უსინათლოთათვის ფეხბურთის მატჩების აუდიო-აღწერილობითი კომენტირების პროგრამა დაინერგა

პირველად საქართველოში: სამინისტროს ინიციატივით საქართველოში უსინათლოთა და მცირემხედველთათვის საფეხბურთო მატჩების აუდიო-აღწერილობითი კომენტირების პროგრამა (ტიფლოკომენტირება) დაინერგა.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან უსინათლო და შეზღუდული მხედველობის მქონე გულშემატკივრები საფეხბურთო მატჩებზე დასწრებას და მათ მაქსიმალურად სრულფასოვან აღქმას შეძლებენ.

სამინისტროს ცნობით, აუდიო-აღწერილობითი კომენტირების პროგრამით (ტიფლოკომენტირებით) პირველი მატჩი დღეს „დინამო არენაზე“ გაიმართება. ფეხბურთის ქომაგები 21:00 საათზე ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრას დაესწრებიან თბილისის „დინამოსა“ და სომხურ კლუბ „ალაშკერტს“ შორის.

ამასთან, ტიფლოკომენტირების პროგრამა საქართველოში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ დანერგა. სპეციალური კომენტატორები უცხოელმა ტრენერებმა მოამზადეს. ისინი მატჩის მსვლელობისას დეტალურად აღწერენ როგორც სათამაშო მოედანზე, ასევე მთლიანად სტადიონზე მიმდინარე მოვლენებს. აპარატურის სიხშირე მთელ სტადიონს ფარავს, ამდენად უსინათლოთათვის სპეციალურად ადგილების გამოყოფა საჭირო არაა. სიხშირის მისაღებად გულშემატკივრებს მხოლოდ მობილური ტელეფონი და ინდივიდუალური ყურსასმენი ჭირდებათ.

„დინამო არენაზე“ პროგრამის ტესტირებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ პრეზიდენტი რომან ფიფია უსინათლოებთან ერთად დაესწრნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, უსინათლოთა და მცირემხედველებისთვის საფეხბურთო მატჩების აუდიო-აღწერილობითი კომენტირების პროგრამა (ტიფლოკომენტირება) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და „ფეხბურთის ხელმისაწვდომობის ევროპულ ცენტრს – „CAFE” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა.

ამასთან, საქველმომქედო ორგანიზაცია CAFÉ UEFA-ს ეგიდით შშმ პირთათვის ფეხბურთის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა. CAFÉ იყო ევროპის 2012 და მსოფლიოს 2014 წლების ჩემპიონატების ოფიციალური მონაწილე, სადაც ყველა მატჩი უზრუნველყოფილი იყო აუდიო-აღწერილობით კომენტირებით. აღნიშნული პროგრამა წარმატებით განხორციელდა საფრანგეთში დასრულებულ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზეც.

პროგრამა ხორციელდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის ხელშეწყობით.

banner
წინა სტატიაშიივნისისა და ივლისის დასაწყისში საქართველოში 3 მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიაინციდენტი ზუგდიდში – ჩხუბი პატრულის თანამშრომელსა და მაღაზიის მეპატრონეს შორის