წულუკიანი – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა

„ჩვენ ამ გამარჯვებისთვის ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ვიბრძოლეთ. არსებითი განხილვა ამ საქმეზე დაიწყო 2013 წლიდან, მანამდე მიმდინარეობდა დასაშვებობის პროცედურები და 2018 წლამდე ჩვენ წარვადგინეთ ასეულობით ახალი მტკიცებულება. დავიწყებდი მადლობით, რადგნ ამ საქმეზე გამარჯვების უკან იდგა არაერთი საჯარო მოხელე იუსტიციის სამინისტროდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, თავდაცვის სამინისტროდან, შს სამინისტროდან და რასაკვირველია, საგარეო საქმეთა სამინისტროდან. ეს ის ადამიანები არიან, ვინც ჩვენ მომავალ თაობებს ეს დოკუმენტი მოუპოვა“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, „ამ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა საქართველოს სამოქალაქო პირების და სამხედრო ტყვეების მიმართ არადამიანური მოპყრობა და წამება ჩაიდინა“.

„იქ ნათქვამია, რომ რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა, გადაწვა და გაძარცვა ქართველების საკუთრება და სახლები. ასევე ნათქვამია, რომ ცხინვალის იზოლატორში ასეულობით ქართველი სამოქალაქო პირი დაექვემდებარა არადამინურ მოპყრობას და დადგინდა ევროპული კონვენციის დარღვევის ფაქტი. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ითქვა, ეს დარღვევები ეხება არა მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს შემდგომ პერიოდს, არამედ ზოგ შემთხვევში 8 აგვისტოდან დაწყებულ პერიოდს და ზოგჯერ 10 აგვისტოდან პერიოდს, ეს ის დროა, როცა ჩვენი სამხედროები დაკავებულნი იქნენ და დადგინდა უკანონო დაკავების ფაქტები.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილებით ნათქვამია, რომ ეთნიკური წმენდის შემდეგ დევნილად დარჩენილი ადამინების დაბრუნების ხელშეშლის ახორციელებს სწორედ რუსეთი და არა რომელიმე თვითაღიარებული და არაღიარებული წარმონაქმნი. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე აგვისტოს ომის საქმედ არის ცნობილი, ეს გადაწყვეტილება ეხება აფხაზეთსაც და იქაც ადგენს რუსეთის პასუხისმგებლობას. ამ ფაქტებსა და ეფექტურ კონტროლზე პასუხს აგებს რუსეთის ფედერაცია“, – განაცხადა წულუკიანმა.