ვანო ზარდიაშვილი : აბსურდულია, რომ სასამართლოს ვმართავ

აბსურდულია, რომ სასამართლოს ვმართავ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა განუცხადა.

დეპუტატს მედიის წარმომადგენლებმა კითხვებით მიმართეს როგორც სასამართლოში მიმდინარე პროცესების მიმართულებით, ასევე ეკა ბესელიასთან დაპირისპირების თაობაზე. ზარდიაშვილი აცხადებს, რომ მისი მხრიდან შეუძლებელია სასამართლოს მართვა.

„ვინც კონსტიტუციასა და სამართლებრივ ჩარჩოებს იცნობს, ეცოდინება, რომ ეს შეუძლებელია. ეს არის პოლიტიკური ბრალდებები, ცილისწამება და არა სამართლებრივად განხორციელებადი. მოსამართლეებთან შეხვედრა რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიის წინ, განათებულ ადგილას მოხდა. აქედან გამომდინარე, ფარულ შეხვედრებზე საუბარი ზედმეტია”, – განაცხადა ზარდიაშვილმა.

დეპუტატი ფარული ჩანაწერების გავრცელებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ამორალური საქციელია, მისი გადამღებიც და გამავრცელებელიც უმკაცრეს სასჯელს იმსახურებს.

„პირობას გაძლევთ, რომ ეკა ბესელიასთან ერთად გამოძიების დასრულებას მოვითხოვ და შედეგებს ერთად ვნახავთ. გულწრფელად რომ გითხრათ, კადრების გავრცელება „ნაციონალების“ ინტერესში შედის და თუ პორტირებულებს ეხებით, ეს შეიძლება „ოცნებიდან“ პორტირებულების ინტერესებში შედიოდეს“, – აღნიშნა დეპუტატმა.

ვანო ზარიაშვილი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ჩატარდა.

„ამ მიმართულებით პრობლემა სამართლის ცოდნასთან გვაქვს. ადვილად შეგიძლიათ მიხვდეთ, რომ ეს ინფორმაცია ჭორია, რადგან ამ ქმედებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება“, – აღნიშნა ზარდიაშვილმა.

ზარდიაშვილმა ასევე უარყო ინფორმაცია, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობის შესახებ.

„არასოდეს არ ვყოფილვარ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, განყოფილების უფროსი ვიყავი. ჩვენს გუნდშიც ნახავთ იმ პირებს, რომელთაც უფრო დიდი თანამდებობა ეკავათ. ჩემი დაკავშირება შვიდი წლის წინ პოზიციასთან პოლიტიკური პროცესია. რაც შეეხება უმრავლესობის სხდომებს, თქვენ ერთპროცენტიანი ინფორმაცია გაქვთ იმის, რაც იქ რეალურად მოხდა. ვიღაცის ინტერესია, ინფორმაცია დამახინჯებული ფორმით გამოვიდეს“, – დასძინა ზარდიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდაგროვებითი პენსია – “ევროპული საქართველო” კანონის შეჩერებას ითხოვს
შემდეგი სტატიაარანორმალურია, როდესაც „ქართული ოცნება“ ცდილობს ჩაშალოს ასეთი ტიპის შეხვედრა – კაპანაძე ლიეჟში მომხდარ ინციდენტზე