„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი“ – ცხინვალიდან მივიღეთ პირობა, რომ დღეს ვაჟა გაფრინდაშვილის მონახულების შესაძლებლობა მოგვეცემა

„წითელი ჯვრის“ დელეგატებმა ცხინვალის იზოლატორში მყოფი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი შესაძლოა, დღეს მოინახულონ. როგორც „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მაია ქარდავამ განაცხადა, დაკავებულის ოჯახმა მათ უკვე მიმართა ვაჟა გაფრინდაშვილის მონახულების თხოვნით.

ქარდავას ინფორმაციით, წითელი ჯვრის დელეგატები დაუკავშირდნენ ცხინვალის მხარეს და მოითხოვეს, მისცემოდათ ექიმის მონახულების შესაძლებლობა.

მაია ქარდავას განცხადებით, ისინი ცხინვალთან კავშირზე იყვნენ შაბათ-კვირის განმავლობაში და მიიღეს დაპირება, რომ უქმე დღეების დასრულებისთანავე მიეცემოდათ დაკავებულთან შესვლის შესაძლებლობა. შესაბამისად, ისინი ელოდებიან, რომ უკვე დღეს, დღის მეორე ნახევარში შეძლებენ ცხინვალის იზოლატორში შესვლას.

მაია ქარდავას განმარტებით, ეს იქნება „წითელი ჯვრის“ დელეგატებისა და ვაჟა გაფრინდაშვილის პირისპირ შეხვედრა, მესამე პირის გარეშე. ვიზიტის შესახებ ყველა ინფორმაციას კი ოჯახს მიაწვდიან.

მაია ქარდავას თქმით, მათი მხრიდან მხოლოდ ოჯახი იქნება ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა პირობებში იმყოფება დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილი.

banner
წინა სტატიაში“საელჩოების მთავარი მოწოდებაა, საზოგადოებამ დაიცვას წესრიგი”
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – ოპოზიცია „გერმანულ მოდელს“ ითხოვს, რადგან ის არის მთლიანად პროპორციული სისტემა