ვახტანგ გომელაური – ბადრი ესებუას დაკავება ჩვენთვის ღირსების საკითხია, მის დასაკავებლად ყველაფერს ვაკეთებთ და აუცილებლად დავაკავებთ

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ძებნილი პირის, ბადრი ესებუას დაკავების მიზნით, ყველაფერი კეთდება და მას პოლიცია აუცილებლად დააკავებს

ამის შესახებ გომელაურმა პარლამენტში კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოხსენებით წარდგენის შემდეგ დეპუტატების კითხვებზე პასუხის დროს განაცხადა.

„მსოფლიო სტანდარტია ჩვეულებრივად, როცა ელოდები, თუ პირველ მძევალს გაანადგურებს, იწყებ ოპერაციას. არის, როდესაც პირდაპირ შტურმს ვიწყებთ, შედიხარ, არის როდესაც ელოდები და აძლევ იმის საშუალებას, რომ არანაირი რისკის ფაქტორი, ანუ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ დავაყენოთ რისკის ქვეშ და შევუსრულოთ ის, რასაც ითხოვს თავდამსხმელი. შემდეგ მოხდება მისი დაკავება, თუ განადგურება ეს სხვა თემაა.

რა თქმა უნდა, გვქონდა ჩვენ საუბარი, ირაკლი ჩიქოვანიც იქ იყო, პრემიერთანაც და ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ არც ერთი ადამიანი არ უნდა დაშავებულიყო, მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ეს ადამიანი ისე გასულიყო, თუ დავაკავებთ, ძალიან კარგი, თუ არადა და სისხლი არ დაიღვაროს და ყველაფერი გაკეთდა ამისთვის. რაც შეეხება დაკავებას, ჩვენ ვმუშაობთ ამ თემაზე. ოპერატიულ ინფორმაციაზე ღიად ვერ ვისაუბრებ. მოხდა მისი ძმის დაკავება, გვქონდა ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი აწვდიდა მას საკვებს. მერე აღმოჩნდა, რომ თან ჰქონდა ვაზნები და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერება. ეს ადამიანი იყო, რომელმაც 15 წუთით ადრე, სანამ მივაკითხეთ და დავადგინეთ, სადაც იყო, გაიყვანა თავისი მანქანა ტყეში, გაიქცა და მიიმალა. მეორე დღე იყო ამ ოპერაციის.

ძალიან ხშირად არის ხოლმე შეკითხვები, იგივე ჟურნალისტების მხრიდან, რომ რას ვაკეთებთ. საქართველოში ჩვენ გვყავს 20 წლის ძებნილები, დღესაც, რომლებიც საქართველოში არიან და ქვეყანა არ დაუტოვებიათ. გვყავს 16 წლის ძებნილი. გვყავს, რომელმაც 2006 წელს ჩაიდინა დანაშაული მკვლელობაზე და დღესაც არ არის დაკავებული. ისე, ნუ უკვირს ხოლმე ოპოზიციას, რა ხდება, რა ვერ დააკავეთ ერთ თვეში და ორ თვეში. ეს ჩვეულებრივი თემაა, სად წავა, დღეს არა, ხვალ დავაკავებთ, მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დავაკავოთ. პირველ რიგში ჩვენთვის ღირსების საკითხია და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დავაკავოთ და მე ვფიქრობ, აუცილებლად დავაკავებთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშიგომელაური: არა ვინმესთვის, არამედ ქვეყნისთვის არის ცუდი, როცა ოპოზიცია არ არის წარმოდგენილი პარლამენტში
შემდეგი სტატიაგომელაური: პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოსა და მის ინსტიტუტებზე თავდასხმას