(VIDEO) კოკა კაციტაძე : გოდერძი თევზაძე მას შემდეგ მიემალა გამოძიებას, რაც დარწმუნდა, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით მიდიოდა

პროკურორ კოკა კაციტაძის განმარტებით, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე მართლმსაჯულებას მას შემდეგ მიემალა, რაც დარწმუნდა, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით მიდიოდა.

ამის შესახებ კაციტაძემ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, გამოძიება ამ მიმართულებით ყველაფერს აკეთებს, რომლის ფარგლებშიც, მოწმის სახით, ათეულობით ადამიანია დაკითხული.

„გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ ეს ადამიანი იქნება დაკავებული და სასამართლოს წინაშე წარდგენილი. გვაქვს იმედი, რომ ამ შედეგს მივაღწევთ“, – აღნიშნა კოკა კაციტაძემ.

ამასთან, პროკურორი სახალხო დამცველის მიერ გამოთქმულ ვარაუდსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, შეუძლებელია, გოდერძი თევზაძეს სახელმწიფოს მხრიდან ვინმე მფარველობდეს.

„არ არსებობს ამის რაიმე საფუძველი, რომ ამ ადამიანს ვინმე მფარველობდეს. მსგავს შემთხვევაში, არ მოყვებოდა ის რეაგირება, რა რეაგირებაც მოყვა. ეს ადამიანი დღეს არის ძებნილი, ბრალდება წარედგინა და როგორ შეიძლება, ვინმე მფარველობდეს?!“, – აღნიშნა კოკა კაციტაძემ და განმარტა, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გოდერძი თევზაძეს ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კაციტაძის ინფორმაციით, ყოფილი პოლიციელი ორჯერ დაკითხეს, თუმცა ის გამოძიების შეცდომაში შეყვანას ცდილობდა.

„12 აგვისტოდან მოყოლებული იძიებს პროკურატურა ამ საქმეს და როგორც აღვნიშნე, ათეულობით საგამოძიებო მოქმედება არის ჩატარებული, მათ შორის, მოწმის სახით ორჯერ დაკითხულია ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე და იგი ცდილობდა, რომ გამოძიება შეცდომაში შეეყვანა. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით მიდიოდა და ის პასუხისგებაში უნდა მიცემულიყო, საგამოძიებო ორგანოს მიემალა“, – განაცხადა პროკურორმა.

მისივე განმარტებით, სასამართლო პროცესები ბრალდებულის დაუსწრებლად მიმდინარეობს და გოდერძი თევზაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაც დაუსწრებლად შეეფარდა.

 

https://youtu.be/IWc8ViiKlFE

banner
წინა სტატიაშისაქართველოში სომხეთის ელჩი ურანის საქმეზე ბრალდებულის განთავისუფელების შუამდგომლობით პროკურატურას მიმართავს
შემდეგი სტატიაუბლოკო სტატუსი, რუსული ბაზრის გახსნა და რუსეთთან უვიზო მიმოსვლა – ბურჯანაძის წინასაარჩევნო დაპირებები “არჩევანში”