ვახტანგ რჩეულიშვილმა სასამართლო სხდომათა დარბაზი დატოვა

“ცენტრ პოინტის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვახტანგ რჩეულიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზი დატოვა.

ვახტანგ რჩეულიშვილმა დარბაზის დატოვებამდე სასამართლოს სთხოვა, გაეთავისუფლებინა მისი მეუღლე, მაია რჩეულიშვილი, სანაცვლოდ კი, ის დაეკავებინათ. მოსამართლემ ვახტანგ რჩეულიშვილს სიმშვიდისკენ ან დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა.

როგორც ვახტანგ რჩეულიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის მძიმე საყურებელია მაია რჩეულიშვილის პატიმრობაში ყოფნა.

“ვერ ვუყურებ, რომ მაია დაპატიმრებულია, რადგან ის აბსოლუტურად უდანაშაულოა. თან მზარავს ის ფაქტი, რომ დაპატიმრებულია “თეთრ მაგნოლიაზე” რომელიც აშენებულია. კი ბატონო, ხარვეზები არის, მაგრამ რისთვის დავამთავრო დანარჩენი მშენებლობა. პროკურატურამ დაამთავროს. მე ვამბობ ძალიან მარტივად – უნდათ მაიას დაჭერა? – დაიჭირონ, უნდათ მოკლან? – მოკლან. მაინც ვერაფერს გვიზამენ, ღმერთი არის მაღალი”,- განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.

დღევანდელ სხდომაზე დაიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები – დაზარალებულები. სამივე ეჭვმიტანილს – მაია რჩეულიშვილს, რუსუდან კერვალიშვილსა და კომპანია დექსუსის ხელმძღვანელ ივანე ცაგურიას თაღლითობასა და თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებენ.

საქმეში სულ 5 ეპიზოდია და ის დაუსრულებელ მშენებლობებს ეხება. პროცესი ერთი კვირის წინ უნდა გამართულიყო, თუმცა რუსუდან კერვალიშვილის გამოუცხადებლობის გამო დღეისთვის გადაიდო.

“დღეს დაიკითხებიან სააკაძის მოედნის მობინადრეები – დაახლოებით 10-12 ადამიანი. სამი ბრალდებულია, მაია რჩეულიშვილია ამ ეტაპზე მეორე საქმეზე დაპატიმრებული, დანარჩენ ორს, რუსუდან კერვალიშვილსაც და ივანე ცაგურიასაც გირაო აქვთ შეფარდებული. არც ერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს”,- განაცხადა ადვოკატმა მარინა ცუცქირიძემ.

banner
წინა სტატიაშიშემცირებული იმპორტი და ექსპორტი – ენმ სტატისტიკის დეპარტამენტის პირველი ექვსი თვის შედეგებს ასაჯაროებს
შემდეგი სტატიაEBRD-ი “რუსთავის აზოტს” 155 მლნ დოლარის დაფინანსებას გამოუყოფს