მამუკა მდინარაძე : ოდირმა ოპოზიცია ძალიან მძიმედ დატუქსა

ეუთო/ოდირმა ოპოზიცია ძალიან მძიმედ დატუქსა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ეუთო/ოდირის დასკვნის შესახებ ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, გუშინ პირველივე წუთებიდან ჩანდა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ეუთო/ოდირის დასკვნის შესახებ მოტყუებას აპირებდნენ.

„შემდეგ გაიშალნენ ეთერებში და ასეც მოიქცნენ, დაიწყეს სპეკულირება, თითქოს არსად წერია, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია, რაც ბუნებრივია, არც ეწერება. ეუთო/ოდირმა პირველივე ნაწილში ოპოზიცია დატუქსა და უთხრა, რომ ეუთო/ოდირი არ არის ის ადგილი, სადაც განსჯიან კონსტიტუციურობის საქმეს. ეს არის შიდა ეროვნული – სასამართლოს ანუ საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივა.

თუ ეუთო/ოდირი გეუბნება, რომ ისინი ვერ გაარჩევენ იმ თემას, რასაც ჰქვია კონსტიტუციურობის საკითხი, მაშინ ვერც იმას დაწერენ, რომ კონსტიტუციურია და ვერც იმას დაწერენ, რომ არაკონსტიტუციურია. ამაზე მოჭიდება და საზოგადოების ამით მოტყუება, რეალურად, ძალიან დიდი სირცხვილია. ეუთო/ოდირმა ოპოზიცია ძალიან მძიმედ დატუქსა. ძალიან სამწუხაროა, შეიძლება ეს ჩემი მხრიდან, როგორც სუბიექტური ადამიანის მხრიდან, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ოპოზიციაზე რაღაც გამარჯვება იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც ქვეყანაში გყავს ოპოზიცია, რომელიც ეუთო/ოდირის შეფასებით არის ძალიან არაკომპეტენტური, ეს არის ზოგადად, უხერხული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ოპოზიციამ ასევე უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო სახალხო დამცველი, როდესაც ეუთო/ოდირში გააგზავნინა კონსტიტუციურობის შესამოწმებლად მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი.

„ოდირმა ზოგადად იმსჯელა და თქვა, რომ ნებისმიერი მოდელი, მათ შორის, მაჟორიტარული, შერეული და პროპორციული არის ლეგიტიმური და სახელმწიფოს გადასაწყვეტია, რომელ მათგანს აირჩევს. ასევე, რა თქმა უნდა, მითითება იყო შიდაკონსენსუსთან დაკავშირებით, მითითება იყო გარკვეულ ხარვეზებზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაში“ლელო საქართველოსთვის” მიმართავს კონკურენციის სააგენტოს, შეისწავლოს ავიაციის ბაზარი
შემდეგი სტატიავარკეთილში 17 600 კვ.მ ფართობზე ორი ახალი სკვერი მოეწყობა