ვარკეთილში 17 600 კვ.მ ფართობზე ორი ახალი სკვერი მოეწყობა

ვარკეთილში, მიმდინარე წელს 17 600 კვ.მ ფართობზე ორი სკვერის მოწყობა იგეგმება, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ განაცხადა და 2020-2021 წელს დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ვარკეთილში, ერთ-ერთი სკვერი ალექსიძის ქუჩაზე მოეწყობა. პროექტის განსახორციელებლად კი 500 000 ლარი დაიხარჯება.

„ვარკეთილის სივრცითი დაგეგმარება საბედნიეროდ, შენარჩუნებულია. ქალაქში ძალიან ბევრი მწვანე სივრცე გვაქვს, რომელიც მოვლასა და განახლებას საჭიროებს. ტერიტორია, რომლის რეაბილიტაციაც მიმდინარე წელს იგეგმება, ალექსიძის ქუჩაზე არსებული საკმაოდ დიდი სკვერია. სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 7 600 კვ.მ ფართობი განახლდება, დაირგვება დიდი ზომის ხეები და მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მთლიანად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და როგორც სარწყავი, ასევე, სანიაღვრე სისტემები მოეწყობა“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მერის მოადგილემ კიდევ ერთ პროექტზე ისაუბრა, რომელიც ვარკეთილის 3, მე-3 მიკრორაიონში, N310 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობას ითვალისწინებს.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ვარკეთილში, 10 000 კვ.მ ფართობზე სკვერის მოწყობას ითვალისწინებს. გასულ წელს ჩვენ ვარკეთილში ძალიან დიდი სივრცის რეაბილიტაცია განვახორციელეთ. წელს კი, როდესაც აღნიშნული პარკის რეაბილიტაციას დავიწყებთ, ვფიქრობთ, ადგილობრივი მოსახლეობისთვის კიდევ ერთი კარგი სივრცე შეიქმნება“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

აღნიშნული პროექტის ღირებულება 800 000 ლარს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე : ოდირმა ოპოზიცია ძალიან მძიმედ დატუქსა
შემდეგი სტატიადედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე გზაგამყოფი კუნძულები მოეწყობა