უკრაინა და რუსეთი დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან

უკრაინაზე დრონებით მორიგი შეტევის შედეგად ენერგეტიკის და ლოგისტიკის ობიექტები დაზიანდა ოდესის და ნიკოლაევის ოლქებში. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება.

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დროებით ოკუპირებული ყირიმიდან უკრაინის რამდენიმე ოლქზე იერიში მიიტანეს 24 უპილოტო საფრენი აპარატით. საჰაერო ძალების თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოდესის, ნიკოლაევის, კიროვოგრადის, ხმელნიცკის და ჟიტომირის ოლქებში ჩამოაგდეს 17 დრონი.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის შედეგად ოდესის რაიონში დაზიანებულია სატრანსპორტო-ლოგისტიკური ობიექტი. ნიკოლაევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დრონებით შეტევის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. ენერგომომარაგების გარეშეა 14 დასახლებული პუნქტი.

უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის შესახებ იუწყებიან რუსეთის კურსკის ოლქიდანაც. გუბერნატორ რომან სტაროვოიტის თანახმად, უკრაინული დრონით დარტყმამ აფეთქება გამოიწვია სპირტის ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე. გუბერნატორის ცნობით, მსხვერპლი არ არის.

მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობები დამოუკიდებელი წყაროებით გადაუმოწმებელია.

banner
წინა სტატიაშიზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დრონების შეტევით გამოწვეული სერიოზული ინციდენტი იყო
შემდეგი სტატიალაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი