უკრაინის EU-ში სრულად გაწევრიანება აქტუალური საკითხი ვერ იქნება – ნეჰამერი

ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირთან თანამშრომლობასა და სრულუფლებიან წევრობას შორის შუალედური პოზიციისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მაშინ, როდესაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს, ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების საკითხი აქტუალური ვერ იქნება.

ნეჰამერის თქმით, ე.წ “მოსამზადებელი სივრცე” ევროპის ეკონომიკური ზონისა (EEA) და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (EFTA) მსგავსად, ქვეყნებს საშუალებას მისცემს, ევროკავშირის სტანდარტებს მიაღწიონ.

“ჩვენ ერთი მიზანი გვაერთიანებს – ყველას გვსურს ძლიერი, დამოუკიდებელი და ეკონომიკურად წარმატებული უკრაინა.

ამჟამად, უკრაინა თავისი პოლიტიკური და ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძვის. ჩვენი ძალისხმევა, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის აგრესიული ომის დასრულებისკენაა მიმართული. ასეთ ფაზაში, ალიანსში დაჩქარებული წესით, სრულად გაწევრიანება მაინც ვერ იქნება აქტუალური საკითხი”. – თქვა ნეჰამერმა.

ნეჰამერმა თქვა, რომ მნიშვნელოვანია, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მსჯელობები ემოციური კომპონენტისგან დაცლილი იყოს და დასძინა, რომ უკრაინის ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანება “არარეალურია”.

“ჩვენ უნდა შევქმნათ ევროპული მოსამზადებელი სივრცე, რომელიც შესაძლებელს გახდის ალიანსთან თანამშრომლობის ეტაპობრივად გაძლიერებასა და ევროპულ სტანდარტებთან ადაპტირებას”. – ამბობს ნეჰამერი.

ნეჰამერმა ასევე აღნიშნა, რომ იგი მხარს უჭერს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის იდეას, შეიქმნას ახალი ტიპის ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის ალიანსი იმ ქვეყნებში, რომლებიც ბლოკში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან.

ამის საპასუხოდ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თქვა, რომ უკრაინა კომპრომისებსა და წევრობის ალტერნატივებს არ დათანხმდება და რომ კიევს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა სურს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატები ევროკავშირის ლიდერებს – საქართველო მენტალურად და ემოციურად დასავლეთის ნაწილია
შემდეგი სტატიაჯერჯერობით, ჩვენი იმედები არ მართლდება – ჩვენ არ შევიცვლით პოზიციას ნატოს გაფართოების შესახებ – ერდოღანი