უსუფაშვილს დაუყენეს ლევან გოგიჩაიშვილი – რადგან ბანდიტი იყო და ციხეში ნაჯდომია, კარგი ვაჟკაცი იქნება? რა ლაპარაკია ეს?

”ქართულ ოცნებას” თავში აქვს ავარდნილი, ჰგონიათ რომ კონსტიტუციური უმრავლესობით მოდიან, მაგრამ დასასრული მწარე იქნება, – ასე პასუხობს ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, გია ვოლსკის გუშინდელ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარეზე, რომ ბიუროს სხდომაზე დეპუტატების დაუსწრებლობისგან პოლიტიკური სკანდალის შექმნა ვაჟკაცური საქციელი არ არის. როგორც ბერძენიშვილმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ვოლსკის ზედმეტი მოსდის.

”რა შუაშია ვაჟკაცობა? პარტიული ღონისძიების სახელმწიფო ინტერესზე მაღლა დაყენება და ამის შესახებ ინფორმაციის დამალვაა ვაჟკაცური საქციელი? ვაჟკაცობაზე ისეთი ხალხი ლაპარაკობს, რომლებსაც როგორც ჩანს, თავისებური წარმოდგენა აქვს ამ ფენომენზე. არ არის ეს პოლიტიკური ტერმინი და არ არის სასურველი ამ ტონით ვისაუბროთ. უსუფაშვილს დაუყენეს გოგიჩაიშვილი როგორც ჩანს იმ მოტივით, რომ რადგან ბანდიტი და ციხეში ნაჯდომია, კარგი ვაჟკაცი იქნება. რა ლაპარაკია ეს? რა მიდგომებია ვერ გავიგე პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ? საქართველოს პარლამენტს ჰყავს თავმჯდომარე და მას სჭირდება პატივისცემა არამარტო იმიტომ, რომ რომელიმე პარტიის თავმჯდომარეა, არამედ იმიტომ რომ პარლამენტის თავმჯდომარეა. ბიურო გააცდინა და კიდევ აქეთ გვდებენ ბრალს? პირდაპირ სასაცილო ამბავია. თავში აქვთ ავარდნილი, ჰგონიათ, რომ კონსტიტუციური უმრავლესობით მოდიან, მაგრამ მწარე იქნება დასასრული. მახსოვს შევარდნაძემ როგორ უთხრა ”ლეიბორისტული პარტიის” ლიდერს შალვა ნათელაშვილს, რომელსაც ერთმა მოგებამ თავბრუ დაახვია, რომ აღმართებს დაღმართები მოსდევს – ჩემო შალვაო. ვოლსკისაც მინდა ვუთხრა, რომ ჯერჯერობით არანაირი დიდი აღმართი არ აუვლიათ ამ ტონით რომ ილაპარაკონ საქართველოს პარლამენტზე და პარლამენტის თავმჯდომარეზე”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ლიდერი გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ ბიუროს სხდომაზე დეპუტატების დაუსწრებლობისგან პოლიტიკური სკანდალის შექმნა ვაჟკაცური საქციელი არ არის. ამ განცხადებით ვოლსკი გუშინ პარლამენტის თავმჯდომარეს გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ უმრავლესობის წევრებმა ბიუროს სხდომაზე დაუსწრებლობის მიზეზი უნდა განმარტონ.

წყარო: WWW.IPN.GE

banner
წინა სტატიაში„ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები მომეწონა და ხმას მივცემ იმას, ვინც ვაკეში იქნება”
შემდეგი სტატიაცენტრალურმა საარჩევნო კომისისამ ბედუკაძის პარტია “ცენტრისტები” რეგისტრაციიდან მოხსნა