ვარშალომიძე ვაშაძის განცხადებაზე: ჩემი პოზიცია ურყევია, უარს ვამბობთ მანდატებზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან ვარშალომიძე ეხმაურება გრიგოლ ვაშაძის განცხადებას და ამბობს, რომ მისი პოზიცია პარლამენტში არშესვლასა და ბრძოლის გაგრძელებაზე უცვლელია.

“ჩემი პოზიცია თანამოაზრეების მსგავსად ურყევია. უარს ვამბობთ გაყალბებული არჩევნების შედეგად მონიჭებულ მანდატებზე! ასევე უცვლელი რჩება ჩვენი სტრატეგია – ხალხთან ერთად მიზნის მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოლებთ! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ”, – წერს ლევან ვარშალომიძე ფეისბუქის გვერდზე.

დღეს, 10 ნოემბერს გრიგოლ ვაშაძემ განცხადება გაავრცელა და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, პროცესები ქუჩიდან მოლაპარაკებების მაგიდაზე იქნას გადატანილი:

“მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად”, – აცხადებს ვაშაძე.

ის ამბობს, რომ ამისთვის აუცილებელია სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად სადაო უბნების გადათვლისა და სასამართლოების მიერ ოპოზიციის საჩივრების განხილვის პროცესის ბოლომდე მიყვანა, “რაც მოგვცემს საშუალებას დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის წარმომადგენლების სამართლიანი გამარჯვებით და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით”.

ვაშაძე ასევე აღნიშნავს, რომ ცესკო-ს თავჯდომარე უნდა გადადგეს, “მომავალ პარლამენტში” კი საგამოძიებო კომისია შეიქნას, რომელიც არჩევნებზე დარღვევებს შეისწავლის.

ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და მანდატებზე უარს ამბობენ.

banner
წინა სტატიაშილალი ალავიძე: ეხლა იკვნიტეთ ჭუჭყიანი ფრჩხილები
შემდეგი სტატიაკუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს 21:00 საათამდე მოემსახურება