უჩა აბაშიძეს ადვოკატთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ ეძლევა

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა გასული ღამის განმავლობაში 8 პირი მოინახულეს, მათ შორის, ბლოგერი უჩა აბაშიძე, რომელიც ძალოვანთა მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებდა. ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს ინფორმაციას.

სახალხო დამცველმა შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენა სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, უჩა აბაშიძეს ადვოკატთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ ეძლევა.

“ამასთან, დაკავებულმა, სახალხო დამცველის რწმუნებულთან გასაუბრებისას აღნიშნა, რომ მისი სახლის ჩხრეკის პერიოდში იგი სისტემატურად ითხოვდა ადვოკატების შეშვებას, თუმცა უშედეგოდ.

სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ დაკავებულს დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს ადვოკატთან შეხვედრის შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად მოხდეს მისი დაცვის უფლების რეალიზება. სახალხო დამცველი შეისწავლის ადვოკატის საქმიანობისთვის ხელშეშლის ფაქტის ეპიზოდსაც.

არასათანადო მოპყრობაზე საუბრობდა ასევე დაკავებულთა ნაწილიც, რომელთა შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ ჩააყენა საქმის კურსში სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

სახალხო დამცველის აპარატი კვლავ აგრძელებს დაკავებულთა მოძიებასა და მათთან გასაუბრებას, მათი ფიზიკური მდგომარეობისა და დაკავების პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

განხორციელებული ვიზიტებისა და შედეგების შესახებ პერიოდულად მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას.

უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი – 14 81 – მუშაობს 24 საათიან რეჟიმში,” – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა გააკეთა ზუსტი ანალიზი შესაბამისი თანმიმდევრობით – მათიკაშვილი
შემდეგი სტატიაშენს სისხლს დავლევ! მეც იარაღით დავდივარ – სამხარაძე ჯაფარიძეს