საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ზუსტი ანალიზი შესაბამისი თანმიმდევრობით, ქრონოლოგიურად, თუ როგორ ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში დეზინფორმაციისა და ტყუილის გავრცელების ჭრილში მცდელობა, მოეტყუებინათ საზოგადოება, მისი კონკრეტული ნაწილი და ზემოქმედება მოეხდინათ ძირითადად ახალგაზრდებზე, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, ამავდროულად, ახალგაზრდების კონკრეტული ნაწილი, რომელიც იღებდა რა ინფორმაციას, რომ მათი პროტესტი არ იყო სწორი, არ მიესადაგებოდა ქვეყნის ინტერესებს, აღმოაჩენდნენ, რომ სინამდვილეში ცრუ და დეზინფორმაცია იყო გავრცელებული.
„მაინც ამ იდეოლოგიის, რომელსაც რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ ფსევდოლიბერალური იდეოლოგია ჰქვია, მიმდევრებად რჩებოდნენ. კონკრეტული მაგალითებითა და ფაქტებითაა გაჯერებული. შეფასებული არის იმგვარად, რომ საზოგადოებამ ზუსტი ანალიზი გააკეთოს, რეალურად რა დოზით ხდება ჩვენს საზოგადოებაზე, კონკრეტულად ახალგაზრდების ნაწილზე, ზემოქმედება მათი დეზინფორმირებისა და მოტყუების მიზნით.
აქვეა მოწოდება, რომელსაც ვუერთდებით. განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი პროტესტი გულწრფელია, ჩახედონ და ანალიზი გაუკეთონ იმ მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიას, რომელიც ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში განვითარდა – როგორ ხდებოდა კონკრეტული პარტიული ტელევიზიებისა და კოლექტიური ნაცმოძრაობის, მისი სატელიტი პარტიებისგან დეზინფორმაციის გავრცელება კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით და შემდგომ როგორ აღმოჩნდებოდა, რომ ეს ფაქტები არის სრულიად დეზინფორმირებული“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
ამასთან, მისივე განცხადებით, საზოგადოების ნაწილი, რომელიც ამ დეზინფორმაციის შედეგად ტყუვდებოდა და აპროტესტებდა გარკვეულ ნორმებს, შემდეგ ამაზე ბოდიშს აღარ იხდიდა.
„ეს ნიშნავს, რომ ალბათ ყველა ჩვენგანმა ანალიზი უნდა გავუკეთოთ მოვლენებს, არ უნდა ავყვეთ კონკრეტულ აქტორებს, ქვეყნის შიგნით იქნება, თუ ქვეყნის გარეთ და ჩვენი თვალით უნდა წავიკითხოთ, თუ გვინდა, რომ ეს კანონი შევაფასოთ. კიდევ ერთხელ დავუკავშიროთ ერთმანეთს მოვლენები, დაწყებიდან – დასრულებამდე, როგორ გრძელდება ეს მოვლენები და ისე შევაფასოთ, გამოვხატოთ პროტესტი. თუკი აღმოჩნდება, რომ ეს პროტესტი ფუჭია და სინამდვილეში არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის წინსვლას, არ მოგვერიდოს ამაზე ან ბოდიშის მოხდა, ან საწინააღმდეგოს დაპოსტვა.
ყველა ქმედება, იქნება ეს გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, თუ სხვა მოქმედებასთან – სანქციების დაწესება, ომში ჩართვა, მებრძოლების უკრაინაში გაგზავნა და ა.შ ყველა ქმედება გააანალიზონ და დარწმუნებული ვარ, ანალიზის შედეგად, თუკი ისინი ობიექტურები იქნებიან და სუბიექტურად არ გაიზიარებენ „ნაცმოძრაობის“ და მათი რუპორი ტელევიზიების ინფორმაციას, აუცილებლად მივლენ დასკვნამდე, რომ, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდნენ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში დღეს ღია წერილი გამოაქვეყნა.