ექსკლუზივი: „ივანიშვილმა გადაწყვეტილება მიიღო – შემოდგომაზე ვადამდელი არჩევნები ჩატარდება“

ინფორმაცია, რომელიც „თაიმერისთვის“ მმართველი პარტიის კულუარებიდან გახდა ცნობილი, პრინციპში, უცხო და მოულოდნელი არავისთვის უნდა იყოს. ზოგადად, ამ თემაზე დიდი ხანია საუბრობენ პოლიტიკურ წრეებში და იგივე ოპოზციის ნაწილიც არ გამორიცხავდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაენიშნა. ამჯერად კი ეს ყველაფერი უკვე რეალობაა.

ყოველ შემთხვევში, ჩვენი ინფორმატორი მმართველი გუნდიდან ექსკლუზიურად გვეუბნება, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი გადაწყვეტილია. „დიახ, შემიძლია გითხრათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“, კერძოდ, პარტიის თავმჯდომარემ და ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა, ბიძინა ივანიშვილმა აღდგომის წინა დღეებში მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. ამასთან, მაქვს ინფორმაცია, რომ ამ თემის შესხებ ივანიშვილმა შუამავლები პრეზიდენტ ზურაბიშვილთანაც გაგზავნა და მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ სალომემ ვადამდელი არჩევნები დანიშნოს. კანონის შესაბამისად, პრეზიდენტს ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ინაუგურაციიდან ექვსის თვის შემდეგ შეუძლია. მოგეხსენებათ, სალომეს ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართა. შესაბამისად, ზურაბიშვილი, როგორც პრეზიდენტი, მხოლოდ ივნისის შუა რიცხვების შემდეგ იქნება უფლებამოსილი, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამოაცხადოს. ამასთან ერთად, ისიც შემიძლია გითხრათ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური და ასევე, ადამიანური რესურსების მობილიზება შს მინისტრ გიორგი გახარიას დაევალა,“ – ეუბენება „თაიმერს“ კონფიდენციალური წყარო. იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, ფორმალური საბაბია საჭირო – ვთქვათ, პარლამენტმა ბიუჯეტი რამდეჯერმე უნდა ჩააგდოს, მაგრამ მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის ბიუჯეტი კარგა ხნის დამტკიცებულია.

ამიტომ, ბიუჯეტის ჩაგდება ვადამდელის მიზეზად ვერ გამოდგება. ამას გარდა, ვადამდელის დანიშვნა იმ შემთხვევშიც შეიძლება, თუ მთავრობა გადადგება და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მთავრობის ახალ შემადგენლობას რამდენჯერმე რ დაამტკიცებს. ყველა ვხვდებით, რომ მთავრობა არ გადადგება, მაგრამ მოგეხსენებათ, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ თანამდებობა უკვე დატოვა და მის ადგილას ნათია თურნავა დაინიშნა. არსებული კანონით, თუ მთავრობაში ორი-სამი მინისტრის ცვლილება კიდევ განხორციელდება, მაშინ პრემიერს უფლება არ ექნება, რომ ახალი მინისტრები ერთპიროვნულად დაამტკიცოს.

ასეთ შემთხვევაში, მთავრობას ხელახლა ნდობა პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს, მაგრამ მოგეხსენებათ, „ოცნებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ აქვს. დარჩენილ უმრავლესობაშიც აზრთა სხვადასხვაობაა.
ამიტომ, თუ რამდენიმე მინისტრს გადააყენებენ და მთავრობის ახალ შემადგნელობას პარლამენტს წარუდგენენ დასამტკიცებლად, ეს ამბავი ჩავარდება და შესაბამისად, ამოქმედდება ივანიშვილის გეგმა, ანუ მართალია, არსებული ინფორმაციით, ივანიშვილი ზურაბიშვილს აღარ ელაპარაკება, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, მან შუამავლები გაუგზავნა სალომეს, რომ ვადამდელი არჩევნები დანიშნოს, რაზეც პრეზიდენტიც დასთანხმდა. ასე რომ, სავსებით ლოგიკურია, ქართულ პოლიტიკაში ზუტად იმ სცენარით განვითარდეს მოვლენები. მთავრობის არდამტკიცების გარდა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შეიძლება, კიდევ იმ მოტივით დაინიშნოს, რომ ქვეყანაში ახალმა პოლიტიკურმა კრიზისმა იფეთქოს. ეს ვერსიაც აბსოლუტურად დასაშვებია, რადგან ბოლო დროს მოვლენები ზუსტად ამისკენ მიდის. მაგალითად, უკიდურესად გამწვავევბულია ვითარება დავით გარეჯთან დაკავშირებით.

ამ თემაზე მთელი პოლიტიკური სპექტრი ერთსულოვანია, ანუ ოპოზიციის და ხელისუფლების მხარდამჭერებიც მზად არიან, რომ დავით გარეჯი დაიცვან. ამ კონტექსტში ის არის საინტერესო, რომ თავად ხელისუფლება გარეჯთან დაკავშირებით, როგორც იტყვიან, დუმილის უფლებას იყენებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ „თაიმერის“ წყარო სანდოა, მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, დიდი ალბათობით, გამართლდება და შემოდგომაზე საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, რომლის შედეგადაც „ოცნება“, ბუნებრივია, პარლამენტში ისევ იქნება წარმოდგენილი, თუმცა მას აღარ ექნება იმის საშუალება, რომ მთავრობა დააკომპლექტოს და შესაბამისად, ახალი კოალიციური იქნება, რომელშიც ოპოზიცია არაერთი მინისტრის სავარძელს მიიღებს.

“თაიმერი”

WWW.TIMER.GE

 

banner
წინა სტატიაშიძველ ხიბულამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ხორციელდება
შემდეგი სტატიაკანონმდებლები ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს მოუსმენენ – შს მინისტრი და სუს-ის უფროსი პარლამენტში კვირის ბოლოს მივლენ