უბლოკო სტატუსი, რუსული ბაზრის გახსნა და რუსეთთან უვიზო მიმოსვლა – ბურჯანაძის წინასაარჩევნო დაპირებები “არჩევანში”

“ვიმედოვნებ, რომ მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს 8 ოქტომბერს და შემოხაზავს ნომერ სამს,” – ასე მიმართა ამომრჩეველს დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, რომელმაც გადაცემა არჩევანში საკუთარი პარტიის საარჩევნო პროგრამა წარადგინა.
ბურჯანაძე აცხადებს, რომ მისი პარტია ერთადერთია, რომელიც „არასოდეს არავის გარიგებია, არასდროს მოუტყუებია მოსახლეობა, და შესწევს ძალა, უნარი, გამბედაობა და პროფესიონალიზმი, რომ დანაპირები შეასრულოს.“
საარჩევნო პროგრამის წარდგენა ნინო ბურჯანაძემ მისი ინიციატივით დაიწყო, რომელიც უბლოკო სტატუსს გულისხმობს.
„უბლოკო სტატუსი არის იმის გარანტია, რომ ქვეყანა გამთლიანდება და ქვეყანა ეკონომიკურ გარღვევას მოახდენს, ქვეყანაში იქნება მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ, ნებისმიერ სამხედრო გაწევრიანებაზე. ჩვენ არ უნდა ვიყოთ არც ერთი სამხედრო ალიანსის წევრი. უბლოკო სტატუსი საქართველოს მთლიანი ტერიტორიის ნებისმიერი სამხედრო ჯარის არსებობისგან გათავისუფლებას გულისხმობს და მათ შორის რა თქმა უნდა რუსეთის ჯარის,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, რომელიც ამომრჩეველს რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობებს, რუსული ბაზრის სრულყოფილად გახსნასა და რუსეთთან უვიზო მიმოსვლის აღდგენას პირდება.
ნინო ბურჯანაძემ ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებაზე ისაუბრა და ოჯახის შექმნისათვის სახელწმიფო კრედიტებით ბინების გადაცემის დაპირება მისცა მოსახლეობას. ასევე ბურჯანაძის ინიციატივით შემოღებული იქნება „დედის ხელფასი,“ რომლის თანახმადაც სამი წლის განმავლობაში დედები სახელმწიფოსგან ხელფასს მიიღებენ და მათ სტაჟში ჩაეთვლებათ შვილის გაზრდა.
დემოკრატიული მოძრაობა ეკონომიკურ რეფორმების გატარებასაც გეგმავს, რომელზეც გადაცემაში გიორგი ახვლედიანმა ისაუბრა. რეფორმის მთავარი დევიზი კი, მისი თქმით არის ის, რომ „გადავიხადოთ ცოტა, მაგრამ გადავიხადოთ ბევრმა.“
დემოკრატიული მოძრაობა სასამართლო სისტემის რეფორმირების პირობას დებს.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) კოკა კაციტაძე : გოდერძი თევზაძე მას შემდეგ მიემალა გამოძიებას, რაც დარწმუნდა, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით მიდიოდა
შემდეგი სტატიაკიევი ბალისტიკური რაკეტების წარმოებას იწყებს