“უახლოეს მომავალში, ევროკავშირს საქართველოსა და უკრაინის ვიზალიბერალიზაციისთვის არ ეცლება, რადგან თვითგადარჩენის პრობლემა დაუდგა”

უახლოეს მომავალში, ევროკავშირს საქართველოსა და უკრაინის ვიზალიბერალიზაციისთვის არ ეცლება, რადგან თვითგადარჩენის პრობლემა დაუდგა, – განაცხადა “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ გადაცემა 2030-ში.

“ვითარება ძალიან დრამატულია, რადგან ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების სურვილს სხვა ქვეყნებიც გამოთქვამენ. პრობლემა ძალიან ბევრი იქნება, რაც გავლენას ჩვენზეც იქონიებს. უახლოეს ხანებში საქართველო ვიზალიბერალიზაციას ვერ მიიღებს. 10 წლის შემდეგ კი, რა იქნება და ევროკავშირი საერთოდ იარსებებს თუ არა, არავინ იცის. დღეს ამის პროგნოზირება შეუძლებელია. ჩვენ ევროპასთან თანამშრომლობა და დაახლოება უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, სინამდვილეში რას ვაკეთებთ. ჩვენი მოქმედებები რეალურ პოლიტიკაზე უნდა ავაგოთ და არა სურვილებზე”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ბრიტანეთის შემთხვევა შესაძლოა, ჯაჭვური რეაქციის დასაწყისი აღმოჩნდეს, რასაც სხვა ქვეყნებში იგივე შედეგები მოჰყვება.

“ასეთ შემთხვევაში, ევროკავშირის კრახი აბსოლუტურად გარდაუვალია. უახლოეს მომავალში ევროპული არქიტექტურა მთლიანად გადაიხედება. ის, რაც ახლა ევროკავშირში ხდება, ევროპელი ლიდერების ბოლოდროინდელი მცდარი პოლიტიკის შედეგია. ხშირ შემთხვევაში, ევროკავშირმა საკუთარ ინტერესებზე მაღლა აშშ-ის ინტერესი დააყენა. როცა ევროპა იძულებული გახდა, მილიონობით მიგრანტი მიეღო, აშშ-მა განაცხადა, რომ სულ რამდენიმე ათასი სირიელის მიღება შეუძლია”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის გადარჩენა მხოლოდ იმ შემთხევაში გახდება შესაძლებელი, თუ ლიდერები საკუთარ ქვეყნებსა და კონტინენტზე იფიქრებენ, პირველ ადგილზე ევროპულ ინტერესებს დააყენებენ და არა ევროატლანტიკურს.

“ევროპელ ლიდერებს უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ მიგრანტთა კრიზისი მათთვის ძალიან სერიოზული გამოწვევა იქნებოდა. ევროპელები ნამდვილად დემოკრატები და სტუმართმოყვარეები არიან, მაგრამ სტუმრებისა და მიგრანტების მიღების რაღაც შესაძლებლობა და ლიმიტი არსებობს . მითუმეტეს, როცა მიგრანტების კულტურა ევროპულისგან რადიკალურად განსხვავდება და ხშირ შემთხვევაში, მიგრანტებს ევროპული ცხოვრების წესში ინტეგრაციის სურვილი არ აქვთ. ისინი პრაქტიკულად, ცალკე სახელმწიფოებს აყალიბებენ და ცალკე სახელმწიფოებად ცხოვრობენ. ბუნებრივია, ამან ევროპაში მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია”, – განაცხადა “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აუცილებლად შესუსტდება.

“ბრიტანეთის გასვლამ, ევროკავშირი და ევროკავშირში აშშ-ის პოზიციები დაასუსტა. შესაბამისად, რუსეთის როლი ძლიერდება და მის წინააღმდეგ სანქციები აუცილებლად შესუსტდება. სანქციების დაწესებით მხოლოდ რუსეთი არ დაზარალებულა. ამ სანქციებმა ევროკავშირიც ძალიან დააზარალა. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ სანქციებმა არათუ არ დააზარალა, გააძლიერა კიდეც, ამერიკის შეერთებული შტატებია”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიორწლიანი პატიმრობის შემდეგ საქართველოში გელა სახელაშვილი დაბრუნდა
შემდეგი სტატიადასანანია, რომ ბრიტანეთმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო