საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატები ევროკავშირის ლიდერებს – საქართველო მენტალურად და ემოციურად დასავლეთის ნაწილია

საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატები ევროკავშირის ლიდერებს – ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს და უმაღლეს წარმომადგელენს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ჟოზეფ ბორელს წერილით მიმართავენ.

წერილში დეპუტატები აცხადებენ,რომ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ქართველო ერი მენტალურად და ემოციურად დასავლეთის ნაწილია.

„ქალბატონებო და ბატონებო, წინამდებარე მიმართვის ავტორები გახლავართ საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატები, რომლებმაც 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოვაცხადეთ და საქართველოს მომავლად დასავლეთთან ინტეგრაცია ვაღიარეთ.

ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ გადამწყვეტ მომენტში მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ შემდეგი:

საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ათასწლეულთა მანძილზე საქართველოს უწყვეტი მისწრაფებაა დასავლეთის სამყაროს ორგანულ წევრად ფუნქციონირება, იმის გათვალისწინებით, რომ დასავლეთ სამყაროს სულისკვეთების მატარებელნი ვართ და შესაბამისად მთელი ჩვენი დღევანდელი ისტორიის მანძილზე ჩვენი ერი მენტალურად და ემოციურად დასავლეთის ნაწილია. ღირებულებათა დასავლური სისტემა საქართველოში უალტერნატიოა, ყოველთვის იყო და არის შემდეგ პარამეტრებში:

ქართული ფეოდალიზმი ფსიქოლოგიურად და ორგანიზაციულად არის დასავლური ტიპისა, დამყარებულია კანონზე და არა დესპოტიის ტიპისა.

შესაბამისად დასავლური ტიპის საზოგადოებასთან ეძებს კავშირს.

ჩრდილო კავკასიის მოსახლეობა, რომელიც შემადგენლობით ძირთადად კავკასიურ მოდგმას ეკუთვნის, საქართველოში უწყვეტი და შეუვალი ტრადიციით განიხილება, როგორც საქართველოს ბუნებითი მოკავშირე. კავკასიის მოსახლეობა თითქმის უგამონაკლისოდ შედგება 4 ეთნიკური ჯგუფისგან: ა) ქართველური ტომები, ბ) ვაინახური ეთნოსისგან, გ) აფხაზურ-ადიღური ტომებისგან, დ) დაღესტნური ეთნოსი.

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არის ის შანსი, რომელიც ქართველ ხალხს მისცემს საშუალებას პოლიტიკური რეფორმის განხორციელებისა და სამართლიანი საარჩევნო სისტემის დახვეწა-სრულყოფისათვის, დასავლური ტიპის მართლმსაჯულების განვითარებისთვის, მედიის ხელშეუხებლობისთვის, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს თავისუფლება, სამართლიანობა, დემოკრატია და კეთილდღეობა“,- ნათქვამია წერილში.

banner
წინა სტატიაშიე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში სამ უცხოელ მებრძოლს სიკვდილით დასჯა ემუქრება – უკრაინული მედია
შემდეგი სტატიაუკრაინის EU-ში სრულად გაწევრიანება აქტუალური საკითხი ვერ იქნება – ნეჰამერი