,,უვიზო მიმოსვლა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ლოგიკური ნაბიჯი იქნება”

news
ავტ.: news ნოემბერი 18, 2015 11:16

,,უვიზო მიმოსვლა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ლოგიკური ნაბიჯი იქნება”

მნიშვნელოვანი

  • საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ე.წ. რბილი ძალის წარმატების მაგალითი, მიუხედავად ამისა, ქვეყანამ კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს , რათა უზრუნველყოს რეგიონის სტაბილურობა და ადამიანის უფლებათა დაცვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი euractiv.com-ზე გამოქვეყნებულ წერილში წერს.

სხვა სტატიები

საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ე.წ. რბილი ძალის წარმატების მაგალითი, მიუხედავად ამისა, ქვეყანამ კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს , რათა უზრუნველყოს რეგიონის სტაბილურობა და ადამიანის უფლებათა დაცვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი euractiv.com-ზე გამოქვეყნებულ წერილში წერს.
წერილში სახელწოდებით – “უვიზო მიმოსვლა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ლოგიკური ნაბიჯი იქნება” საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიმოიხილავს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომას, რომელიც მიმდინარე კვირაში ბრიუსელში გაიმართა და საუბრობს იმ მოლოდინებზე, რომელიც საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით აქვს.
“ურთიერთობების განმტკიცების საუკეთესო გზა ადამიანების შორის კონტაქტია. ეს წესი ვრცელდება ურთიერთობების ნებისმიერ დონეზე, იქნება ეს პოლიტიკური, საქმიანი თუ ტურიზმის სფერო. პირადად მე ეს გამოვცადე ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების საბჭოს სხდომაზე, რომელიც ამ კვირაში ბრიუსელში გაიმართა. ამ სხდომაზე დადასტურდა ჩვენი წინსვლა ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. დისკუსიებისას აღიარებულ იქნა ბოლო წლებში ჩვენი მთავრობის ყოვლისმომცველი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების ეფექტიანობა, რომელთა შედეგადაც საქართველო უახლოვდება ევროპულ ნორმებს. ეს პროგრესი აისახა ჩვენი რეიტინგების სტაბილურ ზრდაში დემოკრატიული სტანდარტების ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა არჩევნები, სიტყვისა და მედიის თავისუფლება, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებათა დაცვა, გამჭვირვალობა და კორუფციის აღმოფხვრა. 2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ ჩვენმა მთავრობამ პრიორიტეტებად გამოაცხადა მზარდი გამჭვირვალობა, სანიმუშო მმართველობა, პოლიტიკური ანგარიშვალდებულება და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა, როგორც დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციისადმი ჩვენი ერთგულების გამოხატულება. გარდა ამისა, ჩვენ მივიღეთ ზომები მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და პრესის თავისუფლების უზრუნველსაყოფად”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასებით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეს უკვე მოჰყვა პოზიტიური შედეგები, რაც ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაში აისახება.
“საქართველო, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის გზაჯვარედინზე თავისი უნიკალური მდებარეობის წყალობით, ევროპისთვის არის აზიის კარიბჭე. ამის უტყუარი დემონსტრირება იყო ახლახან თბილისში ჩატარებული აბრეშუმის გზის პირველი ფორუმი – პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც პოლიტიკისა და ბიზნესის სფეროების საერთაშორისო ლიდერებმა განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები. საქართველო უპირობოდ ემსახურება ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების საქმეს. ამავე დროს, ჩვენ პროაქტიულად ვუწყობთ ხელს იმ ღირებულებების განმტკიცებას, რომლებიც გვაერთიანებს ჩვენს პარტნიორებთან ევროკავშირიდან. ამის ნათელი მაგალითია პირველი საერთაშორისო კონფერენცია გენდერული თანასწორობის საკითხებზე, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა გასულ კვირას. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურსა და გაერო-სთან ერთად ორგანიზებულ ამ კონფერენციაზე გამოიკვეთა ჩვენი ურყევი გადაწყვეტილება რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით, რომლებიც მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების უზრუნველყოფას საყოველთაო თანასწორობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საფუძველზე. დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზა შეუქცევადია. საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 80% მხარს უჭერს ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებას. ევროკავშირთან დაახლოების სარგებელი საყოველთაოდ არის აღიარებული. საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ე.წ. რბილი ძალის წარმატების მაგალითი. მიუხედავად ამისა, ქვეყანამ კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს, რათა უზრუნველყოს რეგიონის სტაბილურობა და ადამიანის უფლებათა დაცვა. უვიზო მიმოსვლა იქნება ლოგიკური ნაბიჯი საქართველოს გზაზე ევროკავშირში ინტეგრაციისკენ და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებაში. საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროპაში უვიზო მიმოსვლის გარეშე ჩვენ ვერ მივაღწევთ წინსვლას ადამიანებს შორის კონტაქტების გაღრმავებაში, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში ევროკავშირის ღირებულებების განმტკიცების კუთხით. გარდა ამისა, ჩვენმა ხალხმა უნდა დაინახოს მიმდინარე რეფორმების კონკრეტული სარგებელი. არსებითად მნიშვნელოვანია, ცხადვყოთ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია მიღწევების შესაბამისად მიმდინარეობს. საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა უპასუხოს ვიზების ლიბერალიზაციის მოთხოვნებს, როგორც ეს გასულ კვირას აღნიშნეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ და ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა”, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის წერილში.
პრემიერს სტატიაში მოჰყავს ფედერიკა მოგერინის სიტყვები, რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულების გზაზე, ასევე ასოცირების კომიტეტის განცხადება, რომელშიც აღიარებულია “საქართველოს სწრაფი პროგრესი ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში”.
“შესაბამისად, გამოვთქვამ იმედს, რომ კომისიის მიერ დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში პროგრესის შესახებ შევა პოზიტიური სიგნალი ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ევროპარლამენტარების მტკიცე მხარდაჭერა. ჩვენ უნდა გავაღვივოთ ადამიანებს შორის კონტაქტები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ქართველებისა და ევროპელების ურთიერთობების განმტკიცების საქმეში”, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

news
ავტ.: news ნოემბერი 18, 2015 11:16

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,373
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics