გიორგი კვირიკაშვილი: გამოვთქვამთ დიდ იმედს, რომ უახლოეს მომავალში ვიზალიბერალიზაციის საკითხი წარმატებით გადაწყდება

ვიზების ლიბერალიზაციას აქვს უზარმაზარი გარდამქმნელი ძალა, რომელიც ამოძრავებს რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების პროცესს. გამოვთქვამთ დიდ იმედს, რომ უახლოეს მომავალში ეს საკითხი წარმატებით გადაწყდება, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი POLITICO-სთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

გიორგი კვირიკაშვილმა დევიდ ჰერცენჰორნისთვის მიცემულ ინტერვიუში ბრიუსელში ვიზიტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მისი პირველი ვიზიტი, სიმბოლურია, რომ ევროპის დედაქალაქში გაიმართა.

კითხვაზე ასრულებს თუ არა ევროკავშირი საქართველოსთვის მიცემულ დაპირებებს, განსაკუთრებით, საქართველოს მხრიდან დასავლეთთან ინტეგრაციასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებების გათვალისწინებით, გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ვიზების ლიბერალიზაციის საკითხი შეფერხდა ევროპულ ინსტიტუტებს შორის.

„ვიზების ლიბერალიზაციას აქვს უზარმაზარი გარდამქმნელი ძალა, რომელიც ამოძრავებს რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების პროცესს. გამოვთქვამთ დიდ იმედს, რომ უახლოეს მომავალში ეს საკითხი წარმატებით გადაწყდება. გარდა ამისა, კვირიკაშვილმა ძალიან მაღალი შეფასება მისცა „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით მიღებულ სარგებელს, როგორც უდიდეს მიღწევას, რომელიც საქართველოს აქცევს ევროპის სტრუქტურის ნაწილად ჯერ კიდევ ევროპულ ოჯახში მის გაწევრებამდე”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ჟურნალისტი დაინტერესდა საქართველოსა და რუსთის ურთიერთობით და პრემიერ-მინისტრს ჰკითხა – „ვარაუდები რუსეთისკენ კურსის შეცვლის შესახებ გამოითქვა 2012 წელს, როდესაც თქვენი პარტია მოვიდა ხელისუფლებაში”.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ეს ვარაუდები, თითქოს „ქართული ოცნება“ არ არის ისეთი პროდასავლური, როგორც წინამორბედები, რეალობისგან ძალიან შორს არის.

„რით განვსხვავდებით ჩვენ? იმით, რომ ჩვენ უფრო პრაგმატული ვართ და ვცდილობთ რუსეთთან ურთიერთობებში დაძაბულობის დეესკალაციას. და რატომ ვაკეთებთ ამას? იმიტომ, რომ უზრუნველვყოთ სათანადო სტაბილურობა რეგიონში, პირველ რიგში, ვიყოთ თანამიმდევრული დასავლეთთან, ევროკავშირსა და ნატოსთან მიმართებით და, რა თქმა უნდა, შევქმნათ ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელი სტაბილურობა. რასაკვირველია, ჩვენ გვინდა ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ ამისთვის აუცილებელი პირობაა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება განუხრელად აგრძელებს პრაგმატული დეესკალაციის პოლიტიკის გატარებას.

„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ არ არსებობს ამ კონფლიქტის მოგვარების სამხედრო გზა. ეს ძალიან რთული საკითხია”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე უკრაინის ინიციატივას, რომელიც რუსეთმა გაერო-ში დაბლოკა, მნიშვნელოვანს უწოდებს
შემდეგი სტატია“ვარაუდები, თითქოს „ქართული ოცნება“ არ არის ისეთი პროდასავლური, როგორც წინამორბედები, რეალობისგან ძალიან შორს არის”