უდო-ს კომისია ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე იმსჯელებს

პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხზე კიდევ ერთხელ იმსჯელებს. პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას მსჯავრდებულის საქმის განხილვის შუამდგომლობით თავად დაწესებულება მიმართავს.

“როგორც ყველა მსჯავრდებულის, ასევე ვანო მერაბიშვილის შემთხვევაშიც ანალოგიურად ხდება: მოიხდის თუ არა გარკვეულ ვადას მსჯავრდებული დანაშაულის კატეგორიის შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია, რომ ადგილობრივ საბჭოს წარუდგინოს შუამდგომლობები და ადგილობრივი საბჭო ვალდებულია ეს საკითხი განიხილოს. ვანო მერაბიშვილის საქმე რამდენჯერმე განიხილა საბჭომ და იმ ეტაპზე პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ მსჯავრდებულის გათავისუფლებაზე უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება კონკრეტულ მიზეზებს, თუ რატომ ეთქვა უარი გათავისუფლებაზე მერაბიშვილს, ამაზე დეტალური ინფორმაციის მიწოდების უფლება არ გვაქვს, თუმცა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი რეგულირდება პატიმრობის კოდქსის 42-ე მუხლით და იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, რომელიც ადგენს ადგილობრივი საბჭოსთვის შეფასების კრიტერიუმებს”, – განაცხადა თენგო შაქარაშვილმა.

მისივე თქმით, თავად მსჯავრდებულს ან მის ადვოკატსაც აქვს უფლება კომისიას მიაწოდოს ისეთი დოკუმენტაცია, რომელიც კომისიას გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.

“მერაბიშვილის შუამდგომლობის განხილვა ისევ მოხდება, მას შემდეგ რაც უარის თქმიდან გავა 6 თვე. დაწესებულება ვალდებულია შუამდგოლობა ხელახლა გადმოაგზავნოს ავტომატურად და მოწოდებული ინფორმაციის თაობაზე ადგილობრივი საბჭო იმსჯელებს. დაწესებულების გარდა, თავად მსჯავრდებულსაც და მის ადვოკატსაც შეუძლია წარმოადგინოს ნებისმიერი დოკუმენტი, რასაც თვითონ ჩათვლიან მიზანშეწონილად, რომ ეს დაეხმარება საბჭოს გადაწყვეტილების მიღებაში და ასეთი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაშიც აუცილებლად გაეცნობა საბჭო ამას”, – განაცხადა შაქარაშვილმა.

როგორც ცნობილია, ვანო მერაბიშვილს 2 თვეზე მეტია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. გუშინ შესაბამისმა უწყებამ მისი დიაგნოზიც გაასაჯაროვა.

წყარო “ინტერპრესნიუსი”

banner
წინა სტატიაში„ვხედავ დამაფიქრებელ სურათს, როდესაც კორუფციის ზრდაზე ბიზნესმენების მხრიდან ყოველ კვირას ახალი განცხადება არის“ – ანა დოლიძე
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძის განცხადებებს არაადეკვატურს უწოდებს და დებატებში იწვევს