა და გვარების დასახელებაზე მთელ მსოფლიოში ერთიანი ხედვა არსებობს. სახელებსა და გვარებს საჯაროდ არავინ აქვეყნებს, რათა მათი ოჯახის წევრებს საფრთხე არ შეექმნათ.
სამაგიეროდ, აგენტების ვინაობა შევა შავ სიაში – ვერც ისინი და ვერც მათი ოჯახის წევრები სახელისუფლებო სტრუქტურებში და მედიასივრცეში ვეღარ იმუშავებენ.
მეორე საკითხია, თუ რამდენად დაემთხვევა “თავისუფალი რუსეთის” გაშიფრული აგენტების სია ქართული სპეცსამსახურების გაშიფრული აგენტების ვინაობას.
_ ქართული სპეცსამსახურების მიერ აგენტების გაშიფვრის პერსპექტივებს როგორ უყურებთ? ყველამ ვიცით, რომ იქაც მრავლად არიან აგენტები ჩანერგილი.
_ ჩემი ყველა ინტერვიუ თქვენთანაც და სხვა მედიასაშუალებებშიც იწყება და მთავრდება ერთი მოთხოვნით _ აუცილებელია ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღება. ამის გარდა, ვითხოვ, რომ მიღებულ იქნეს კანონი სახელმწიფო ღალატის შესახებ და ამოქმედდეს სასჯელი ცილისწამებისთვის.
არც სააკაშვილმა და არც ივანიშვილმა არ მიიღეს კანონი ლუსტრაციის შესახებ. ეს, მგონი, რაღაცაზე მეტყველებს.
_ “ოცნება” უკვე მეშვიდე წელია, რაც ხელისუფლებაშია და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ არც ისინი მიიღებენ ამ კანონს.
_ ასეთი პირი უჩანს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაში უფრო სერიოზული მუხრუჭები არსებობს, ვიდრე გაშიფრული აგენტები.
დარწმუნებული ვარ, საქართველოს სპეცსამსახურებს უპრობლემოდ შეუძლიათ აგენტების გაშიფვრა. მეტსაც გეტყვით, მათ ეს აგენტები მიზანში ჰყავთ ამოღებული. პოლიტიკური ნება თუ იქნება, სამ დღეში მოაცილებენ ამ პარაზიტებს ქვეყანას.
_ სამი დღე არარეალურად მოკლე დრო ხომ არ არის?
_ სავსებით საკმარისი დროა პარაზიტების ჩამოსაცილებლად, ოღონდ ამისთვის პოლიტიკური ნება და ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღებაა საჭირო.
მარტო ლუსტრაციის შესახებ კანონი არ კმარა. საჭიროა ცილისწამების მუხლის ამოქმედება და სახელმწიფოს ღალატის შესახებ კანონის მიღება.
ამ სამი კანონის მიღების შემთხვევაში სპეცსამსახურებს ხელ-ფეხი გაეხსნებათ. მე თქვენ გარწმუნებთ, რომ ქართულ სპეცსამსახურებს საკმარისი ძალა აქვთ იმისთვის, რომ საქართველოს მტრები ქვეყანას ერთხელ და სამუდამოდ მოაშორონ.
_ თავიან რიგებში ჩანერგილი აგენტების მოშორებას როგორ შეძლებენ ქართული სპეცსამსახურები?
_ ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება. ამასთან, ჩვენ ეჭვი გვეპარება, რომ აგენტები მაღალ თანამდებობებზე იყვნენ. სპეცსამსახურები პერიოდულად ახორციელებენ ასეთი ადამიანების გამოხშირვას.
ძალიან ცუდი ფაქტია, რომ სპეცსამსახურებში სხვა ქვეყნების აგენტები არიან, მაგრამ ამისგან არც ზესახელმწიფოები არიან დაზღვეული. კაგებე ამერიკაში ნერგავდა თავის აგენტებს და ჩვენ რატომ გვიკვირს, გავუმართოთ იურიდიულად ხელი და მერე ნახავთ რასაც იზამენ ჩვენი სპეცსამსახურები.
დარწმუნებული ვარ, რომ სპეცსამსახურებში გაშიფრული ჰყავთ ეს აგენტები, მაგრამ მათი გაშვებისგან თავს იკავებენ. ურჩევნიათ, რომ გაშიფრული აკონტროლონ, თანაც კანონი არ უმაგრებთ ზურგს, რომ ეს ადამიანი პასუხისგებაში მისცენ. წინა ხელისუფლების მსგავსად, იარაღსა და ნარკოტიკს ხომ არ ჩაუდებენ, რომ დაიჭირონ.
_ იარაღისა და ნარკოტიკების ჩადებას არც ესენი ერიდებიან. ახლო წარსულში თავად შსს-მ დაიწყო კამპანია არაჩადებას. აგენტის დაჭერა თუ უნდათ, ჩაუდონ და დაიჭირონ, უდანაშაულო ადამიანების დაჭერა არ რცხვენიათ და აგენტებს რას ეკეკლუცებიან.
_ ჩაუდებენ და არასამთავრობო ორგანიზაციები ქვესკნელს ამოაბრუნებენ _ “ოცნება”  ნაციონალურ მოძრაობაზე უარესიაო. მათ ხომ ასეთი ლოგიკა აქვთ, “ქართული ოცნება” არის ძალიან ცუდი და ამიტომ საქართველოს სათავეში მიხეილ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს.
_ უარესია თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ მათ შორის განსხვავება თითქმის აღარ არის.
_ ეს საუბრის სხვა თემაა და ამ თემაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ. ახლა ისევ აგენტებს მივხედოთ.
_ მივხედოთ და ის გვითხარით, ვინ უნდა მოამზადოს კანონი ლუსტრაციის შესახებ -მთავრობამ თუ პარლამენტმა?
_ ვინ უნდა მოამზადოს და პარლამენტმა. საკანონმდებლო ორგანო მაგიტომაც ჰქვია, რომ კანონები უნდა მოამზადოს.
საქართველო თვითკმარი რომ იყოს, ამისთვის საჭიროა დინამიკურად მზარდი, ადგილობრივ ნედლეულზე დამოკიდებული ეკონომიკა და უსაფრთხოება, რათა აქ ინვესტორები შემოვიდნენ. ასევე საჭიროა კანონის უზენაესობა, რათა ადამიანებს სამართლის საძებნელად აქციების გამართვა არ დასჭირდეთ.
ამ სამი კომპონენტის გარეშე სახელმწიფო ვერც თვითკმარი იქნება და ვერც _ დამოუკიდებელი.
რაც შეეხება პარლამენტს, ეს ორგანო, უბრალოდ, ვალდებულია, ეს კანონი მიიღოს.
თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა, მივმართო ხალხის რჩეულებს – ახალი ველოსიპედის გამოგონება არ დაგჭირდებათ. არსებობს საერთაშორისო სამართლის ნორმები და ისინი მოიძიეთ.
გარდა ამისა, არსებობს ბალტიისპირეთის ქვეყნებში და პოლონეთში განხორციელებული რეფორმა, რომელიც თავის დროზე დასავლეთმა იდეალურად შეაფასა. ჩვენს დეპუტატებს მხოლოდ კანონის გადმოთარგმნა დასჭირდებათ.
_ ეგ ამბავი მაგათაც ეცოდინებათ, მაგრამ, ეტყობა, გადმოთარგმნაც ეზარებათ.
_ პოლიტიკური ნება რომ იყოს, არაფერი დაეზარებოდათ.
_ იქნებ თავადაც აგენტები არიან და ამიტომ არ იღებენ ამ კანონს?
_ აგენტები ხელისუფლებაშიც არიან, ოპოზიციაშიც, მედიაშიც და არასამთავრობო ორგანიზაციებშიც.
ხელისუფლებას ურჩევნია, ჩუმად აკონტროლოს გაშიფრული აგენტები მანამ, სანამ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან არ ექნებათ მკაფიო მხარდაჭერა. წინა ხელისუფლების მსგავსად ვერ მოიქცევიან.
_ რას გულისხმობთ?
_ სააკაშვილმა რომ დაიჭირა რუსეთის აგენტები და ამაზე დიდი სპექტაკლი დადგა. მერე მოსკოვიდან დარეკეს, ზეწოლას ვერ გაუძლო და დაჭერილი აგენტები რუსეთში გაუშვა. ეს იყო სამარცხვინო ქმედება.
_ იმან აგენტების დაჭერა გაბედა. ესენი ამასაც ვერ ბედავენ.
_ პოლიტიკური ნება თუ იქნება, აუცილებლად გაბედავენ. მინდა, ისიც იცოდეს თქვენმა მკითხველმა, რომ აქ მხოლოდ რუსული აგენტურა არ მოქმედებს. აქ კიდევ ბევრი სხვა ქვეყნის აგენტურაა წარმოდგენილი.
რადგან `თავისუფალმა რუსეთმა~ აგენტებზე გააკეთა ანგარიში, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთი აგენტების გაშიფვრით დაინტერესდა.
პროცესი ძალიან მალე დაიწყება.

 

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშივასაძეს და კალაძეს ივანიშვილმა მესამე ძალის შექმნაზე უარი უთხრა
შემდეგი სტატიათბილისში მოსული ძლიერი წვიმის გამო ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა შეიზღუდა