უდუმაშვილი – მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად კომენტარს ვერ გავაკეთებ

region
ავტ.: region ნოემბერი 17, 2020 16:05

უდუმაშვილი – მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად კომენტარს ვერ გავაკეთებ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ თეა წულუკიანმა პრორუსები საკუთარ რიგებში მოიკითხოს. მან უპასუხა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომრის, თეა წულუკიანის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა: „ოპოზიციის დღევანდელი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ მართული ზოგიერთი ძალა რჩებიან მთავარ ანტიდასავლურ ძალად საქართველოში“.

„ჩემთვის მიუღებელია ნებისმიერი განცხადება, რომელსაც ხელისუფლება აკეთებს და რომელიც პრორუსობაში ბრალს სდებს სხვა ოპოზიციურ პარტიებს. ამაზე ის ხელისუფლება გველაპარაკება, რომელმაც თბილისში გავრილოვი ჩამოიყვანა და პარლამენტის თავმჯდომარე სავარძელში დასვა, რასაც „გავრილოვის ღამე“ მოჰყვა. ეს ის ხელისუფლებაა, რომელმაც რუსეთის ბრძანებით ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი – ანაკლიის პროექტი შეაჩერა და ამ ქვეყანას რუსი ოლიგარქი მართავს.

თეა წულუკიანმა პრორუსობაზე რაც უნდა ისაუბროს, საკუთარ რიგებში მოიკითხოს პრორუსები. მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად კომენტარს ვერ გავაკეთებ, მით უმეტეს, სიმართლე გითხრათ, მისი განცხადება ჯერ არ წამიკითხავს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ზაალ უდუმაშვილმა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, თეა წულუკიანმა დღეს განცხადება გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამზე. სააკაშვილმა ჰოლანდიელ დეპუტატს, რომელიც საქართველოში არჩევნებზე ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობდა, რუსეთის აგენტი უწოდა.

region
ავტ.: region ნოემბერი 17, 2020 16:05