უნდა წავიდეს თუ არა იორდანიის კრებაზე საქართველოს ეკლესიის დელეგაცია?!

მიმდინარე წლის თებერვალში იერუსალიმის პატრიარქის მიერ უკრაინის საეკლესიო საკითხზე მოწვეული საყოველთაო მართლმადიდებლური (ანუ პანორთოდოქსული) საეკლესიო კრება, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა მოსკოვის საპატრიარქოს დაკვეთა, ანტიკანონიკური და სამარცხვინო მოვლენა ეკლესიის ცხოვრებაში. ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს, რომ დიპტიხის რიგით უმცროსს ეპისკოპოსს უზემოესი პატივის ეპისკოპოსები (პატრიარქები) მიეწვია/დაებარებინა საეკლესიო კრებაზე. ამ კრებაზე არ მივა არც მსოფლიო პატრიარქი, არც ალექსანდრიის პატრიარქი, იგივე პოზიციები უკვე გაასაჯაროვა კვიპროსის და საბერძნეთის უნეტარესმა მთავარეპსკოპოსებმა, სხვა არაერთი ავტოკეფალური ეკლესიაც იგივეს განაცხადებს მალე. და რა გამოდის იორდანიის კრება, თუ არა სქიზმატთა და ეკლესიის გამყოფთა კრება?! ამ კრებაზე წასვლას აპირებს ანტიოქიის პატრიარქი იოანე მეათე, და საინტერესოა ანტიოქიის პატრიარქი როგორ მიდის იმ კრებაზე, რომელიც რანგით მასზე უმცროსი პატრიარქი იწვევს?! ან ვინ იქნება კრების თავმჯდომარე?! მომწვევი იერუსალიმელი, თუ სტუმარი იოანე ანტიოქიელი, რომელიც რანგით უპირატესია, მაგრამ არ იწვევს კრებას?! “იორდანიის კრება” სხვა არაფერია თუ არა საეკლესიო გადატრიალების მცდელობა და კანონიკური ანარქიის შემომტანი მართლმადიდებლობაში. საქართველოს ეკლესიამ არ უნდა გააგზავნოს დელეგაცია მოსკოვის მიერ მოწყობილ ამ ავანტიურაში. შეუძლებელია საქართველოს ეკლესია, მოსკოვის საპატრიარქოს მიერ არაერთგზის დამცირებული, პატივაყრილი და დაზარალებული იქცეს მოსკოვის იმპერიალისტური საპატრიარქოს თამაშის მონაწილედ, ეს არცერთმა ქართველმა არ უნდა დაუშვას, თორემ აქ ისტორია, და ზემოთ ღმერთი უმკაცრეს მსჯავრს გამოიტანს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ეკლესია, ისტორიულად კარგად გამოცდილი და გაქნილი სხვა ეკლესიების იურისდიქციებში შეჭრაში, სხვისი საეპისკოპოსოების და სამიტროპოლიტოების დაპყრობა-მითვისებაში, ახლა მუქარებს უთვლის ალექსანდრიის საპატრიარქოს (და ამ სახით ყველა სხვა ეკლესიებს), რომ შეიჭრება მათ იურისდიქციებში და ეპარქიებს დააფუძნებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მათი ეს ავაზაკური ქმედება არ გვიკვირს, ეკლესია რომელმაც თვალის დაუხამხამებლად დაიპყრო და შეჭამა საქართველოს უძველესი ავტოკეფალური ეკლესია 1811/1814 წლებში, ეკლესია რომელმაც სხვადასხვა დროს ასევე დაიპყრო კიევის სამიტროპოლიტო განფენილი დღევანდელი უკრაინის და ბელორუსის რესპუბლიკების ვრცელ ტერიტორიებზე, მოლდოვის ეპარქიები, ჩეხეთის ეპარქია, პოლონეთის ავტოკეფალური ეკლესია, კათედრებიდან დევნიდა მისთვის არასასურველ მღვდელმთავრებს, რუსული იმპერიის უსინდისო მსახური იყო ყოველთვის, არც ახლა გაუჭირდება იგივე, რადგან მათში სინდისი და წესიერება გამქრალია.

მე მინდა მკითხველს შევახსენო ერთი ისტორიული ფაქტი, რომელიც ნათლად ასახავს რუს იერარქთა მიზნებსა და ოცნებებს. 1905 წელს საქართველოს სამღვდელოების შეუვალი მოთხოვნის გამო, რომ აღდგენილიყო საქართველოს ეკლესიის რუსეთის მიერ უკანონოდ გაუქმებული ავტოკეფალია და რუსეთის სინოდის დიქტატი შეწყვეტილიყო, რუსეთის სინოდის სხდომებზე იხილებოდა ეს საკითხი და საქართველოს სამღვდელოებას წარმოადგენდნენ ეპისკოპოსი კირიონ საძაგლიშვილი და ეპ. ლეონიდე ოქროპირიძე (შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები). იმავე დღეებში პეტერბურგიდან საქართველოში თავის მეგობარ დეკანოზ იოსებ ჩიჯავაძისადმი გამოგზავნილ წერილში ეპისკოპოსი კირიონი აღწერს ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდს: გაცხარებულ კამათში ეპ. ლეონიდემ რუს იერარქებს მიმართა შეკითხვით – რადგან საქართველო რუსეთის იმპერიამ შეიერთა და ჩვენი ავტოკეფალია მოსპეთ, რუსის ჯარმა რომ გაიმარჯვოს და აიღოს კონსტანტინოპოლი და აღმოსავლეთის სხვა საპატრიარქოების ტერიტორიები, თქვენ ამ საპატრიარქოებსაც გააუქმებთ და შეიერთებთო?! მყისიერად, კიევისა და გალიციის რუსმა მიტროპოლიტმა ფლავიანე გოროდეცკიმ, რუსეთის სინოდის ყოფილმა საქართველოს ეგზარქოსმა, სიხარულით აღტაცებულმა შესძახა: მაშა, მაშა!!! აბა რას ვიზამთ?! გავაუქმებთ და შევიერთებთ აღმოსავლეთის საპატრიარქოებსაც!

აი, ეს მეტყველი ფაქტი კარგად ასახავს რუსულ საეკლესიო იმპერიულ სულს, ესაა მათი დაუწერელი დოქტრინა, რომელიც დღემდე ანგრევს მართლმადიდებლობის ერთობას და სიწმინდეს და რისი გააზრებაც მართებს ყველა ეკლესიას და ყოველ მართლმადიდებელს ამ მშფოთვარე წუთისოფელში.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე
2.01.2020

banner
წინა სტატიაშირუსულმა არხებმა YouTube-ზე პუტინის ვიდეოს კომენტარები და DISLIKE-ის მაჩვენებელი გამოურთეს
შემდეგი სტატიაზვიად შალამბერიძე – ერთად, ერთმანეთით შევძლებთ იმას, რაც აქამდე არ გამოგვივიდა