უმძიმესი სოციალური- ეკონომიკური პირობების გამო, 800 ათასზე მეტ ჩვენს მოქალაქეს მოუწია ემიგრაციაში წასვლა – ხაჯიშვილი

„უმძიმესი სოციალური- ეკონომიკური პირობების გამო, 800 ათასზე მეტ ჩვენს მოქალაქეს მოუწია ემიგრაციაში წასვლა და რომ არა ჩვენი ემიგრანტები, გაცილებით უარესი მდგომარეობა გვექნებოდა ქვეყანაში, ივანიშვილის პარტიას კი არ სურს ამ ადამიანებმა არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, რომლებიც რეალურად ზრდიან ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს.“-განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა დავით ხაჯიშვილმა

დავით ხაჯიშვილის განცხადებით – „მოგესალმებით ,პირველ რიგში მეც ვუერთდები მილოცვას და იმ სიხარულს, რომელიც ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა მოგვანიჭა. ყველას მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც ერთი აგური მაინც დადო ამ გამარჯვებაში და სიხარულში.
აქ იყო საუბარი, რომ თითქოს ეკონომიკა კარგ მდგომარეობაშია, ყველაფერი კარგად გვაქვს და მე მინდა ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს ვკითხო, თქვენ სად ცხოვრობთ? შეგახსენებთ, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს 300-800 ლარი აქვს შემოსავალი და ამ შემოსავლით უწევთ ცხოვრება. შეგახსენებთ, რომ სუპერმარკეტში ერთი წასვლა 300 ლარი ჯდება 4-5 დღის საკვები რომ იყიდოს ადამიანმა. ჩვენი თანამოქალაქეების დიდი ნაწილი როდესაც ხელფასს იღებს, წინა თვის ვალს იხდიან და შემდეგ ისევ ახალ ვალებს იღებენ იმისთვის, რომ უბრალოდ ცხოვრება შეძლონ. შესაძლოა, ივანიშვილის პარტიას ჰქონდეს პარალელური სამყარო შექმნილი, მაგრამ რეალობა არის სხვა – ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს ძალიან უჭირს და 800 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე იძულებით წავიდა ემიგრაციაში მხოლოდ იმისთვის, რომ თავი ირჩინოს და არჩინოს საკუთარი ოჯახი. ჩვენ დღეს მილიონზე მეტი ემიგრანტი გვყავს, რომლებიც რეალურად ჩვენს ქვეყანას არჩენენ და რომ არა მათი კონტრიბუცია ჩვენს ეკონომიკაში, რომ არა ის გზავნილები ,რასაც ისინი აგზავნიან დიასპორიდან, ჩვენ გაცილებით უფრო სავალალო შედეგი გვექნებოდა, ვიდრე დღეს არის. ამის ფონზე კი თქვენ თავს იწონებთ ეკონომიკის ზრდით. მეგობრებო, ეს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ ივანიშვილის პარტიაზე აისახება, ხოლო ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობაზე არა. 4 მილიარდზე მეტი დოლარია გამოგზავნილი 2023 წელს დიასპორიდან,ეს არის ჩვენი ბიუჯეტის 30 პროცენტი, ივანიშვილის პარტიას კი არ სურს ამ ხალხმა არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

აქ ორი კვირის წინ მოსული იყო საგარეო საქმეთა მინისტრი ინტერპელაციაზე და ერთი კითხვა იყო მის მიმართ ,მისი უწყების მიმართ ,თუ რას აკეთებს იმისთვის ,რომ ჩვენმა უფრო მეტმა თანამოქალაქემ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და ჩვენ მივიღეთ პასუხი ტყუილები, რომ თითქოს კონვენცია გვიკრძალავს ახალი უბნების გახსნას – ეს არის ტყუილი! ვენის კონვენცია ,რომელიც მე ახლა ხელში მიჭირავს, არეგულირებს დიპლომატიურ ურთიერთობებს და არა ახალი უბნების გახსნას საზღვარგარეთ. არანაირი – არც შიდა რომელიმე კანონი, არც კონსტიტუცია ,არც საერთაშორისო შეთანხმება არ გვიკრძალავს იმას ,რომ გავხსნათ უფრო მეტი უბნები საზღვარგარეთ. მე ვურჩევდი საგარეო საქმეთა მინისტრს რომ ამ ტყუილებს შეეშვან . ჩვენ შეგვიძლია გავხსნათ ახალი საარჩევნო უბნები.
ჩვენი კეთილი ნება კი არ არის, ჩვენ ვალდებულება გვაქვს ეს გავაკეთოთ და ამის შემდეგ ჩვენ უნდა გავამარტივოთ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა.“ – განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში პირველად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნა
შემდეგი სტატიაერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა აუტიზმის ცენტრი გახსნეს