ვახტანგ კაპანაძე: ეს გადაწყვეტილება ჰაერიდან არ არის მოტანილი

რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევაზე ინფორმაციას გენშტაბის უფროსი გამოეხმაურა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება ჰაერიდან არ არის მოტანილი.

„ძირითადი არგუმენტი რაც პროფესიული ჯარის მოწინააღმდეგეებს აქვთ, არის ის, რომ პროფესიული ჯარი წყდება საზოგადოებას და ხდება ერთგვარი სამხედრო კასტა, მეორე არგუმენტი არის რომ პროფესიული ჯარისკაცის შენახვა სახელმწიფოს უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე წვევამდელის. ჩვენი კონცეფცია არის, რომ არ უნდა მოხდეს წყვეტა საზოგადოებასა და ჯარს შორის და რეზერვი შეავსებს ამ ნიშას. რაც შეეხება ფინანსებს, ეს უნდა განვიხილოთ გრძელვადიან პერიოდში. პროფესიული ჯარის შენახვა უფრო იაფია, ვიდრე წვევამდელის. თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ წვევამდელი ჯარისკაცი ისევე უნდა მომზადდეს, როგორც პროფესიონალი ჯარისკაცი, ელემენტარულად, ეს დამატებით თანხებს ითხოვს. ამავე დროს ცუდ ჯარისკაცს და კარგ ჯარისკაცს აქვთ ერთნაირი კვება, სჭირდებათ აღჭურვილობა, ტრანსპორტირება. ამავე დროს წვევამდელს ვერ წაიყვან საერთაშორისო ოპერაციებში. ჩვენ ჰაერიდან არ მოგვიტანია ეს გადაწყვეტილება, საკმაოდ დიდხანს იყო დისკუსია. ასევე ჰაერიდან არ არის მოტანილი რიცხვები და გათვლილია ყველა ხარჯი, რაც სჭირდება ჯარისკაცს თავის საქმიანობაში. ამის დაჯამების შედეგად არის მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც სწორია“, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

მისივე თქმით, წვევამდელების შემთხვევაში ქვეყანას აკლდება სამუშაო ძალა, გადასახადის გადამხდელი და ამავე დროს აქვს ხარჯი მის შენახვაში. რაც შეეხება ჟურალისტის შეკითხვას, თუ რატომ არ იცოდა ეს დეტალები თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა, კაპანაძის თქმით, ეს კითხვები მას არ უნდა დაუსვან.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მედიასთან შეხვედრაზე გუშინ მოაწერა. როგორც ხიდაშელმა განმარტა, ბრძანების შესაბამისად თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო გაწვევას არ განახორციელებს.

 

 

banner
წინა სტატიაშიარქეოლოგიური აღმოჩენები აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში
შემდეგი სტატიაუჩა ძოძუაშვილი: ჩემი “დელტადან” გათავისუფლება განხორციელდა დარღვევებით­ და ეყრდნობოდა მინისტრის სუბიექტურ აზრს