უდუმაშვილი – კიდევ ერთხელ დავარწმუნებთ მოსახლეობას, რომ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი

საგანგებო რეჟიმზე გადასვლა ითვალისწინებს ჩვენს ჩასვლას ყველა ქალაქსა და სოფელში, შევალთ ყველა ოჯახში და კიდევ ერთხელ დავარწმუნებთ მოსახლეობას, რომ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი, ვინაიდან ჩვენს უკან არის სიმართლე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა საქართველოს პარლამენტთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, დღეიდან ოპოზიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.

„ხელისუფლებამ ზურგი შეაქცია ევროპას და უარი თქვა, რომ დასრულებულიყო ქვეყანაში საშიშ ზღვრამდე მისული პოლარიზაცია და უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი. ამ ნაბიჯით „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა შანსზე, რომ ქვეყანას არ ჰყოლოდა ხელისუფლება, რომელიც არჩევნების მიტაცების გზით მოვიდა ხელისუფლებაში, არამედ ჰყოლოდა ხელისუფლება, რომელიც იქნებოდა ლეგიტიმური, იმოქმედებდა საკუთარი კომპეტენციისა და სინდისის ფარგლებში, იმოქმედებდა ქვეყნისა და საქართველოს მოსახლეობის ინტერესების ფარგლებში. ამ ნაბიჯით „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა პოლიტიკურ დევნაზე, ამ ნაბიჯით გააკეთა ფუნდამენტური გეოპოლიტიკური არჩევანი, რომელიც პირდაპირ მიჰყვება რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, სერგეი ნარიშკინის ხაზს და ზურგი შეაქცია ევროპის მიერ გამოწვდილ დახმარების ხელს.

ჩვენ, მთლიანად ოპოზიციური სპექტრი, პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც „ქართული ოცნების“ მიერ დათვლილი შედეგების მიხედვითაც კი, საქართველოს უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, ვაცხადებთ, რომ ჩვენს უკან საქართველოა, ჩვენს უკან არის საქართველოს ევროპული მომავალი, რომლისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი თანამოქალაქეები საუკუნეების განმავლობაში. ჩვენს უკან არის სახელმწიფოს იდეა, რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობაზე, თანასწორობაზე და რომლის მიხედვითაც წარსულს უნდა ჩავაბაროთ ჩვენ პოლიტიკური დევნა და ხელისუფლების მიტაცება არჩევნების გზით.

დღეიდან, ამ წუთიდან, ოპოზიცია გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ჩვენ ჩავალთ ყველა ქალაქში, სოფელში, შევალთ ყველა ოჯახში და კიდევ ერთხელ დავარწმუნებთ მოსახლეობას, რომ ამ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი, ვინაიდან ჩვენს უკან არის სიმართლე. ამ პერიოდის განმავლობაში გაიმართება არაერთი აქცია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. თუმცა, ბოლოს ჩვენ შევიკრიბებით აქ, რუსთაველის გამზირზე და ეს მოხდება 15 მაისს. ოპოზიცია გადადის პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე, ეს იქნება ხისტი, უწყვეტი პროტესტი, რომელიც საბოლოოდ მიგვიყვანს იმ გამარჯვებამდე, რომელიც ქვეყანას მოუტანს სასიკეთო ცვლილებებს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიბურჯანაძე – ღარიბაშვილი ივანიშვილის კი არა, მისი შვილის ლაქიაა
შემდეგი სტატიაბურჯანაძე – უნდა გამოვიდეთ 15 მაისს და ბიძინა ივანიშვილს უნდა ვუთხრათ – საქართველო არ არის შენი ბოსტანი!