,,წუხილს გამოვთქვამ, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს რეფორმა შეეხო”

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი წუხილს გამოთქვამს, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს რეფორმა შეეხო.

თავისი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ალექსი პეტრიაშვილმა, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ეროვნული კონსულტანტია საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის საკითხებში, საქართველოს მთავრობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივ კონფერენციაზე „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები“ დააფიქსირა.

პეტრიაშვილის თქმით, როცა მთელი დემოკრატიული სამყარო საუბრობს რუსეთის რბილი ძალის წინააღმდეგ ძალისხმევის გაერთიანებაზე, „ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, დამატებითი ხმა გამოვრთოთ საერთაშორისო ასპარეზზე“.

„მინდა გამოვთქვა ჩემი წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ რეფორმა შეეხო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს; წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ აპარატში არის ძალიან ბევრი, მაღალი ხარისხის, სერიოზული ინსტიტუციური მეხსიერების მატარებელი ადამიანი. ძალიან დიდი იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ამ ადამიანების უდიდესი ნაწილი ჩართული იქნება შემდგომ ინტეგრაციულ პროცესში. მათი ცოდნა არ არის მათი ინდივიდუალური საკუთრება, ამაზე სახელმწიფოსაც აქვს რესურსი დახარჯული, ინვესტირება განხორციელებული მათი კვალიფიკაციის და გამოცდილების მიღებაში. სამწუხაროა, რომ ამ ხნის განმავლობაში მესმოდა დამაკნინებელი შეფასებები სახელმწიფო მინისტრის აპარატისადმი. არ გვეყოფა არც ეს სესია და არც შემდგომი, ყველა ის ფუნქცია რომ ჩამოვთვალო, რომელსაც ეს აპარატი ახორციელდებდა. იმედი მაქვს, რომ კოორდინაცია როგორც სახელმწიფო უწყებებს შორის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან სრულფასოვნად იქნება გადატანილი საგარეო საქმეთა სამინისტროში. იყო მრჩეველთა საბჭოები ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით და იმედი მაქვს, რომ ეს ხიდი კიდევ უფრო გამყარდება. თუმცა, უნდა ვთქვა ისიც, რომ მაშინ, როდესაც მთელი დემოკრატიული სამყარო საუბრობს რბილი ძალის წინააღმდეგ ძალიხსმევის გაერთიანებაზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ აშშ-ის არჩევნებში, კატალონიაში, ბრექსიტში – ყველგან არის უკვე ძალიან მკაფიოდ გამოკვეთილი რუსეთის კვალი, ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ დამატებითი ხმა გამოვრთოთ საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ ეს სახელმწიფოს და ხელისუფლების გადასაწყვეტი იყო“, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – მე განვახორციელებ ჩემს საარჩევნო პროგრამას და არა რომელიღაც გაკოტრებული პოლიტიკური პარტიის
შემდეგი სტატიაგუდაურში ზამთრის სეზონი გაიხსნა