უმწეო ადამიანები კვლავ სრულებით დაუცველნი არიან – “თავისუფალი დემოკრატების” განცხადება დემურ სტურუას დედის ცემის ფაქტზე

9185tavisufali_demokratebi_logoდემურ სტურუას დედის ცემის ფაქტთან დაკავშირებით იდევ ერთი პოლიტიკური შეფასება გაკეთდა. რესპუბლიკური პარტიის შემდეგ განცხადება ირაკლი ალასანიამ სოციალურ ქსელ Facebook-ში გაავრცელა.

“ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები თავს მოვალედ ვთვლით, მორიგი განცხადება გავაკეთოთ დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმის თაობაზე. პოლიციელი, რომელიც ახალგაზრდა კაცის, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაშია ეჭვმიტანილი, როგორც ჩანს, მოქმედებდა თავისი კოლეგების მხარდაჭერისა და მფარველობის იმედით. იგი დღემდე წარმატებით ემალება მართლმსაჯულებას. სავარაუდო დანაშაულის ჩადენამდე ამ პოლიციელსა და მის მფარველებს ეგონათ, რომ მათი უკანონო ქმედება საზოგადოებას შეუმჩნეველი დარჩებოდა, მაგრამ დემურ სტურუას თვითმკვლელობამ მთელი ჩვენი საზოგადოება შეძრა. კიდევ ერთხელ გამომზეურდა სამართალდამცავ სისტემაში ფესვგადგმული სისასტიკე, კანონის აბუჩად აგდება და ადამიანის უფლებების ცინიკური ხელყოფა. დღეს კი ირკვევა, რომ დამნაშავემ და მისმა მფარველებმა ახალგაზრდა კაცის თვითმკვლელობამდე მიყვანა არ იკმარეს და გარდაცვლილის დედას ჯერ კიდევ შვილის დასაფლავებამდე შეუთვალეს, გაჩერებულიყო. დედის მიერ ამ უკანასკნელი ფაქტის პროკურატურისთვის შეტყობინების გამო პოლიციის შუამავლის როლის შემსრულებელი და დემურ სტურუას მეზობელი მთვრალი მიუვარდა მგლოვიარე დასა და დედას და დაუცველ ქალებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც ვხედავთ დანაშაულის ჩადენა უკვე საზოგადოების თვალწინ გრძელდება უტიფრად. საზოგადოებრივი ყურადღების მიუხედავად დამნაშავე დაუსჯელი რჩება, ხოლო უმწეო ადამიანები კვლავ სრულებით დაუცველნი არიან.თავისუფალი დემოკრატები მოვუწოდებთ პრემიერმინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს, ყველა ღონე იხმარონ, რათა სამართალდამცავ სისტემაში აღმოფხვრან სისტემური დანაშაულის ნიშნები,დაიცვან სტურუების ოჯახი და ქმედითი ნაბიჯები გადადგან არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად- ნათქვამია თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში პატიმარმა თავი მოიკლა
შემდეგი სტატია20 არასამთავრობო ორგანიზაცია კოალიციას ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის აფუძნებს