EBRD-ი “რუსთავის აზოტს” 155 მლნ დოლარის დაფინანსებას გამოუყოფს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი კომპანია “რუსთავის აზოტს” 155 მილიონი დოლარის დაფინანსებას გამოუყოფს. ამის სესახებ შეთანხმებას დღეს EBRD-ის დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერამ და Loyal capital group S.A.-ს დამფუძნებელმა და “რუსთავის აზოტის” მფლობელმა რომან ფიფიამ მოაწერეს ხელი.

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები ესწრებოდნენ.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, დაფინანსება გამოყენებული იქნება ამიაკის წარმოების ხაზის რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, რაც ენერგოეფექტური ღონისძიებების გამოყენებით განხორციელდება. შედეგად, ენერგიის მოხმარება 30%-ით შემცირდება.

155 მილიონი დოლარის დაფინანსებიდან, რეფინანსირებისთვის 125 მილიონ დოლარს EBRD გასცემს, ხოლო 30 მილიონ დოლარს – “საქართველოს ბანკი”.

EBRD-ის მიერ გასაცემი 125 მილიონიდან 50 მილიონი ევრობანკის საკუთარი სახსრებია, 25 მილიონი – ჰოლანდიური ბანკ FMO-ს, ხოლო 50 მილიონი ლუქსემბურგში არსებული East West United Bank-ის.

EBRD-ის სესხის გაცემის მომენტისთვის “რუსთავის აზოტის” თანამფლობელი გახდება “საპარტნიორო ფონდი”.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, “რუსთავის აზოტის” ქარხანა არის ბევრი წლის წინ აშენებული.

“ახლა მისი სრული მოდერნიზაცია და ახალ სტანდარტებზე გადაყვანა ხდება. 155 მილიონი დოლარის პაკეტი შექმნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა. ეს არის უპრეცედენტოდ დიდი ტრანზაქცია კერძო სექტორში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ რჩეულიშვილმა სასამართლო სხდომათა დარბაზი დატოვა
შემდეგი სტატია(video) კიევში მანქანის აფეთქების შედეგად ჟურნალისტი პაველ შერემეტი დაიღუპა