,,უცებ დამეტაკნენ, ერთმა უკნიდან პირზე ხელი ამაფარა, სახეში მომკიდა ხელი, მერე ხელები გამიკავეს და ხელბორკილები დამადეს” – დეკანოზის ჩვენება

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჩვენების მცირე ფრაგმენტს გაზეთი ”კვირის პალიტრა” აქვეყნებს. ჩვენების თანახმად, დეკანოზი დეტალურად ყვება თუ როგორ მოხდა მისი დაკავება. როგორც ე.წ. ”ციანიდის საქმეზე” ბრალდებული აღნიშნავს, პირები, რომლებმაც ის დააკავეს, პოლიციის ფორმაში არ იყვნენ ჩაცმულები.

“დილის 6 საათზე მოხდა ჩემი აყვანა. იმ დილით აეროპორტში ჩემმა მძღოლმა მიმიყვანა. ჩავაბარე ბარგი. ჩანთა და ორი ყუთით საპატრიარქოს ღვინოები მიმქონდა გერმანელი ექიმებისთვის საჩუქრად. გავიარე რეგისტრაცია და შემდეგ ფოიეში ვიჯექი, ველოდებოდი, როდის დაიწყებოდა თვითმფრინავში ჩასხდომა, გამოაცხადეს ჩასხდომა, გავედი გარეთ და ჩავჯექი ავტობუსში, რომელსაც თვითმფრინავამდე უნდა მივეყვანე. ავტობუსში რამდენიმე ადამიანი იჯდა, ჩემთვის უცხო პირები იყვნენ, ბუნებრივია, მე ისინი მგზავრები მეგონა, დავჯექი სკამზე და უცებ დამეტაკნენ, ერთმა უკნიდან პირზე ხელი ამაფარა, სახეში მომკიდა ხელი, მერე ხელები გამიკავეს და ხელბორკილები დამადეს. უცებ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, გაგიჟებული ვეკითხებოდი, რა ხდება-მეთქი. არც ერთს პოლიციელის ფორმა არ ეცვა. ასე ხელბორკილდადებული გამიყვანეს აეროპორტიდან და ჩამსვეს მანქანაში”, – აღნიშნულია დეკანოზის ჩვენების მცირე ფრაგმენტში.

ჩვენების თანახმად, მას თავდაპირველად მანქანაში მყოფმა უცხო პირმა უთხრა, რომ ის დააკავეს იმის გამო, რომ პატრიარქის მოწამვლა სურდა, შემდეგ კი იგივე მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემაც გაუმეორა.

”ვკითხულობდი მიზეზს. საჭესთან ვინც იჯდა, იმან მითხრა, იცი, რისთვის ხარ დაკავებულიო? რისთვის, ამიხსენი-მეთქი, პირდაპირ მომახალა, შენ პატრიარქი უნდა მოგეწამლაო და მაშინ მითხრეს, რომ დაკავებული ვიყავი პატრიარქის მოწამვლის მცდელობისთვის. გაოგნებული ვიყავი. მიმიყვანეს პროკურატურის შენობაში, სანამ ეზოში ჩვენი მანქანა შევიდოდა, მანამდე ჯიპი შევიდა, მერე ჩვენც შევედით და მანქანა გაჩერდა. იმ ჯიპიდან გადმოვიდა საშუალო სიმაღლის მამაკაცი, მეც გადმომიყვანეს მანქანიდან, ის მამაკაცი გამეცნო როგორც მამუკა ვასაძე, მთავარი პროკურორის მოადგილე. მკითხა, იცი, რისთვის ხარ დაჭერილიო? ვუთხარი, რომ გაურკვეველი იყო ჩემთვის, თუ რაზე მაკავებდნენ. მისგან მივიღე პასუხად იგივე – პატრიარქის მოწამვლას აპირებდი და ამიტომ ხარ დაკავებულიო. ამის მერე შემიყვანეს შენობაში და როცა შევიტყვე, რას მაბრალებდნენ, დუმილის უფლება გამოვიყენე. დაკავებიდან 6 საათი იქ ერთ ოთახში ვიყავი გამოკეტილი და ჩემთან ადვოკატი 6 საათის მერე გამოჩნდა. მომხდარით აღშფოთებული ვიყავი. იქ 6 საათი ყველაფერი შემიზღუდეს, მერე მოიტანეს ჩემი ჩანთა და მითხრეს, რომ ციანიდი აღმოჩნდა… მერე ბრალი რომ მომიტანეს, მაშინ გავიგე, რომ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში დამდეს ბრალი. ეს ტყუილია და თავს წაყენებულ ბრალდებებში დამნაშავედ არ ვცნობ”, – აღნიშნულია დეკანოზ გიორგი მამალაძის ჩვენებაში.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზ გიორგი მამალაძის ბინიდან ამოღებული იარაღი ირაკლი მამალაძეს ეკუთვნის
შემდეგი სტატიამთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ მითხრა “პატრიარქის მოწამვლას აპირებდი და ამიტომ ხარ დაკავებულიო” – დეკანოზი