“ვარაუდები, თითქოს „ქართული ოცნება“ არ არის ისეთი პროდასავლური, როგორც წინამორბედები, რეალობისგან ძალიან შორს არის”

ვარაუდები, თითქოს „ქართული ოცნება“ არ არის ისეთი პროდასავლური, როგორც წინამორბედები, რეალობისგან ძალიან შორს არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა POLITICO-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტი დევიდ ჰერცენჰორნი დაინტერესდა საქართველოსა და რუსთის ურთიერთობით და პრემიერ-მინისტრს ჰკითხა – „ვარაუდები რუსეთისკენ კურსის შეცვლის შესახებ გამოითქვა 2012 წელს, როდესაც თქვენი პარტია მოვიდა ხელისუფლებაში”.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ეს ვარაუდები, თითქოს „ქართული ოცნება“ არ არის ისეთი პროდასავლური, როგორც წინამორბედები, რეალობისგან ძალიან შორს არის.

„რით განვსხვავდებით ჩვენ? იმით, რომ ჩვენ უფრო პრაგმატული ვართ და ვცდილობთ რუსეთთან ურთიერთობებში დაძაბულობის დეესკალაციას. და რატომ ვაკეთებთ ამას? იმიტომ, რომ უზრუნველვყოთ სათანადო სტაბილურობა რეგიონში, პირველ რიგში, ვიყოთ თანამიმდევრული დასავლეთთან, ევროკავშირსა და ნატოსთან მიმართებით და, რა თქმა უნდა, შევქმნათ ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელი სტაბილურობა. რასაკვირველია, ჩვენ გვინდა ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ ამისთვის აუცილებელი პირობაა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ქართული მხარე თვლის, რომ ე.წ. თანამშრომლობის შესახებ სხვადასხვა შეთანხმების ხელმოწერით ხორციელდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი შთანთქმა რუსეთის პოლიტიკური, სამხედრო და ბიუროკრატიული სივრცის მიერ.

”რასაკვირველია, ეს ძირს უთხრის სტაბილურობას რეგიონში. მიუხედავად ამისა, ჩვენ განუხრელად ვაგრძელებთ ჩვენი პრაგმატული დეესკალაციის პოლიტიკის გატარებას, რადგან ვაცნობიერებთ, რომ არ არსებობს ამ კონფლიქტის მოგვარების სამხედრო გზა. ეს ძალიან რთული საკითხია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: გამოვთქვამთ დიდ იმედს, რომ უახლოეს მომავალში ვიზალიბერალიზაციის საკითხი წარმატებით გადაწყდება
შემდეგი სტატიაეკა ბესელია: მთავარია რაზე იმუშავებს საკონსტიტუციო კომისია, და არა ვინ იქნება მისი თავმჯდომარე