უნდა ველაპარაკოთ ცხინვალს, უნდა ველაპარაკოთ სოხუმს, უნდა ველაპარაკოთ მოსკოვს და ყველგან უნდა ჩავიდეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად

ბათუმში, ევროპის მოედანზე „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს პარტიის ლიდერებმა, ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა მიმართეს.

მათი თქმით, აქციის მთავარი მოთხოვნებია მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება, პირდაპირი დიალოგი სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და „ნაციონალური მოძრაობის“ გამოცხადება დამნაშავე პოლიტიკურ ძალად.

„აქციის მთავარი მოთხოვნაა, პარლამენტმა ბოლოს და ბოლოს მიიღოს ჩვენი რეზოლუცია და გასამართლდეს „ნაცმოძრაობის“ დამნაშავე რეჟიმი. ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი, ასევე ხელისუფლებამ დაინახოს ხალხის გასაჭირი, ხალხის მოთხოვნა. ჩვენ უნდა დავიწყოთ პირდაპირი დიალოგი სოხუმთან, ცხინვალთან თუ მოსკოვთან“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

„არა ოცნებას“, „არა ნაციონალურ მოძრაობას“ „უნდა დავიწყოთ დიალოგი მოსკოვთან, ცხინვალთან და სოხუმთან“ -ასეთი იყო აქციაზე გაჟღერებული მთავარი მესიჯები.

„ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი და დიალოგი მოსკოვთან, უნდა დავიწყოთ საუბარი აფხაზებთან და ოსებთან, როდემდე უნდა ვიყოთ ასე, ვის ველოდებით. ჩვენ დავკარგეთ, ჩვენ დავზარალდით“ – განაცხადა აქციაზე ადა მარშანიამ. მან ასევე განაცხადა, რომ მოსკოვში ჩასვლისას რუსულ მხარეს არ ელაპარაკებიან თავდახრით.

„რეაქციული, ჭეშმარიტი ნაცმოძრაობა ბოკერიაა და ეს ხალხი უნდა გასამართლდეს“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა.

„ახლა მიდის ლაპარაკი იმაზე ოკუპანტია – არ არის ოკუპანტი. ჩვენ ხალხნო ქვეყნის გაერთიანება გვინდა თუ არა?! ამიტომ უნდა ვიყოთ მტკიცე, უნდა ველაპარაკოთ ცხინვალს, უნდა ველაპარაკოთ სოხუმს, უნდა ველაპარაკოთ მოსკოვს და ყველგან უნდა ჩავიდეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა

„დააკვირდით, ეს ტერმინები: „ოკუპანტია“, „მტერია“… ვერ ხვდებით, რომ სულ მტრობისკენ და ომისკენ მიდის საქმე. ჩვენ არ გვინდა მტრობა, არც ომი გვინდა. არც მოსკოვთან გვინდა მტრობა და ომი, არც ცხინვალთან, არც სოხუმთან, არც ბაქოსთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენსას რამეს ვთმობთ.

ჩვენ ყველა სიტყვას უნდა დავუფიქრდეთ, არც ერთი სიტყვა არ უნდა ვთქვათ, რომელიც ამ მტრობას და ომს აღვივებს. გონივრული საუბარი, დიპლომატია რა არის, დიპლომატია კი არ არის, რომ მიხვიდე კაცთან და ხელი დაარტყა ან ჩახვიდე და მაგიდაზე მუშტები ურტყა. დიპლომატია არის ჭკვიანური სიტყვა, რომელსაც მოაქვს მშვიდობა. ჩვენ გვინდა დიალოგი მოსკოვთანაც, სოხუმთანაც, ცხინვალთანაც.

ჩვენ გვინდა ტურისტები, რომელიც აქ არ არის ახლა, ბიზნესიც გვინდა, ექსპორტიც, იმპორტიც, კარგი ცხოვრება, ოჯახური ბიზნესი გვინდა. გვინდა ის, რასაც მოაქვს სიმდიდრე, ყოველი ოჯახის გამდიდრება. არ გვინდა არც ქართული ოცნება, არც ნაცმოძრაობა,არც ბოკერიები“ – განაცხადა აქციაზე დავით თარხან-მოურავმა.

 

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების განცხადებით, პარტია სექტემბრიდან აქციებს განაახლებს.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილს გაქცევის საშუალება არ უნდა მივცეთ
შემდეგი სტატიაივანიშვილმა პუტინს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გარანტიები მისცა, თუმცა პირობა დაირღვა